ამხანაგურ მატჩში „ნაპოლი“ წვიმიან ამინდში „სპალს“ დაუზავდა - 1:1.
ხვიჩა კვარაცხელია აქტიური იყო, ყველა სტანდარტულს ასრულებდა, პარტნიორებს პასებით ამარაგებდა, ბურთი ხარიხას გაარტყა და სეზონის პირველი შეხვედრის კვალობაზე ურიგოდ არ გამოიყურებოდა. გასათვალისწინებელია, რომ მან ვარჯიში რამდენიმე დღის წინ დაიწყო.
„ნაპოლის“ ახალმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ ფაქტიურად სათადარიგო სასტარტო შემადგენლობა დააყენა და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. კვარაცხელია და სხვა წამყვანი ფეხბურთელები შესვენების შემდეგ შევიდნენ შეცვლაზე და თამაშის სურათი შეიცვალა: ოსიმენის პასის მერე ხვიჩას დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა, „კვარამ“ რასპადორი ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა, მაგრამ მან მიზანს ვერ უწია, კონტრშეტევისას კი მეტოქე მეკარე მერეტის შეცდომის შედეგად კურიოზული გოლით დაწინაურდა. თუმცა, მერე ანგისამ ანგარიში გაათანაბრა. წვიმა თანდათან გაძლიერდა, "სპალს" კონტრშეტევისას კიდევ ერთი შანსი მიეცა, თუმცა თავისი გუნდი მერეტმა იხსნა, ბოლოს ხვიჩას პასებით ოლივეირამ და ოსიმენმა ვერ ისარგებლეს და საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა.
შეხვედრას "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მეუღლესთან ერთად დაესწრო, ტრიბუნაზე მათთან კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი იმყოფებოდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ჯუღელი იტალიაში ხვიჩას კონტრაქტის განახლების საკითხის განსახილველად ჩავიდა. Sky Sport-ის მტკიცებით, აგენტი დე ლაურენტისს სხვა ნიჭიერ ქართველ ფეხბურთელებსაც შესთავაზებს.
შემდეგ სპარინგს „ნაპოლი“ 29 ივლისს „ჰათაისპორთან“ ჩაატარებს.
დიმარო. „კომუნალე“
ნაპოლი - სპალ 1:1
გოლები: 0:1 პულეტო (62), 1:1 ანგისა (73)
ხვიჩა კარგ ფორმაშია;
პასებს გაცილებით ხშირად აძლევდნენ.