"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა TNT Sports Mexico-სთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის შესაძლო ტრანსფერებზე გააკეთა კომენტარი და თუ ადრე მათ გასხვისებას კატეგორიულად გამორიცხავდა, ამჯერად ცოტა სხვანაირად ისაუბრა. მან აგრეთვე სუპერლიგა გააკრიტიკა:
"გავყიდი თუ არა ოსიმენსა და კვარაცხელიას? ხელშეკრულებების შედგენა კარგად მეხერხება. მათი შენარჩუნება რთული არ იქნება. ისე, არასოდეს თქვა არასოდეს, ვინაიდან ზოგიერთი შემოთავაზების უარყოფა შეუძლებელია. ასე რომ, რაიმეს წინასწარმეტყველება არ შეიძლება. თუმცა ჩვენ ნეაპოლში კიდევ დიდხანს ვუყურებთ ამ ორი ფეხბურთელის ბრწყინვალე თამაშს.
სუპერლიგა დიდი სისულელეა, რამდენიმე რჩეული გუნდისთვის
შექმნილ ტურნირზე ფიქრი დაუშვებელია. უეფას ფორმულა უკვე ძალიან მოძველდა და შესაცვლელია. უეფასთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა და იმის მოფიქრება გვჭირდება, როგორ მოვიზიდოთ 10 მილიარდი დოლარი. პრობლემა იმაშია, რომ ფული არ არის, ბევრი თამაშია, ფეხბურთელები კლუბებს ეკუთვნით, ტრავმების რისკი არსებობს, რომელთა გამო ჩვენ კომპენსაციას არავინ გვიხდის, გულშემატკივართა ინტერესი კი გათვალისწინებული არ არის. მათ გარეშე ფეხბურთი კვდება".