კვარაცხელიას სეზონის ბოლო და მომავალი - გამოწვევები, სირთულეები, მონატრებული გოლი...

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიამ ქართველი გულშემატკივრები ფეხბურთსა და ტელეეკრანებთან მასობრივად დააბრუნა - "კვარას" მაისურით უამრავ ბავშვს ნახავ, რომელთაც ქართველი გმირი ჰყავთ; ვეტერანებს ძველი თბილისის "დინამოს" ემოციები გაუღვივდათ... ამ ფონზე ნერვიულობამაც იმატა, რადგან ქართველ გარემარბს შედეგიანი მოქმედება (გოლი, პასი) 19 მარტის შემდეგ არ ჰქონია. ფაქტია, ჩვენებური სეზონის ბოლოს საერთო ასპექტით ისე ვეღარ გამოიყურება, როგორც თუნდაც იანვრიდან მარტამდე მოყოლებული, თუმცა ყველაფერს თავისი მიზეზები აქვს და ახსნადია...

ბოლო მატჩი

ჯერ, ტრადიციულად, უკანასკნელი შეხვედრა განვიხილოთ ("ინტერთან" 3:1). როგორც მოსალოდნელი იყო, ლუჩანო სპალეტის გუნდი უფრო მოტივირებული ჩანდა,
ვიდრე ბოლო მატჩებში და მთავარი მიზანი შეასრულეს - სეზონში ცხრამეტივე მეტოქე დამარცხებულია!.. მილანელთა მხრიდან ის ვნახეთ, რასაც "ნაპოლის" წინააღმდეგ შევეჩვიეთ - დაცვის მისადგომების ზედმიწევნით გაძლიერება, მეტოქის შეტევის ხაზის მაქსიმალურად ზემოთ ამოწევა და საკუთარი შანსების კონტრშეტევაზე ნახვა. არავინ იცის, მოვლენები როგორ განვითარდებოდა, "ინტერი" კაცნაკლული რომ არ დარჩენილიყო, ასე კი სიმონე ინძაგის გუნდმა საწადელს, თანაც გადახალისებული შემადგენლობით, ვერ მიაღწია.

კვარაცხელიას განსხვავებული ტაიმები ჰქონდა. თუკი საწყის 45 წუთში პრესინგზე ნაკლებად აქტიური იყო, მეორე ნახევარში უფრო აგრესიული და შეტევაში აქტიური ვნახეთ. ხვიჩას მთავარი მოწინააღმდეგე 23 წლის ბელანოვა იყო, რომელიც სასტარტოს მოთამაშე არაა. მას ჩვენებური რამდენჯერმე ოსტატურად გასცდა და "თამაშს გარეთ" დატოვა, თუმცა მეურვე სისწრაფის ხარჯზე პოზიციების დაბრუნებას მაინც ახერხებდა (ვეტერანი დ'ამბროზიოც აზღვევდა). სულ ვუთითებთ, რომ ფიზიკური გაძლიერების მიუხედავად, "კვარადონა" სისწრაფეს ინარჩუნებს, თუმცა ეს ზღვარი სადღაც მაინც გადის და ამ კომპონენტით გამორჩეულ მცველებთან (მით უმეტეს, ხვიჩა პრემიერლიგაში თუ ითამაშებს) ბურთთან ერთად აჩქარების უპირატესობის შენარჩუნება უნდა მოხდეს. დიდი ალბათობით, მომავალი წლიდან იტალიის ჩემპიონებს ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლებათ, რომელიც 77-ე ნომრის დადებით მხარეებს შეტევით ასპექტებში განსხვავებულად გამოიყენებს.

Sportall.Ge

ლუჩანოს ფორმაციაში გარემარბები კარისგან საკმაოდ შორს და გვერდით ხაზთან ახლოს მოქმედებენ. ქართველი ფეხბურთელი შედეგიანობას ამ ვითარებაშიც ახერხებდა, "ინტერთან" კი მისი ცენტრისკენ შესვლა და დარტყმა (რაც ბოლო დროს იშვიათად ხდება) გოლით არ დასრულდა. ხვიჩამ ორივე შემთხვევაში სივრცე ძალიან კარგად გაითავისუფლა, დასარტყმელად იდეალური დროც მოძებნა, ცუდადაც არ დაურტყამს, ონანა კი ძლიერი მეკარეა, თანაც ასე ჩანდა, ის ზუსტად გრძნობდა, "კვარას" ბურთისთვის რა მიმართულება უნდა განესაზღვრა. კვარაცხელია მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებულია და იმ ფონზე, როცა მთელი სერია "ა" მისი შესწავლითა და შესაბამისი ზომების მიღებითაა დაკავებული, დარწმუნებული ვართ, მას მომავალ სეზონში კიდევ უფრო მრავალფეროვანი არსენალით ვიხილავთ. მარცხენა გარემარბს ახლა გოლი ცოტათი მოენატრა, ისე კი შედეგიანობა ისედაც მკვეთრადაა გაზრდილი, რუსეთის პირველობაზე მისი საუკეთესო შედეგი 4 გოლი იყო.

გაუქმებული გოლის დროს ვნახეთ ეპიზოდი, როცა კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, ჩვენებურში პასის კულტურა რა მაგრად ზის - როცა ზელინსკის ცოტათი გაუგებარი მოქმედებების შემდეგ ქართველმა შემტევმა სიმეონე მოძებნა, გოლი კი პოლონელის დაჯარიმების გამო გაუქმდა. რაც გვაკლია, ქართულ-ნიგერიული დუეტის გოლით დასრულებაა და ხვიჩამ ვიქტორი ბოლო მატჩშიც რამდენჯერმე ძალიან დროულად, ზუსტად და მახვილგონივრულად შეიმჩნია. ეს ის შემთხვევა არ ყოფილა, როცა პასის გაცემის მომენტი მოწინააღმდეგეებმა გაშიფრეს, თუმცა გაძლიერებული მეურვეობის პირობებში ოსიმენს ბურთის სათანადოდ მოხელთება და კარის აღება გაუჭირდა.

და ზოგადად...

ფეხბურთი გუნდური სახეობაა და ინდივიდუალიზმზე რაც უნდა ვისაუბროთ, მას ერთიანი ფაქტორები განაპირობებს. აპრილიდან მოყოლებული, ნეაპოლელთა თამაში კრიტიკას ვერ უძლებს. როცა გუნდი მეტოქის პრესინგზე ამოყვანას ვერ ახერხებს, შეტევაში გადასასვლელად სისწრაფეები და შემოქმედება აკლია, განაღდებული ტიტულის გამო შემართების დეფიციტი და გადაღლილობის ფაქტორი თავს იჩენს. ასეთ დროს კვარაცხელიას შედეგიანობამაც დაიკლო. ამის მიუხედავად, როცა დიდი ხარ და კიდევ უფრო მეტი გსურს, მიზეზები მაინც საკუთარ თავშიც უნდა ეძებო და ის განავითარო, რასაც "კვარასგან" ვხედავთ კიდეც. სირთულე მისთვის ახალი გამოწვევაა!..

Sportall.Ge

ადგილობრივი პუბლიკა ბოლო დროის ამბებით უკმაყოფილო იყო და მათი ამ ემოციების გადაფარვა თუ ვინმეს შეუძლია, ეს ხვიჩა კვარაცხელიაა - მუდმივად გამწვავებაზე, არაორდინარულ ქმედებასა და თვალწარმტაც სანახაობაზე მოფიქრალი და მისი შემქმნელიც. ხვიჩას მიმართ მოთხოვნაც გაზრდილია, მისგან სულ გაოცებას ითხოვენ და ამასობაში, გადაღლილი სეზონის ფინიშზეა, რომელმაც რეალურად, ტრავმის გარეშე (მხოლოდ ბანერზე მიჯახების გამო დაზიანება და გაციება იყო) ჩაიარა. მასში სხვა ცვლილებებიც დატრიალდა, რომელიც პირად ცხოვრებას დაუკავშირდა, რაც დამატებითი ემოციებია. ქართველი გარემარბი მენტალურად ძლიერია და ჩემპიონატის საუკეთესოობის მთავარი კანდიდატიცაა. სუბიექტურობა რომ არ დაგვწამოთ, ბოლო პერიოდში განსაკუთრებულ ფორმაში არც ოსიმენია და აქაც გუნდის ზოგად მდგომარეობამდე მივდივართ. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, მოტივაციური ასპექტების გასაუმჯობესებლად კაპიტანი ყველაფერს აკეთებს - დი ლორენცო კვლავაც შემართულია, ისევ გაიტანა, ბოლომდე იბრძვის, რათა როგორც საკუთარი, ასევე სხვების შეცდომები გამოასწოროს. ის მართლაც სანაქებო ფეხბურთელია.

სეზონის ბოლომდე ორი შეხვედრაა, თუმცა ამაზე მნიშვნელოვანი კვარაცხელიას მომავალი წლებია, სტაბილურობის შენარჩუნებისა და სრულყოფილების!..

alt"ნაპოლიმ" კაცნაკლულ "ინტერს" მძიმე მატჩი მოუგო [VIDEO]

altოსიმენი სპალეტის გაუბრაზდა - "ნაპოლის" მწვრთნელმა გუნდიდან წასვლა დაადასტურა?

მკითხველის კომენტარები / 19 /
სასწაულს ამბობთ, ამდენი კრიტიკული პასაჟი კვარაზე სად ნახეთ? მართლა თამაშს მოწყვეტილ სადღეგრძელოებზეა გადასული მთელი ქვეყანა
არდილესს
23 მაისი 2023 21:23
0
სტატია-სადღეგრძელო
არდილეს
23 მაისი 2023 21:10
5
მთავარი პრობლემა გუნდის თამაშშია.პირველ წრეში ჩქარა ამოჰქონდათ ბურთი .ახლა ხვიჩასთან ბურთი რომ მივიდეს სამი-ოთხი ფეხბურთელის აქეთიქით უაზრო პასები ჭირდება.ეფექტი აღარ არის. გუნდი შრიდან დარტყმებს ვერ იყენებს.ორი გოლის გარდა ყველა ახლოდანაა გატანილი.ხვიჩაც ერფეროვნად და არა ძლიერად ურტყამს მარჯვნივ რომ გადის.მეკარე ადვილად ხვდება.
ჯუჯი
23 მაისი 2023 18:25
0
ციციკორე-
ისე, რაც ლეაუს მაისური გაუცვალა, იმის მერე საგოლე აქტივობა არ ქონია
თენგო
23 მაისი 2023 18:00
0
სტატიის ავტორმა უკვე მიგვაჩვია,კარგ ანალიზებს და ამ სტატიასაც, ამ კატეგორიაში გავიყვანდი.ადრე მასაც არაერთხელ აღუნიშნავს,მაგრამ ამ სტატიაში,ერთი რამის აღნიშვნა დაავიწყდა ღვთისავარს.ხვიჩამ წინა სეზონი,რუბინში დაიწყო,ბათუმის დინამოში გააგრძელა და შესვენების გარეშე,ნაპოლიმ წაიყვანა.თითქმის სრული ორი წელი,შვებულების თუ დასვენების გარეშე უწევს თამაში და რასაც თამაშობს,როგორც თამაშობს,ეგეც საკვირველია.ივნისში,ნაკრებშიც მოუწევს თამაში და მანამდე დასვენებაზე ფიქრიც კი,რა თქმა უნდა გამორიცხულია.სერიოზულად მეშინია გადატვირთვის გამო,ტრავმა არ მიიღოს,ან ფსიქოლოგიურად არ გადაიწვას.ვფიქრობ ჩვენ,ქართველმა გულშემატკივრებმა მაინც უნდა შევუმციროთ ფსიქოლოგიური წნეხი,რათა გადამეტებულმა პასუხისმგებლობამ,მის მზადყოფნაზე ცუდი გავლენა არ მოახდინოს.
სოსო
23 მაისი 2023 14:55
1
მოკლედ, მომავალი სეზონიდან ვინც იქნება ნაპოლის მწვრთნელი, ხვიჩას მაქსიმალურად გამოყენება თუ უნდა, აუტის ხაზთან ხანგრძლივად დაბირჟავება უნდა აუკრძალოს.
როცა ხვიჩა აუტის ხაზზეა აწებებული, მაგ დროს მისი შესაძლებლობების მინიმუმს იყენებს ნაპოლი. უკვე ყველამ გაიცნო, აღარ აქვს მოულოდნელობის ეფექტი, 2-3 კაცი სულ წინ უდგას და ხვიჩაც უკვე ათიდან ცხრა შემთხვევაში თამაშის გამწვავების ნაცვლად, უკან ან გვერდით იძლევა უწყინარ პასებს. მერე სანამ ნაპოლელები ხვიჩას მიცემულ ბურთს ცენტრამდე ან მარჯვენა ფლანგამდე მიიტანენ, ხვიჩაზე გადმოსული 2-3 კაცი მარტივად ასწრებს პიზიციებზე დაბრუნებას.
ხვიჩა აუტის ხაზთან უფრო სწრაფი კონტრშეტევის დროსაა სასარგებლო, როცა წინ სივრცე აქვს და 1-2 კაცის მოტყუების შემდეგ, კიდევ 3-4 და მეტი მოწინააღმდეგე არ უხვდება წინ.
ამიტომ ხვიჩა უფრო უნდა მომძლავრდეს ფიზიკურად რაც შეიძლება ნაკლები დრო აუტის ხაზთან და მეტი ცენტრში შესვლა, მეტი ფლანგის გაცვლა!
რაც უფრო მეტს იმოძრავებს, მით უფრო მკვლელი სტატისტიკა ექნება.
Anjelo Antei
23 მაისი 2023 14:01
2
მაქსიმუმ ერთი სეზონი და უნდა წავიდეს მერე ხვიჩა. სპალეტი მიდის და იმედია კიდევ ვინმე ისეთი არ მოვა რომელიც ხვიჩას ჩარჩოებში ჩასმას მოინდომებს, ხვიჩასნაირი ერუდირებული შემტევი ვერ ეგუება ასე აუტის ხაზზე მიწებებებს და "ფრთების შეჭრას", მას სრული თავისუფლება სჭირდება რათა ლაღად წნეხის გარეშე ამოაფრქვიოს მისი ნიჭი, სქილები, არაორდინალური გადაწყვეტილებები კონკრეტულ მომენტებში. რეალურად რომ შევხედოთ მეტი ხელფასი და უკეთესი გუნდია საჭირო. მაგრად არ მომწონს ჩვენი ბიჭი ასე ფლანგზე და ძაან კიდისკენ რომაა გაწეული, მე ვფიქრობ SS პოზიციას მაგრად აითვისებდა, ტაქტიკურადაც მეტი უნდა ასწავლონ და შესაბამისი მწვრთნელია საჭირო, სივრცეებს მეტად უნდა ეძებდეს და ითვისებდეს პასის მისაღებად სიღრმეში, მარტო ფლანგზე თამაში დიდი ვერაფერი ბედენაა, ცენტრშიც უნდა შედიოდეს და შეეძლოს პლეიმეიკერის როლის შეთავსებაც რასაც სპალეტი როგორც ჩანს მონოტონურად უშლის. ბევრი რომ არ გავაგრძელო კიდე მეტს ველი ამ ბიჭისგან და იმედია ისეთ გუნდშიც მოხვდება რომელსაც საკმაოდ მობილური ნახევარდაცვა ეყოლება და უსწრაფესად მიიტანენ თავდამსხმელებამდე ბურთს და ბუნებრივია ვისურვებდი დახვეწილი განაპირა მცველიც ჰყოლოდა ფლანგზე პარტნიორად და არა რუის ან იგივე ოლივერას ნაირი "პროგნოზირებადი" იდიოტები.
Charley
23 მაისი 2023 13:40
3
შეყვარებულის ბრალი კი არააა, არამედ, აქედან და იქიდანაც ფანების ბრალია, მაგარ პრესში რო გვყვავს და ყავთ ხვიჩა! ჯერ 22-წლისაა და და ეგრევე დავაბერტყეთ მარადონოობაა და ლამის ჩვენივე "ფანტაზიებით" გადაუსწრო კიდევაც. საერთოდ გულშემატკივრებს, განსაკუთრებით ქართველებს და იტალიელებიც არ ჩამოგვივარდებიან, (ემოციებში მაგრად ვგავართ ერთმანეთს) გვჩვევია გადაჭარბებული აღტკინება, პირდაპირ უკიდურესობაში გადავარდნა და იმას ვერ ვხედავთ თუ, ამით როგორ ვბოჭავთ, ჩვენს საყვარელ ფეხბურთელს. ან ამდენი "ვიზიტიორების" ჩასვლა ხვიჩასთან, რომელსაც ხან ვინ აწუხებს და ხან ვინ (ხვიჩა ზრდილობიანი ბიჭია და არ იმჩნევს) ვაცადოთ ხვიჩას თვითონვე განაგოს, თავისი კარიერაც და პირადი ცხოვრებაც, (მითუმეტეს ხვიჩა ძალიან ჭკვიანი ბიჭია) ვუყუროთ ხვიჩას თამაშებს, ვისიამოვნოთ, ოღონდ ზედმეტი "დირექტივებების" გარეშე!
რეზი
23 მაისი 2023 12:52
3
ზოგადად იტალიელები,ემოციურობით არ ჩამოგვრჩებიან ქართველებს,მაგრამ ეს ზოგადად.სამხრეთ იტალიელები კი,ჯიბეში ჩაგვისვავენ ჩვენც და ჩრდილო თუ ცენტრალურ იტალიასაც.ამ ერთ წელიწადში,უამრავი რეპორტაჟი ვნახეთ,ნეაპოლიდან და რა ექსტაზიც იქ ხდება,თბილისში ამის წარმოდგენაც კი,შეუძლებელია!ა978 წელს დინამოს გაჩემპიონების და 1981 წელს,თასების თასის აღების დროს ზეიმის შემსწრე და მონაწილე ვარ,მაგრამ მაშინაც ვიზეიმეთ და მეორე დღეს, ცხოვრება გავაგრძელეთ.ნეაპოლი კი,ცისფრად არის შეღებილი და დღესაც მხოლოდ ფეხბურთით სუნთქავს
სოსო
23 მაისი 2023 14:41
0
ხვიჩა გაიტანს ნაპოლის ბოლო სასეზონო გოლს. ასეთია ჟანრის კანონი. სცენაზე, პირველ აქტში რომ კედელზე თოფი ჰკიდია, ეგ თემაა. :)
აგერ, ნახავთ.
გოგია
23 მაისი 2023 12:21
2
მიშას და ხვიჩას მსგავსება იმაშია რომ ორივემ დიდი სიხარული შემოიტანეს საქართველოში.მაშინ ყველა ბავშვს 11 ნომერი ეწერა მაისურზე და ახლა 77 აწერიათ.მოდი შეეშვით ორი ულამაზესი ქართველი ფეხბურთელის ერთმანეთთან შედარებას და დაპირისპირებას.რაც შეეხება ხვიჩას, ბოლო თამაში კარგათ ითამაშა.ასე მგონია ოსიმენს რომ უკეთესად ეთამაშა/ბოლო თამაშებს სუსტად ატარებს/ ხვიჩასაც უკეთესი შედეგი ექნებოდა.სტატია მომეწონა, მადლობთ
ამაშია საქმე
23 მაისი 2023 11:57
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული