უმადურობა, სპალეტის პიოლისთან წაგებული დუელი და შემოქმედი კვარაცხელია

AutoSharing Option
რატომაა ხვიჩა საუკეთესო და რატომ არ აღიარებს ამას იტალიური მედია?

მიუხედავად იმისა, რომ "მილანთან" "ნაპოლის" მატჩის წინ ოპტიმისტურად არ ვიყავი განწყობილი, მაინც რაღაც იმედგაცრუებული, შეიძლება ითქვას, გარკვეულწილად დათრგუნულიც კი დავრჩი. ნეაპოლური გუნდი "როსონერისთან" ბოლო მატჩებში უკეთ გამოიყურებოდა, ინიციატივას ფლობდა, განუწყვეტლივ უტევდა და სწორედ ეს ქმნიდა ცრუ ილუზიას. მთავარი კი ტაბლოა და არა ბურთის ფლობა და კარისაკენ ან კარში დარტყმები. უდავოა, სტეფანო პიოლიმ ლუჩანო სპალეტის სამივე დუელი მოუგო - 4:0, 1:0 და გამარჯვების ტოლფასი 1:1.

თუ ბოლო მატჩის სტატისტიკას გადავხედავთ, ვიღაც
იფიქრებს, რომ "ნაპოლის" არ გაუმართლა. ეს ნაწილობრივ ასეა, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ. ბურთის ფლობა 73.5%-26.5%-თან, კარისკენ დარტყმები 23-6, მათ შორის საჯარიმოს გარედან 21-6, გადაცემები 601-223, ოღონდ ეს ყველაფერი წარმატების ფაქტორში მაცდურია.

პიოლი მიხვდა, რომ "ნაპოლისთან" ღია თამაში დამღუპველი იქნებოდა. ამიტომ ღრმად უკან ჩააყენა გუნდი და მეტოქეს სივრცეები მაქსიმალურად შეუზღუდა, ტრავმამორჩენილი ვიქტორ ოსიმენი თითქმის გაანეიტრალა და მოწინააღმდეგეს კარში დარტყმისას ცაიტნოტში ამყოფებდა. ამიტომ მათ მიერ მხოლოდ 4-ჯერ დარტყმული ბურთი წავიდა კარის ჩარჩოში - 9 დაუბლოკეს. ვერაფერს იტყვი, მილანელებმა ზედმიწევნით ზუსტად იმოქმედეს და დამრიგებლის დავალებები უზადოდ შეასრულეს. ისიც სათქმელია, რომ პიოლის განკარგულებაში ამ სტრატეგიული ამოცანის რეალიზაციისათვის საჭირო და უნარიანი ფეხბურთელები ჰყავს.

რას წარმოადგენს "ნაპოლი"? ახლა რასაც ვიტყვი, მავანი სუბიექტურობაში ჩამითვლის, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე ეს სერია A-ს საშუალო დონის გუნდია. სპალეტის ჰყავს კარგი კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო, კიმ მინ ჯე, ჯგუფი მუშა ფეხბურთელებისა და ბომბარდირი ვიქტორ ოსიმენი, რომელიც გუნდში მესამე სეზონს ატარებს და აქამდე ასეთი შედეგიანი არ ყოფილა, რაც, ალბათ, დამეთანხმებით, დიდწილად გუნდში კვარაცხელიას მისვლითაა განპირობებული.

Opta-ს მონაცემებით, "მილანთან" დაპირისპირებაში ხვიჩამ 18-დან 10 წარმატებული დრიბლინგი განახორციელა, ვიზავის საჯარიმოში 19-ჯერ შეეხო ბურთს, რაც ამ სეზონში ვინისიუსის რეკორდის გამეორებაა და 5-ჯერ მისცა პარტნიორებს კარში დასარტყმელად პასი. "ნაპოლი" ძალიანაა დამოკიდებული ქართველზე, რამეთუ სხვა შემოქმედი არ ჰყავს. თავად განსაჯეთ, მას ბურთზე 98 შეხება ჰქონდა (ორივე გუნდიდან ყველაზე მეტი) და ამ დროს ყველა მხოლოდ გამოუყენებელ პენალტს გაიხსენებს, რომლის სათანადოდ შესასრულებლად, ელემენტარულად, ძალა აღარ ეყო.

ერთმა იტალიელმა სპეციალისტმა თქვა, რომ სამი მცველით თვით დიეგო მარადონას არ მეურვეობდნენ და "კვარა" მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა. სპალეტი კი ჯიუტად დაცვაში დაბრუნებასაც სთხოვს. ადამიანს გააჩნია შესაძლებლობების ზღვარი და არ შეიძლება ასე გათანგო, მით უმეტეს, როცა მასზე ხარ დამოკიდებული. გაცუდებული თერთმეტმეტრიანის გარდა, მეორე ტაიმში იყო ეპიზოდი, როდესაც კვარაცხელიას ზუსტი გადაცემის გასაკეთებლად ენერგია დააკლდა. მას უკანასკნელ 6 დაპირისპირებაში (ნაკრების ჩათვლით) თავი საგოლე მოქმედებით არ გამოუჩენია, რადგან ამხელა ტვირთის ზიდვით უბრალოდ გადაიღალა. გაიხარეს ჩასაფრებულებმა, რაც ყველაზე სამწუხაროა, მათ შორის, ჩვენმა თანამემამულეებმაც, რომლებიც რატომღაც ქართველის მეტოქეს გულშემატკივრობდნენ. აგრეთვე გასაკვირია იტალიური მედიის დამოკიდებულებაც, მაშინ, როდესაც უცხოურმა გამოცემებმა კვარაცხელიას საუკეთესო შეფასებები დაუწერეს, ადგილობრივებმა, ფაქტობრივად, გარჯა დაუწუნეს:

Whoscored 8.2, Flashscore 8.2, Sofascore 7.6. -  Areanapoli 6, Corriere dello Sport 5, Calciomercato 5, Calcionapoli 5, Goal Italia 4.5, Sportmediaset 4.5.

ამას გარდა, როგორც ჩანს, ადგილობრივებისგან სოციალურ ქსელებში იმდენად დიდი იყო უარყოფითი გამოხმაურება, რომ ჩვენებურს Il Mattino-ს ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ანა ტრიესტე გამოექომაგა: 
"ხელები შორს კვარაცხელიასგან. კარგი, პენალტი ვერ გაიტანა, მაგრამ ამ საღამომდე რომ მოვედით და რამდენიმე საათი ვიოცნებეთ, ეს, პირველ რიგში, მისი დამსახურებაა".

აშკარაა, ხვიჩა დაიქანცა ფიზიკურად და ემოციურად. ხუმრობა საქმე ხომ არაა, ისეთ რთულ ლიგაში, როგორიც სერია A-ა, პირველივე სეზონში სამჯერ გახდე თვის საუკეთესო ფეხბურთელი. თანაც, დღევანდელ ფეხბურთში, სადაც ვარსკვლავების მწვავე დეფიციტია, ის ალამაზებს სპორტის ნომერ პირველ სახეობას, განსაკუთრებულ ხიბლს სძენს და ამიტომ მოველით მის ყოველ თამაშს მოუთმენლად. ეს მხოლოდ კვარაცხელიას დიადი კარიერის დასაწყისია და ჩვენ კიდევ უამრავ სიხარულს მოგვანიჭებს - ეს უეჭველია!

მიმომხილველი

alt"ხვიჩას პენალტი სწორედ ამიტომ არ უნდა დაერტყა" - სიომინი კვარაცხელიას გაფუჭებულ თერთმეტმეტრიანზე

altხვიჩა ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

altხვიჩამ ბაზაზე გაფუჭებული პენალტის გამო თანაგუნდელებს ბოდიში მოუხადა - რა უპასუხა კვარაცხელიას "ნაპოლის" კაპიტანმა

altროგორი იქნება კვარაცხელია ამ მატჩის შემდეგ? - ხვიჩას ახალი სიტყვა და დიდება ამპარტავნების გარეშე!..

მკითხველის კომენტარები / 80 /
სწორად დაწერა ამ ადამიანმა ყველაფერი ვინ იფიქრებდა მართლა იტალიის ჩემპიონობას და სადამდე მივიდა ლიგაზე .ეს რომ ეთქვად ფეხბურთის რომელიმე სპეციალისტისთვის გაეცინებოდა და კომენტარის გარეშე დატოვებდა ბოდიში და უკანალზე უნდა კოცნონ ჩვენ ვაჟკაც ადამიანს მართალია რკინა იჟანგება და სვდება და ამდენი ნაგრუსკა ახალგაზრდა ბიჭია ეს კარგი კი არ არის მითუმეტეს შეაწუხა წელში რაღაცამ იმდენი ვინერვიულე კაცი არ ვიყო სანამ სტადიონზე არ დავინახე რაღაც ცუდ ხასიათზე ვიყავი სავიდ ამას გულიდ ვიძახი კაცობას ვიძახი ბევრი ბოროტი ადამიანი იმას იფიქრებს რომ უძვრებაო მაგრად მიყვარს ფეხბურთი და მითუმეტეს ჩვენი ქართული ესე რომ გვისწორებს როგორ არ უნდა გაგიტყდეს ღმერთმა დაიფაროს და მისი ცუდი ღმერთმა ხელი მოგიმართოს ვაჟკაცო ადამიანო გენაცვალე გულში ამინ
კაკაო
12:11 25-04-2023
0
სწორად დაწერა ამ ადამიანმა ყველაფერი ვინ იფიქრებდა მართლა იტალიის ჩემპიონობას და სადამდე მივიდა ლიგაზე .ეს რომ ეთქვად ფეხბურთის რომელიმე სპეციალისტისთვის გაეცინებოდა და კომენტარის გარეშე დატოვებდა ბოდიში და უკანალზე უნდა კოცნონ ჩვენ ვაჟკაც ადამიანს მართალია რკინა იჟანგება და სვდება და ამდენი ნაგრუსკა ახალგაზრდა ბიჭია ეს კარგი კი არ არის მითუმეტეს შეაწუხა წელში რაღაცამ იმდენი ვინერვიულე კაცი არ ვიყო სანამ სტადიონზე არ დავინახე რაღაც ცუდ ხასიათზე ვიყავი სავიდ ამას გულიდ ვიძახი კაცობას ვიძახი ბევრი ბოროტი ადამიანი იმას იფიქრებს რომ უძვრებაო მაგრად მიყვარს ფეხბურთი და მითუმეტეს ჩვენი ქართული ესე რომ გვისწორებს როგორ არ უნდა გაგიტყდეს ღმერთმა დაიფაროს და მისი ცუდი ღმერთმა ხელი მოგიმართოს ვაჟკაცო ადამიანო გენაცვალე გულში ამინ
კაკაო
12:09 25-04-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული