გადატვირთული კალენდრის გამო ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი გუნდის მწვრთნელმა ინძაგიმ როტაციას მიმართა და გადახალისებული სასტარტო შემადგენლობა დააყენა, ხოლო მისმა ვიზავიმ სპალეტიმ ოპტიმალური. უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, ორი მომენტი ანგისამ ვერ გამოიყენა. მილანელები დაცვაში ჩვეულად კომპაქტურად იდგნენ, ტემპი მაღალი არ იყო, კვარაცხელიამ რამდენიმეჯერ გაამწვავა თამაში, რასაც შედეგი არ მოჰყვა, „ინტერის“ ნახევარმცველმა გალიარდინიმ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და ნაკლებად სანახახაობრივი პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.
რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილ მეტოქეს ნეაპოლელებმა შესვენების შემდეგ კიდევ უფრო დიდი ძალებით შეუტიეს, დი ლორენცოს დარტყმული ბურთი მეკარე ონანამ მოიგერია, ზილენსკიმ მიზანს ვერ უწია, ხვიჩას ონანამ არ გაატანინა, ხოლო შემდეგი იერიშისას „ნაპოლი“ ლამაზი გოლით ანგისამ დააწინაურა. 79-ე წუთზე „კვარას“ პასით სიმეონემ გაიტანა, მაგრამ მსაჯმა იქამდე ზილენსკიზე ჯარიმა დააფიქსირა. 82-ე წუთზე ლუკაკუმ ჟუან ჟეზუსს დაასწრო და ანგარიში გაათანაბრა. შემდეგ სპალეტიმ კვარაცხელია შეცვალა. 85-ე წუთზე დი ლორენცომ დალაშქრა ონანას კარი, კომპენსირებულ დროში გაეტანომ და "ნაპოლიმ" გაიმარჯვა.
შემდეგ შეხვედრას „ნაპოლი“ 28 მაისს გასვლაზე „ბოლონიასთან“ ჩაატარებს.
ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - ინტერი 3:1
გოლები: 1:0 ანგისა (67), 1:1 ლუკაკუ (82), 2:1 დი ლორენცო (85), 3:1 გაეტანო (90+4)
გაძევება: გალიარდინი (41)