კვარაცხელია ახალ მწვრთნელთან და ტაქტიკაში უფრო შედეგიანი უნდა იყოს - გასპერინის უპირატესობები...

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიასთვის შთამბეჭდავი სეზონი დასასრულს უახლოვდება. ბიჭმა "არსაიდან" ევროპული ფეხბურთი აალაპარაკა და "ოქროს ბურთის" ნომინანტებში მე-12 ადგილს იკავებს. ქართველი გულშემატკივრები უკვე მომავალ წლებზე ფიქრობენ, როცა "კვარა" საფეხბურთო სამყაროს უკეთ დაიპყრობს. სატრანსფერო ჭორებს მუდმივად გავიგებთ, ახლა კი ყველაზე რეალური ისაა, ქართველი გარემარბი "ნაპოლიში" დარჩეს, მისი მთავარი მწვრთნელი კი ლუჩანო სპალეტი აღარ იყოს. გუნდიდან კიმისა და ოსიმენის წასვლის შანსიც დიდია, რაც მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს.

ნეაპოლელთა მწვრთნელობის კანდიდატად აქტიურად ორ პიროვნებას ასახელებენ - ჯან პიერო გასპერინისა და ანტონიო კონტეს. ორივე სპეციალისტს ერთი რამ
აერთიანებს, ისინი უპირატესობას 3-მცველიან ტაქტიკას ანიჭებენ. ამ ეტაპზე უფრო მეტად "ატალანტას" დამრიგებელზე უთითებენ და ჩვენც უფრო მეტი გასპერინიზე ვთქვათ. 65 წლის სპეციალისტის სამწვრთნელო კარიერა "იუვენტუსის" ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო და "ინტერშიც" უმუშავია, ყველაზე კარგად კი თავი "ჯენოაში" მუშაობით გაითქვა, სადაც ეს გუნდი სერია "ბ"-დან დააწინაურა და ამბიციური გახადა. ჯან პიეროს "ატალანტა" სასიამოვნო ფეხბურთის მოყვარულია, ბევრი გააქვს, შეტევაზე ფიქრობს და ბევრსაც უშვებს. გასპერინს ჰქონდა მცდელობები, გუნდი უფრო პრაგმატული გაეხადა, რაც დიდი ხნით მაინც არ გამოუვიდა.

Sportall.Ge

მიმდინარე სეზონში ქართველი გარემარბის საუკეთესო გოლი ალბათ სწორედ "ატალანტას" წინააღმდეგ იყო. "ნაპოლის" სავარაუდო მომავალი დამრიგებლის წინა ხაზზე სამი შემტევია, განსხვავებული ფორმაციით - "1-2" ან უფრო მეტად "2-1". ორივე შემთხვევაში, წინა ხაზის მოთამაშეები მოწინააღმდეგის კართან უფრო ახლოს ტრიალებენ, ვიდრე ეს სპალეტის ფორმაციაშია.

თანამედროვე ფეხბურთი სწორხაზოვანი იმიტომაც გახდა და დრიბლიორების დეფიციტია, მწვრთნელები იმაზე უფრო ფიქრობენ, დაკარგული ბურთის შემთხვევაში, ის როგორ დაიბრუნონ. შეუძლებელია, ყველა ფინტი შედეგიანი იყოს, შემტევებისგან განუვითარებელი იერიშიდან კი შესაძლოა, გოლი საკუთარ კარში მიიღო. ხვიჩა კვარაცხელიამ ამხელა მოწონება იმის გამო დაიმსახურა, ის მეტოქეებს თავბრუს ახვევს, ჩარჩოებიდან ამოვარდნილია, ამავდროულად კი, მწვრთნელის ტაქტიკურ დავალებებში მაქსიმალურად ჩართულია, დაცვაში ირჯება და ართმევები შეუძლია. ასეთ დროს შენს ფლანგზე მოთამაშე მცველსა და ნახევარდაცვის უნარს, დაკარგულ ბურთს შეტევაში რამდენად სწრაფად დააბრუნებს, დიდი მნიშვნელობა აქვს. სეზონის მეორე ნახევარში ნეაპოლურ გუნდში ეს პრობლემა იდგა.

Sportall.Ge

შეტევის დროს სპალეტის ფილოსოფია იმაში მდგომარეობს, ცენტრში მოთამაშეები (ანგისა და ზელინსკი) ფლანგებისკენ გადანაწილდნენ, გარემარბებმა კი (ხვიჩა და ლოსანო) გვერდით ხაზთან ძალიან ახლოს იმოძრაონ. კვარაცხელია ცენტში შესვლით თავისუფალ ზონებს ხსნის და თუკი იერიშზე თავად არ მიდის, მარცხენა ფლანგზე თანაგუნდელს ხელსაყრელ პასს აძლევს. გვგონია, რომ გასპერინის ტაქტიკაში ქართველი გარემარბი უფრო შედეგიანად ათამაშდება, რადგან ცენტრში და კართან ახლოს იქნება. მსგავს განლაგებას საქართველოს ნაკრებშიც ვხედავთ, როცა მთელი ფლანგის კონტროლი ერთ ფეხბურთელს ევალება და "კვარა" შუაში შედის.

ჯან პიეროს "ატალანტა" ისე ჰყავს დაკომპლექტებული, საკუთარ სქემას კარგად მოარგოს და ეს ბუნებრივია. მაგალითად, მარცხენა ფლანგს აქ დავიდე ზაპაკოსტა აკონტროლებს, რომელსაც მსგავსი გამოცდილება ანტონიო კონტეს "ჩელსიში" ჰქონდა. აქვე უნდა ვთქვათ, რომ როგორც მარიო რუის, ასევე მატიას ოლივერას ამ ფუნქციის შესრულება გაუჭირდებათ და დიდია შანსი, ახალმა მწვრთნელმა აქ ალტერნატივაზე იფიქროს. ასეთ დროს ხშირია, როცა დამრიგებელს გუნდში თავისი ფავორიტი მოთამაშე მიჰყავს. შესაძლოა, ასეთი დანიელი იოაკიმ მელე იყოს, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე მშვენივრად ასპარეზობდა. მართალია, 26 წლის ფლანგელი მარჯვნივ თამაშობს, თუმცა ფრთის შეცვლაც შეუძლია. კვარაცხელიას გამოყენება გასპერინის ნებისმიერ ტაქტიკურ სქემაში შეუძლია, როგორც ორი ფორვარდის უკან, ასევე მარცხენა შემტევად. ორივე შემთხვევაში, როგორც ირვინ ლოსანოს, ასევე მატეო პოლიტანოს ამ ტაქტიკასთან ადაპტირება გაუჭირდებათ, საყრდენ ზონაში კი დიდი მნიშვნელობა ექნებათ ნახევარმცველებს, რომლებიც პრესინგით, ბურთის ართმევითა და შეტევაში კარგი ხედვით გამოირჩევიან.

დაველოდოთ, მომავალი სეზონი არც ისე შორსაა!..

altკვარაცხელია მამარდაშვილს ექომაგება - "მე და ეს ბიჭი ბავშვობიდან ერთად მოვდივართ"

altკვარაცხელიას სეზონის ბოლო და მომავალი - გამოწვევები, სირთულეები, მონატრებული გოლი...

alt"ნაპოლიმ" არჩევანი უკვე გააკეთა" - იტალიურმა პრესამ სპალეტის შემცვლელი და კვარაცხელიას ახალი შესაძლო მწვრთნელი დაასახელა

მკითხველის კომენტარები / 12 /
გინდა გასპერინი, გინდა კონტე თუ ბენიტესი, კარგი იქნება თუ მიხვდება რომ კვარა გადაიყვანოს მოედნის ცენტრში... მან უნდა იტრიალოს საჯარიმოს ირგვლივ... აკეთოს რეიდები ცენტრიდან, მარცხნიდან და მარჯვნიდან... ანაწილოს პასები ყველა მიმართულებით... კვარას უნიკალური უნარები ამის შესაძლებლობას იძლევა.. ის იდეალური იქნება ამ პოზიციაზე... მისი ადგილი აქაა.
ქუთაისი
10:42 24-05-2023
3
ევროპული საზომით მართლა სოფლის გუნდია ნაპოლი, ეგეთი შედეგი დადო გუნდმა და შლიან, მწვრთნელს უშვებენ და გუნდის ლიდერ ფეხბურთელებს, მომავალ სეზონში ოთხეულისთვის თუ იბრძლებს კარგია.
გოგა
11:26 24-05-2023
4
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული