სამტრედიაში „ტორპედოსა“ და ბათუმის „დინამოს“ ნაკლებად სანახაობრივი შეხვედრა 0:0 დასრულდა. „თელავმა“ საკუთარ მოედანზე 90+5-ე წუთზე ვაჟა ფაცაციას მიერ გატანილი გოლით ფრეს მიაღწია „დილასთან“ – 2:2. თბილისის „დინამომ“ კი გორში „საბურთალოს“ უმასპინძლა და შეეძლო ერთპიროვნულად გალიდერებულიყო, თუმცა 1:3 მარცხი იწვნია.
უნდა ითქვას, თამაში მართლაც თვალსასეირო გამოდგა, მით უმეტეს საქართველოს ჩემპიონატის კვალობაზე: თბილისის „დინამო“ პირველ ტაიმში მარუშიჩმა დააწინაურა, რომელმაც მოისწრაფიშვილის დიდებული პასი მიიღო და ბურთს ლაზარე კუპატაძის კარში მიუჩინა ადგილი. შესვენების შემდეგ
„საბურთალო“ ინიციატივას დაეუფლა და შეცვლაზე შესულმა ტაბატაძემ ნახევარბრუნში ულამაზესი გოლით ანგარიში გათანაბრა. „დინამომ“ იერიშებით უპასუხა და კუპატაძემ სიგუას მიერ სამიოდ მეტრიდან თავით დარტყმული ბურთი მოიგერია. 68-ე წუთზე ტაბიძემ სილა წააქცია და მსაჯმა ბოლო იმედის ჯარიმის გამო გააძევა. აღსანიშნავია, რომ არბიტრის გადაწყვეტილება ცოტა საკამათო გახლდათ, ვინაიდან სილას გვერდით მეტოქე გუნდის მცველი კალანდაძე იმყოფებოდა. ყველა ელოდა, რომ ტაბატაძე საჯარიმოდან კარში დაარტყამდა, რომელმაც გადაცემა გ.მამაგეიშვილს გაუკეთა და მან „საბურთალო“ წინ გაიყვანა. ბოლოს პირობითი მასპინძლები შეტევაზე გადავიდნენ, ხოლო სწრაფი კონტრიერიშისას სილა კარიდან გამოსულ კუტალაძეს გასცდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ერთი სიტყვით, 21 ქულით ბათუმის "დინამო" გალიდერდა, მის უახლოეს მდევარ თბილისის "დინამოს" 1 ქულით ნაკლები აქვს, მესამე პოზიციაზე 16 ქულით "ტორპედოა", ხოლო მეოთხეზე 15 ქულით "საბურთალო".
გორი. თენგიზ ბურჯანაძე“
დინამო (თბ) - საბურთალო 1:3
გოლები: 1:0 მარუშიჩი (22), 1:1 ტაბატაძე (55), 1:2 გ. მამაგეიშვილი (70), 1:3 სილა (90+2)
გაძევება: ტაბიძე (68)
ხვალ „გაგრა“ „შუქურას“, ხოლო „სამგურალი“ „სამტრედიას“ დაუპირისპირდება.