კვარაცხელია და კოლო მუანი - გამორჩეულად შედეგიანების დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგაზე

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალებამდე 2 კვირა დარჩა. ბოლო პერიოდში თუკი ქართველ ფეხბურთელს ჯგუფურ ეტაპზე ვნახავდით, უკვე კარგ მიღწევად მივიჩნევდით, პლეი-ოფში მონაწილეობა კი ფანტაზიის სფერო იყო. ახლა ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორის გამო ბევრი რამ და მათ შორის, ესეც შეიცვალა და უკვე ვფიქრობთ იმაზე, ფრანკფურტის "აინტრახტთან" დაპირისპირება ნეაპოლელებისთვის რამდენად რთული ბარიერი იქნება.

Sportall.Ge

გრანდებთან დუელის აცდენა გამართლებად კი ჩაითვალა, თუმცა გერმანული კლუბი რთული მოწინააღმდეგეა, რომელმაც წინა სეზონში გზიდან "ბარსელონა" ჩამოიცილა და ევროპა ლიგაზე გაიმარჯვა. ისინი ამჟამად ბუნდესლიგაში მე-5 ადგილს იკავებენ და მიუნხენის "ბაიერნის" შემდეგ ყველაზე
მეტი გოლი (40) აქვთ გატანილი. უკანასკნელი შეხვედრა, სადაც ფრანკფურტელებმა მეტოქის კარის ვერ დალაშქრეს, 2022 წლის 8 ოქტომბერს ("ბოხუმთან" 0:3) იყო.

ავსტრიელი გლასნერის გუნდმა ზამთრის სატრანსფერო პაუზის დროს ნიდერლანდური პსვ-დან ფილიპ მაქსი შეიძინა, რომელსაც კარიერის დიდი ნაწილი გერმანიაში აქვს გატარებული. გუნდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე უკვე 39 წლის იაპონელი მაკოტო ჰასებეა, რომელიც ახლა ცენტრალური მცველის პოზიციაზე გამოდის. კიდე ერთი იაპონელი, დაიჩი კამადა, კატარის მსოფლიო ჩემპიონატიდან კარგად უნდა გვახსოვდეს, სადაც მისმა ნაკრებმა გერმანია და ესპანეთი დაამარცხა. მიმდინარე სეზონში 2 გოლი და ამდენივე საგოლე პასი აქვს 2014 წლის მუნდიალის ფინალში გადამწყვეტი გოლის ავტორს, მარიო გიოტცეს.

ხვიჩა კვარაცხელიას შედეგიანობა - იტალიის ჩემპიონატში 8 გოლი და 9 შედეგიანი პასი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა. მოწინავეთა სიაშია სწორედ მომავალი მეტოქის, ფრანკფურტის "აინტრახტის" ფრანგი ლიდერი, 24 წლის რანდალ კოლო მუანიც. ბუსდესლიგაში მას 9 გოლი და 10 "ასისტი" აქვს. კოლო მუანს უკანასკნელ 3 მატჩში 4 შედეგიანი დარტყმა აქვს, მისმა გუნდმა კი ამ პერიოდში სულ 5 გოლი გაიტანა. რანდალი ბოლო მუნდიალის ფინალის შემდეგ ცუდ ხასიათზე იყო, არგენტინასთან დამატებითი ტაიმების ბოლოს, როცა ანგარიში 3:3 ფიქსირდებოდა, ხელსაყრელი საგოლე შანსი გაანიავა და ვერც უკეთეს პოზიციაში მყოფი კილიან მბაპე შეამჩნია. ყველაფერმა გადაიარა, გერმანიის ჩემპიონატი განახლდა და შემტევი უფრო კარგად ათამაშდა, ვიდრე მანამდე. აღსანიშნავია, რომ კოლო მუანი გუნდის სტაბილური პენალტისტია, კვარაცხელიამ კი ეს ფუნქცია, დიდი ალბათობით, ახლახან გადაიბარა.

Sportall.Ge

კვარაცხელია და კოლო მუანი 2 კომპონენტის ჯამში გამორჩეულები კი არიან, თუმცა ჩვენებურის დრიბლინგები შთამბეჭდავია. გარდა ამისა, ფრანგს არ ჰყავს ისეთი სტაბილურად გამტანი თანაგუნდელი, როგორიც ვიქტორ ოსიმენია, რომელსაც ქართველ გარემაბთან ერთად შთამბეჭდავი დუეტი აქვს ჩამოყალიბებული.

პირველი მატჩი ფრანკფურტში, "დოიჩ ბანკ პარკზე", სამშაბათს, 21 თებერვალს, 23:59 საათზე შედგება, "სტადიო მარადონაზე" კი მეტოქეები ოთხშაბათს, 15 მარტს, იმავე დროს ითამაშებენ. აქვე გეტყვით, რომ ეს გუნდები ერთმანეთს 1994 წელს, უეფას თასის (დღევანდელი ევროპა ლიგა) მერვედფინალში დაუპირისპირდნენ, სადაც გერმანელებმა ორივე მატჩში ერთნაირი ანგარიშით (1:0) გაიმარჯვეს.

altხვიჩა ამ შანსს მოთმინებით ელოდა... ვინ გახდება იტალიის საუკეთესო ფეხბურთელი?

alt"პრობლემა გადაჭრილია, პენალტებს ცივსისხლიანი ხვიჩა შეასრულებს" - ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი

მკითხველის კომენტარები / 3 /
... მჯერა ხვიჩას!!!
... აჯობებს კოლო მუანის აინტრახტს!!!
... 28 მარტს, ბათუმში, საქართველოს ნაკრებით მოუგებს ჰაალანდის ნორვეგიას!!!
... მერე, აღდგომაზე, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში (თუ შეხვდა) დე
ბრიუნეს სიტისაც ზედ მიაყოლებს (თან ჰაალანდსაც, მეორეჯერ სამ კვირაში)!!!
... აპრილის ბოლოს იტალიის ჩემპიონობას იზეიმებს!!!
... მთავარი კი ის არის, რომ ჩემპიონთა ლიგას და ოქროს ბურთს მოიგებს!!!
... და ამ სეზონის დაგვირგვინება იქნება, ივნისში, საქართველოს ნაკრებით
კვიპროსსა და შოტლანდიაში რომ გაიმარჯვებს!!!

მალხაზ ბოლქვაძე (ბათუმი)
17:56 07-02-2023
2
მათი რამოდენიმე თამაში ვნახე. ჩემი აზრით შანსი არ აქვთ, აინტრახტი დაცვაში ვერ ჯდება, გუნდები რომლებიც ნაპოლის უტევდნენ კი ვნახეთ რა ანგარიშებითაც წააგეს. მთავარია ნაპოლის ლიდერები ჯანმრთელად იყვნენ ლიგისთვის. წარმატებები.
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული