კატასტროფული არაფერი მომხდარა, მსგავსი რამ უფრო დიდ და გამარჯვებულის მენტალიტეტის მქონე გუნდებს მოსვლიათ. მთავარია, როცა ნეაპოლელებს თამაში მისდიოდათ, ქულების მაქსიმალური რაოდენობა მოიპოვეს, კონკურენტები კი აშკარა კრიზისში აღმოჩნდნენ. ქართველი გულშემატკივრების წუხილს უფრო ის იწვევს, ხვიჩა კვარაცხელიას 13-მატჩიანი მშრალი სერია რომ აქვს, რაც მის კარიერაში აქამდე არ მომხდარა და მისი მიზეზების ძიებაში არიან, ცდილობენ ახსნას, უკავშირდება თუ არა ეს გუნდის დამოკიდებულებასა და სიტუაციას...
მუდმივად ვცდილობთ, მოვლენები სწორად და ობიექტურად შევაფასოდ, ამავდროულად კი, არც ერთი და იმავეს გამეორება გვსურს, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელიას განვლილმა სეზონმა თუ რამე "ახლოდან" დაგვანახა და მოგვცა, ისაა, რომ ფეხბურთი მხოლოდ სტატისტიკური მონაცემები არაა. სამწუხაროდ, რაიმეს დასამტკიცებლად ან უარსაყოფად ყოველთვის ამ მაჩვენებლებს უთითებენ. ქართველ გარემარბს 10 საგოლე პასი აქვს, თუმცა რამდენი ეპიზოდის გახსენება შეგვიძლია, როცა ის გოლის მთავარი შემოქმედი იყო. ამის გარდა, არსებობს თერთმეტმეტრიანის მოპოვება. რა იყო მსგავსი ბოლო მატჩში ("ბოლონიასთან" 2:2)? მეორე გატანილი გოლის ეპიზოდში "კვარა" ცენტრისკენ მიიწევს, მასზე ყურადღება გადადის, ხვიჩას ოსიმენის მოძებნა თავად შეუძლია და დიდი შანსია, "ასისტი" ჩაიწეროს, თუმცა ის იქვე პოლონელ მცველს, რომელიც ძალიან ცოტას თამაშობს, შედეგიან მოქმედებას მიათვლევინებს.
ისეც არ უნდა გამოჩნდეს, ის მიზანი გვქონდეს, კვარაცხელიას ბოლო დროის უშედეგობის გამართლებას ვცდილობდეთ. 77-ე ნომერს საამისო არაფერი სჭირს. უბრალოდ, რეალობის სრულად წარმოსადგენად გარკვეული მოცემულობის გათვალისწინებაა საჭირო. "ნაპოლის" ბოლოდროინდელ თამაშში კარგად ჩანს, ამ გუნდის აფეთქება, დიდწილად, ჩვენებურზეა დამოკიდებული. ამასთან, როცა მინდორზე კაპიტანი დი ლორენცო არაა, მექანიზმები იშლება. ხვიჩა პირველივე სეზონში ყველა მიმართულებით მაღალ ნიშნულებზე ავიდა და ყველაფრის მიწურულს, როცა გუნდი "ფორმალური საფინალო სასტვენის" მოლოდინშია, ხვიჩამ ისევ ადრინდელი შემართებით იმუშაოს დაცვაში ან თანაგუნდელების განწყობის ამაღლებაზე იზრუნოს, წარმოუდგენელი დავალებაა. ამის მიუხედავად, მან იცის, რომ როცა შენ მიმართ მოთხოვნა იზრდება, არაფერს გპატიობენ. ლიონელ მესის მაგალითიც არაერთხელ მოვიყვანეთ. ახლა "კვარადონა" ყველაზე უკეთ ხვდება, რომ ბოლო თვეების განმავლობაში საკუთარი თავისგან მეტს ელოდა. ერთი შეხედვით, ის არაფერს აკლებს, თუმცა მონაცემები, ასე რომ ჩაჰყურებენ, სხვას ამბობს.
"ერთი ჩვეულებრივი გარემარბია, ხომ ვამბობდი" - წერს ერთ-ერთი ქართველი მომხმარებელი სოციალურ ქსელში. საკუთარი მოსაზრების გამყარებაზე მუდმივად ფიქრი არასასურველი მოვლენაა. ამით იქნებ გაბოროტებამდეც კი მიხვიდე. კარგით, გვესმის წარსულის მწარე გამოცდილებების შესახებ (ამაზეც გვისაუბრია), თუმცა რომელი სტანდარტითაა კვარაცხელია "ჩვეულებრივი", ესეც გვაინტერესებს. ხვიჩა ალბათ ყველაფერს მაინც ეცნობა. ის მენტალურად ძლიერია და მსგავსი დამოკიდებულება მხოლოდ აძლიერებს. როცა კრიშტიანო რონალდო მოგწონს, სხვანაირი ვერ იქნები.
და მაინც, არის თუ არა კრიზისი "კვარას" თამაშში? გუნდში თუ ჩემპიონატში არსებული მდგომარეობიდან, სეზონის სირთულისა და მკვეთრად გაუმჯობესებული შედეგების ფონზე, ახლა ამას ვერ ვიტყვით. იქნება საზაფხულო პაუზა, დაისვენებენ მოთამაშეები, დაიწყება ახალი სეზონი და მერე უკეთ შეგვიძლია ვთქვათ, რა კომპონენტებში სჭირდება ქართველ გარემარბს მომატება და მისი რა დადებითი მხარეების შესწავლა შეძლეს. არ დაგვავიწყდეს, საქმე ახალ მთავარ მწვრთნელთანაც გვექნება. შეიძლება ეს ლუის ენრიკე იყოს, კაცი, რომლის ესპანეთის ნაკრების კარიც კვარაცხელიამ აიღო...
სეზონის ბოლოს უფრო რომ დავფიქრდეთ, წარმოუდგენელი თვეები გვქონდა, ევროპულ ფეხბურთში "დავბრუნდით" და ჩვენი ხელწერა ჩამოვაყალიბეთ. შეიქმნა ქართულ-ნიგერიული დუეტი, რომელიც მრავალი ბავშვის შთაგონების წყარო გახდა. და მაინც, თუ შედეგებამდე უნდა მივიდეთ, ხვიჩას "ორმაგი დუბლი" არ უნდა დაგვავიწყდეს, რომლის მეშვეობითაც ის იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო მეპასე გახდება. რაც შეეხება ჩემპიონატის MVP-ს, ბოლო ტურში შესრულებულმა დუბლმა და საკუთარი გოლების მონაგარის 25-მდე გაზრდამ ვიქტორ ოსიმენის შანსები მაინც უფრო გაზარდა, ჩემპიონატის საუკეთესო გახდეს და ეს თუ ასე მოხდება, ამის გამო არც პანიკას უნდა მივეცეთ - კვარაცხელია ახლა იწყებს, წინ დიდი გზაა!..