კვირას "ნაპოლი" შეიძლება ოფიციალურად გახდეს იტალიის ჩემპიონი. ამისათვის "ლაციომ" მილანში "ინტერს" ვერ უნდა მოუგოს, ხოლო "ნაპოლიმ" სახლში "სალერნიტანას" სძლიოს. სალერნოული გუნდი კი ადვილად არაფრის დათმობას არ აპირებს.
მწვრთნელი პაულო სოუზა "სალერნიტანას" ისევ 3-4-2-1 ტაქტიკური სქემით ათამაშებს, ხვიჩა კვარაცხელიას პასკუალე მაცოკის სახით პერსონალურ მეურვეს მიუჩენს და მის განეიტრალებას შეეცდება. მაცოკიმ ტრავმა მოირჩინა, "სასუოლოსთან" მოგებულ საშინაო მატჩში 72-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და როგორც იტყობინებიან, სრულ მზადყოფნაშია.
პორტუგალიელი სპეციალისტი დიდ იმედებს ამყარებს ნახევარმცველებზე გეორგიოს კასტანოსზე და ანტონიო კანდრევაზე, ხოლო თავდასხმაში ბულაიე დიასა და
კშიშტოფ პიონტეკზე. დია სწრაფია, ამ სეზონში 11 გოლი გაიტანა და შეუძლია "ნაპოლის" ისეთივე პრობლემები შეუქმნას, როგორიც "მილანის" ფორვარდმა რაფაელ ლეაომ. ყოველ შემთხვევაში, ასეთი ჩანაფიქრი აქვს პაულო სოუზას.
ერთი რამ ცხადია, "სალერნო" კამპანიურ დერბიში ბოლომდე იბრძოლებს.