მწვრთნელის ხვედრი მაინც ესაა, მარცხის დროს, პირველ რიგში, ხელს მისკენ იშვერენ, რა სეზონზეც უნდა ვსაუბრობდეთ. ლუჩანო სპალეტის სასწრაფო ზომების მიღება სჭირდება, რათა გუნდი ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდეს. მილანელებთან ორრაუნდიანი დაპირისპირების წინ საფიქრალი მართლაც ბევრია.
როგორ აგვარებდა აქამდე კრიზისებს "ნაპოლის" დამრიგებელი? ის მაქსიმალურად ცდილობდა, გუნდისთვის მნიშვნელოვან ფეხბურთელებს მეტი შანსი მიეღოთ, რათა სათანადო ფორმაში დაბრუნებულიყვნენ. ასე მოგვარდა კიმ მინ ჯეს რთული პერიოდი თუ ზამბო ანგისას სუსტი თამაში. "ლეჩესთან" მატჩი პარასკევს, 7 აპრილსაა (21:00 სთ). დრო საკმაოდ ცოტაა, მას კი "მილანთან" საჩემპიონთალიგო სტუმრობა მოჰყვება. სპალეტის სტილიდან გამომდინარე, ნაკლებად უნდა ველოდოთ იმას, რომ უახლოესი ტურის მატჩში ბევრ ცვლილებას ვნახავთ. ყველაფერთან ერთად, გუნდს განსაკუთრებული საკადრო რესურსი არ აქვს და დამატებითი მატჩით არსებულმა კონტინგენტმა თვითრწმენა უნდა დაიბრუნოს. სტანისლავ ლობოტკას მატჩი ჩაუვარდა, თუმცა ის ამ გუნდის ხერხემალია. სლოვაკს დატვირთული სეზონის აქვს, მაგრამ ახლა დასვენებაზე მეტად ჩვეულ ტონუსში დაბრუნება ესაჭიროება. ცუდი იყო ამირ რაჰმანი. მან ძალები უნდა მოიკრიბოს და ლეაო-ჟირუს წყვილს დიდი წინააღმდეგობა გაუწიოს.
ე.წ. ჯოკერზე საუბარი მაინც შეუძლებელია, ნეაპოლელთა განაცხადში ახლა ამ სტატუსის მოთამაშე ნაკლებადაა, თუმცა გარკვეული ტაქტიკური ცვლილებებით სიახლის შეტანა შესაძლებელია. ვთქვათ, რომ ეს ხვიჩა კვარაცხელიას სრულიად განსხვავებულ პოზიციაზე თამაშიც კი იყოს. რა თქმა უნდა, ქართველი გარემარბი მატჩის დროს ბევრს მოძრაობს და თითქმის ყველგანაა, თუმცა, ძირითადად, მაინც მარცხენა ფრთას იკავებს. მისი უფრო მეტად ცენტრში, გამთამაშებლის პოზიციაზე თამაში კი მოულოდნელობის ეფექტის მატარებელი იქნება. "კვარას" შესაბამისი უნარები ნამდვილად აქვს. კარგად ჩანს, რომ პიოტრ ზელინსკი ბოლო დროს ამ ფუნქციებს სათანადოდ ვერ ითავსებს, ელიფ ელმასისთვის კი იდეალური პოზიციის მოძებნა გართულებულია, პოლონელს ვერც ის ცვლის. არ ვიცით, იტალიურ მედიაში ახლა ამას რამდენად განიხილავენ, მაგრამ საქართველოში მსგავსი მსჯელობის უფლება ნამდვილად გვაქვს, ჩვენებური ხომ ამ გუნდის წარმატების ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელია!..
შემტევი ალესიო ძერბინი "ფროზინონეს" შემადგენლობაში საკმაოდ შედეგიანი იყო. ის "ნაპოლის" აკადემიის აღზრდილია, თუმცა ახლა ობიექტური მიზეზებით ცოტა დრო ეძლევა და თავდაჯერება აკლია. ის 24 წლისაა და თუ ვინმეს შეუძლია, "კულისებიდან" აფეთქდეს, ნამდვილად ძერბინია. სპალეტი ბოლო დროს როტაციაზე, ფაქტობრივად, უარს ამბობს და "მეორე ეშელონის" ფეხბურთელებს დრო, ფაქტობრივად, არ ეძლევათ.
ჯაკომო რასპადორი "მილანთან" ენერგიულად შემოვიდა და სავარაუდოა, რომ "ლეჩესთან" სასტარტოში დაიწყებს. გატანა მასაც შეუძლია და ჯოვანი სიმეონესაც, ეს კარგად დავინახეთ, თუმცა, როცა ვიქტორ ოსიმენი "დაფრინავს" და ცოტა დრო გაქვს, ბევრს ვერაფერს გააწყობ. ახლა ნიგერიელი ტრავმირებულია და "მილანამდე" რომც მომჯობინდეს, იდეალურ კონდიციებში ვერ იქნება.
სპალეტის არსებული კონტინგენტით ტაქტიკური ცვლილებების განხორციელება შეუძლია. ერთი ჩავარდნის გამო ამაზე რამდენად წავა,
რთული სათქმელია. ორი ფორვარდით თამაში ერთ-ერთი ვარიაციაა, თუმცა შუა ხაზში ერთით ნაკლები ფეხბურთელით თამაში სპალეტისა და დღევანდელი "ნაპოლის" პირობებში წარმოუდგენელი ჩანს.
ასეა თუ ისე, "ლეჩესთან" შეხვედრა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის გენერალური რეპეტიცია ვერაფრით იქნება, თანაც, თუკი მოულოდნელობაზე ვსაუბრობთ, ის ვარჯიშებზე დამუშავებული უნდა იყოს და მოწინააღმდეგის მწვრთნელმა ალღო გვიან უნდა აუღოს.
შეგახსენებთ, 7-დან 18 აპრილამდე ნეაპოლელები 4 შეხვედრას ჩაატარებენ, მათ შორის ორს კი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, "მილანის" წინააღმდეგ.
ფეხბურთელი, რომელიც ხვიჩას თამაშს განსაზღვრავს - მარიო რუი ახლო ხედით
რატომ წააგო მწარედ "ნაპოლიმ" და რით აჯობა ლეაომ კვარაცხელიას? - სპალეტის ჩავარდნა...
ეს უნდა დაავალოს მწვრთნელმა თავის ფეხბურთელებს .