ქართული ფეხბურთის მარგალიტი - ბევრი იბრძოლა, უფრო მეტი გოლი გაიტანა, კერპის მაისური მიიღო, თუმცა წინ მაინც დიდი მიზნებია...

AutoSharing Option
AUTO PLAY
გასულ ზაფხულს ბათუმის "დინამოდან" "ნაპოლიში" გადასვლის შემდეგ ევროპული ფეხბურთისთვის ნაკლებად ცნობილმა ხვიჩა კვარაცხელიამ მთელი მსოფლიო საკუთარი საფეხბურთო სტილით აღაფრთოვანა, სადებიუტო სეზონში ლუჩანო სპალეტის სამწვრთნელო ხედვებში იდეალურად ჩაჯდა და საკუთარ გუნდს ნანატრი სკუდეტოსკენ ვიქტორ ოსიმენთან ერთად გაუძღვა.

ხშირად ხვიჩას სხვადასხვა ლეგენდარულ ფეხბურთელს ადარებენ, როგორებიც არიან დიეგო არმანდო მარადონა, ახალგაზრდა კრიშტიანო რონალდო და სხვა გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებული სპორტსმენები, თუმცა პირადად მე ყველაზე მეტად კარავაჯო მომწონს, რადგან ფეხბურთი გარკვეულწილად ხელოვნებას ჰგავს, შემმოქმედი ადამიანები გადაწყვეტილებებს ექსპრომტად იღებენ, რითაც ქმნიან "ხელოვნებისთვის დაუვიწყარ ნიმუშებს", განსხვავება კი
მცირედია: ერთს საკუთარი ნიჭი ტილოზე გადააქვს, მეორეს კი - მწვანე მინდორზე.

ხვიჩამ ნეაპოლელ გულშემატკივარს ქალაქი "მის მიერვე გამოგონილი ფერებით გაულამაზა", ხელოვნების პირად მუზეუმში სხვადასხვა ღირსშესანიშნაობა გამოფინა და ისტორიის გადაწერა გადაწყვიტა, მიზანი დაისახა, რომ გახდებოდა ჩემპიონი და ჩვენდა საბედნიეროდ, "კვარა" გამარჯვებულის მენტალიტეტითაა დაჯილდოებული.

ინსინიეს შემცვლელად საფეხბურთო რუკაზე ჩრდილში მყოფი ქვეყნიდან მოსულ ბიჭს, რომლის სანაცვლოდაც დე ლაურენტისმა 10 მილიონი გადაიხადა, თავდაპირველად დიდი კრიტიკა დახვდა... ობიექტურად რომ ვთქვათ, პრეზიდენტს და არა კვარაცხელიას; იწერებოდა გამოხმაურებები, როგორებიცაა:

- "ეს მხოლოდ "ნაპოლის" შეუძლია";

- "ეს ვინღაა" ;

- "სკუდეტოს "ინტერი" მოიგებს, ჩვენ დრის მერტენსიც ვერ შევინარჩუნეთ".

თუმცა ხვიჩამ კრიტიკოსებს გაკვეთილის ჩატარება საკუთარი სახელისა და გვარის გამოთქმით დაუწყო, რადგან უახლოეს წლებში მისი გამეორება ხშირად მოუწევდათ. ალბათ ხდებით, რამხელა სიამაყეა, როდესაც მორცხვი, მორიდებული და მომავალზე კონცენტრირებული შემტევი ლეგენდარული არგენტინელის სახელობის მოედანზე ფეხბურთზე გაგიჟებულ ნეაპოლელებს ბოლო ხმაზე საკუთარ სახელსა და გვარს აყვირებს.

რა მოჰყვა ამას? დღეს, არცთუ უსაფუძვლოდ, კვარაცხელიასთვის იმ 10-ნომრიანი მაისურის გადაცემას მოითხოვენ, რომელიც დიეგოს შემდეგ არც არავის ჩაუცვამს, თუმცა ამაზე ჩემი აზრი მაქვს, სჯობს 77 ნომერი დაიტოვოს და ამ ნომერზე პირველი გულშემატკივრებს ხვიჩა გაახსენდეთ. რაც შეეხება სახელს, ხვიჩას შეუძლია ამ ქალაქს ის დაუვიწყარი სიყვარული აჩუქოს, რაც მარადონას შემდეგ არავის უჩუქებია...

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ვიდეო, სადაც "კვარას" კერპი გუტი პირდაპირ ეთერში დაჰპირდა, რომ მის მიერ ხელმოწერილ მაისურს გაუგზავნიდა. ხვიჩამ ეს საჩუქარი უკვე მიიღო და საკუთარ სახლში ყველაზე გამოსაჩენ ადგილსაც მარტივად მოუძებნის. წარმოიდგინეთ, ბავშვობაში თეთრ მაისურზე დაწერილი კერპის სახელისა და ნომრის შემდეგ იღებ ნამდვილს... ის შენი გულშემატკივარი ხდება და გეპატიჟება ოცნების გუნდ მადრიდის "რეალში"... ხვიჩამ ბევრს მიაღწია, თუმცა გაჩერებას არ აპირებს, "ოქროს ბურთის" ათეულში ხვდება, მაგრამ მიზანი გამარჯვებაა და ეს არცთუ ისე შორსაა...

"ნაპოლი" სკუდეტოს დამაჯერებლად ლიდერობს, ქალაქი სრული ანშლაგისთვის ემზადება. როგორც ქართველი ინფლუენსერები ამბობენ, სიგიჟემდე შეყვარებული არიან ხვიჩაზე, ქართულ დროშასთან სურათის გადაღებას ითხოვენ და გვაამაყებენ იმით, რომ შორეულ იტალიაში საქართველო ბევრ ქართველზე მეტად უყვართ.

ამ თემაზე Geo Team-ის დამფუძნებელმა საბა საპანაძემ საკუთარი ემოციები გაგვიზიარა:

"აქ ხვიჩაზე გიჟდებიან, 10 კაციდან 8-ს ხვიჩას მაისური აცვია, 1-ს - მარადონასი და ერთსაც - ოსიმენის. ასე მასიურად ვიღაცის მაისური ეცვათ, უცნაურია. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არიან, ტურისტები, ადგილობრივები, ნეაპოლელებისთვის "ნაპოლი" ერთი დიდი სიყვარულია. რომ გითხრათ, ხვიჩასა და გუტის ამბავი გაუხარდათ-მეთქი, მოგატყუებთ, რადგან ნერვიულობენ, არ წავიდეს ზაფხულში. პირადად მე ესპანელ ჟურნალისტს შევხვდი, ინტერვიუც ჩავწერე, ვიდეოს მალე შემოგთავაზებთ, გვითხრა, რომ გუტი ხვიჩას მისდამი დამოკიდებულებით ძალიან ბედნიერია, მისთვის ეს მოულოდნელი იყო და მაშინვე გაუგზავნა მაისური. ვიცით, რომ "კვარას" ოცნებაა "რეალში" თამაში. ახლა ამ ეტაპზე, პირველ რიგში, სკუდეტოსა და ჩემპიონთა ლიგაზე მაქსიმალურად შორს წასვლაზე უნდა იფიქროს, ნაკრებთან ერთად უახლოეს პერიოდში მაგარ ფორმაში უნდა იყოს, ხვიჩაც სწორედ ამაზეა კონცენტრირებული, რადგან ფიქრებმა ხელი არ შეუშალოს".

"პარტენოპეი" ჩემპიონთა ლიგაზე 1/8-ფინალშია, სტუმრად გერმანიაში 2:0 გაიმარჯვა და დღეს, 15 მარტს, 23:59 წუთზე, ფრანკფურტის "აინტრახტს" ამჯერად საკუთარ კედლებში მიიღებს, რა შედეგს ველით? როგორც ყოველთვის, ლუჩანო სპალეტის გუნდის გამანადგურებელ თამაშს, დაახლოებით ისე, როგორც "ლივერპულთან" (4:1) და "იუვენტუსთან" (5:1).

სულ მალე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი დაიწყება. საქართველოს ნაკრები G ჯგუფში კვიპროსთან, შოტლანდიასთან, ესპანეთთან და ნორვეგიასთან მოხვდა, პირველ მატჩს 28 მარტს სკანდინავიელებთან ჩაატარებს. ყველამ კარგად იცის, როგორ ფორმაშია ნორვეგიელთა ორი ლიდერი, ერლინ ჰოლანი და მარტინ ოდეგორი, თუმცა ჩვენ, ჩვენის იმედი გვაქვს, ქართველი ფეხბურთელები ვილი სანიოლის მოსვლის შემდეგ მშვენიერ შეხვედრებს ატარებენ და გამარჯვებულის მენტალიტეტსაც ავლენენ, რისთვისაც წლების განმავლობაში ვიბრძოდით.


წინ დიდი მიზნებია, ხვიჩა სწორ გზაზეა, კარგ ხელშია და ოცნებები აუცილებლად ახდება...

ქართული ფეხბურთის წინსვლა გარდაუვალი ჩანს. ზოგადად თქმულა, ფეხბურთში წარმატებისთვის კარგი მეკარე და გოლის გამტანი გინდაო. გიორგისა და ხვიჩას სახით ორივე მათგანი სახეზეა, სხვები? სხვები თავიანთ უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებენ და ჩვენი, ქართველი ერის ოცნება ახდება, სწორედ მაშინ გაერთიანდება ხალხი, როცა ევრო ან მსოფლიო სარბიელზე ქართული დროშები აფრიალდება და სტადიონზე დამსწრე მცირედი თუ მრავალრიცხოვანი ჯვაროსანი არმია ერთხმად იმღერებს ეროვნულ ჰიმნს.

წინ დიდი გზაა... ზღაპრის ბოლო კეთილია...

მკითხველის კომენტარები / 8 /
ძალიან გულისამაჩუყებელი სტატიაა და დროული, მხოლოდ ერთს დავამატებ , ვერ დავიჯერებ იმას რომ იტალიელს ქართველზე მეტად უყვარს საქართველო , ან ხვიჩა კვარაცხელია !
გიორგი ვარშავიდან
20:29 15-03-2023
1
ხვიჩამ ბევრს შეუცვალა ზოგადი აზრი საფეხბურთო ვარსკვლავებთან დაკავშირებით
აქ განსაკუთრებით ხაზი მინდა გავუსვა მის პირად თვისებებს, თავმდაბლობას, შრომისმოყვარეობას, ურთიერთობას გუნდელებთან და გულშემატკივრებთან. ამით ის ძალიან განახვავდება ყოფილი ქართველი "ვარსკვლავებისგან" .
მისაბაძია მისი ქცევა მომავალი თაობებისთვის
დიდი მადლობა მას ასეთი დადებითი ემოციებისთვის და გახარებისთვის!
გიორგი
18:20 15-03-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული