რა იცვლება "ნაპოლიში", სად გამოჩნდა ხვიჩას არყოფნა და კვერნაძე, რომელსაც გამოცდილება სჭირდება - ოსიმენი აქ კვლავ ბედნიერია...

AutoSharing Option
მართალია, ქართული დუელი არ შედგა, თუმცა "ფროზინონესა" და "ნაპოლის" მატჩზე (1:3) საქართველოში მაინც დიდი ინტერესი იყო. გიორგი კვერნაძის დებიუტთან ერთად, საინტერესო იყო, რუდი გარსიას მხრიდან პირველ ოფიციალურ მატჩში ლუჩანო სპალეტისგან განსხვავებელ რა ცვლილებებს დავინახავდით.

როცა წინა წელს გუნდი საუკეთესო იყო, საკადრო გაძლიერება კი თითქმის არ ხდება, რთულია თამაშში ახალი ელემენტები შეიტანო; ამავდროულად, ეს აუცილებელიცაა.

Sportall.Ge

სპალეტის დროისგან განსხვავებით, მოქმედი ჩემპიონები მუდმივად ბურთის ფლობაზე ორიენტირებულები არ ყოფილან. შესაძლოა, ეს მეტოქიდანაც გამომდინარეობდა და იქიდანაც, პირველ ტაიმში ამ მხრივ ნაკლებად გამორჩეულმა, ახალწვეულმა კაიუსტემ რომ
ითამაშა, მაგრამ მაინც უნდა ვივარაუდოთ, რომ გარსია სეზონის განმავლობაში ტაქტიკურ მრავალფეროვნებას მიმართავს. ყველაფერი ეს მოწინააღმდეგეებს, რომელთაც "ნაპოლი" შეისწავლეს, საქმეს გაურთულებს.

შეხვედრაში საკმაოდ პასიური ლობოტკა ვნახეთ. სლოვაკმა თავი ბურთთან ერთად ტრიალით, მეტოქეების საჯარიმოდან ზემოთ ამოწევითა და შემტევებისთვის თავისუფალი ზონების გახსნით დაგვამახსოვრა, სეზონის მიწურულს კი ეფექტურობა საკმაოდ დაკარგა. ზამბო ანგისას შემოსვლის შემდეგ კარგად გამოჩნდა, რომ ფრანგ მთავარ მწვრთნელს შეტევების წარმართვა უფრო კამერუნელის მეშვეობით წარმოუდგენია, დაცვასა და ნახევარდაცვას ის აკავშირებდა. კვლავ დიდია პიოტრ ზელინსკის როლი.

Sportall.Ge

კიდევ ერთი სიახლე ფლანგებზე გამოიკვეთა. მაგალითად, რა ხდებოდა ძირითადად მარცხნივ, სადაც ხვიჩა კვარაცხელია თამაშობს - მარიო რუი ან მატიას ოლივერა ბურთს მაქსიმალურად დიდხანს ატარებდნენ და ცენტრისკენ მიიწევდნენ, ქართველი შემტევი კი ზედმეტად გვერდით ხაზთან ახლოს და კართან მაქსიმალურად შორს მოქმედებდა. "ახალ" "ნაპოლიში" გარემარბები კართან და მინდვრის ცენტრთან უფრო ახლოს უნდა იყვნენ. კვარაცხელიას არყოფნამ, ყველაფერთან ერთად, ერთი რამ გამოაჩინა, "ფროზინონეს" ფეხბურთელები მარჯვენა ფლანგიდან თამამად უტევდნენ. როცა "კვარა" მოედანზეა, მისი პოზიციიდან შეტევას, ფაქტობრივად, ვერ ბედავენ, რადგან შესაძლოა, ეს მათთვის მომაკვდინებელიც კი აღმოჩნდეს.

ზოგჯერ შემტევების დაცვაში თამაშზე უცნაურ გამოხმაურებას ვხედავთ. რაღაცები შეიცვლება, მაგრამ თანამედროვე ფეხბურთში ფორვარდების მხრიდან უკანახაზელების დახმარება ჩვეულებრივი ამბავია. გარსიამ ამის გამო ვიქტორ ოსიმენის გარჯა დაიწუნა. "ცხრიანი" კი კვლავ ძალიან შემართული იყო. არის მომენტები, ფეხბურთელს გუნდიდან წასვლის დრო უდგას, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მის ხასიათსა და განწყობაზე აისახება. ყველაფერი თითქოს იქით მიდიოდა, ნიგერიელს გუნდი უნდა შეეცვლა. ოსიმენი ძვირად დააფასეს, აქ დარჩა, ის კი კვლავ ბომბარდირობაზე და წინა შედეგის გასაუმჯობესებლად ფიქრს ჩვეულებრივ შეუდგა.

Sportall.Ge

რაც შეეხება გიორგი კვერნაძის დებიუტს, ამ ეტაპზე მასზე დეტალურად საუბრისგან თავს იმის გამო შევიკავებთ, რომ გიორგის ამ დონეზე სათამაშოდ აკლიმატიზაცია აქვს გასავლელი. ხვიჩა კვარაცხელიასთან მარტივი პარალელი გავავლოთ - მან ყაზანის "რუბინში" და ზოგადად, რუსეთის ჩემპიონატში საკმაოდ დიდი გამოცდილება მიიღო, ამას დავუმატოთ სანაკრებო მატჩები. ამ ფონზე, კვერნაძეს თავის გამოჩენის შანსი სათანადოდ ბოლოს ეროვნულ ლიგაშიც არ ეძლეოდა. ახლა მთავარია, "ფროზინონეს" ახალწვეულმა საკუთარ თავზე მეტად იმუშაოს, მწვრთნელის შენიშვნები გაითვალისწინოს და მისი პროგრესი თვალსაჩინო გახდეს. გიორგის ჟინს ნამდვილად ვერ წავართმევთ, უბრალოდ ერთ რამეს ვიტყვით, რაც ხვიჩაზეც გვითქვამს - დღეს მწვრთნელები ბურთის დაკარგვას ძალიან უფრთხილდებიან, ნებისმიერი შეუსრულებელი დრიბლინგი მეტოქის საპასუხო შეტევას ნიშნავს. ამავდროულად, დრიბლიორებმა მათ უნარზე უარი არ უნდა თქვან.

კვარაცხელიას დაბრუნებასა და კვერნაძის უკეთეს თამაშს ველით!..

altკვერნაძის დებიუტი სერია A-ში - "ნაპოლიმ" "ფროზინონეს" სძლია [VIDEO]

altკვერნაძეზე დი ფრანჩესკომ ისაუბრა - როგორი შეფასება მიიღო გიორგიმ?

მკითხველის კომენტარები / 9 /
კარგი სტატიაა!კვერნაძეს ძალიან უნდოდა,თავი გამოეჩინა,თუმცა ხვიჩას წინააღმდეგ ვარჯიშებზე ნათამაშებ ნაპოლის მცველებთან ბრძოლა,მასზე უფრო გამოცდილ და ტექნიკურ თავდამსხმელებსაც უჭირთ.კვარა,რუსეთში ნათამაშები 3 წლის სტაჟით და შესაბამისი ფიზიკური მომზადებით მივიდა ნაპოლიში,თუმცა აშკარად გამოჩნდა,რომ ძალები,მაქსიმუმ,70 წუთზე ჰკმაროდა.ესწ რუსეთის ჩემპიონატის გუნდის ლიდერის ფიზიკა და ბათუმში სკამზე მჯდომის ფიზიკა,რომ შეუდარებლად დაბალი იქნება,მაგას რაღა ლაპარაკი უნდა?!უცხოეთში ცხოვრების გამოცდილებაც ძალიან დაეხმარა ხვიჩას,კვერნაძისათვის კი,ეს ყველაფერი უცხოა და ასაკიც პატარა აქვს.ასე რომ ჯერჯერობით,მისგან სასწაულებს ნუ ველით.მთავარია იმუშაოს,უნარები დახვეწოს,მწვრთნელებს მიჰყვეს და გიჟივით ივარჯიშოს.ჩემპიონთან თამაშობდნენ,აგებდნენ და მწვრთნელმა გამოუშვა,მაყურებელს გააცნო,თვითონ გიორგისაც აგრძნობინა ატმოსფერო.ჯერჯერობით,ალბათ რაღაცა ხანი,აღარ ათამაშებს და სხვა უფრო გამოცდილს შეუშვებს,შეცვლებზე.თუ რა თქმა უნდა ჰყავთ,ასეთი.თუ არ ჰყავთ,მაშინ მასაც მიეცემა რაღაც დრო და ეს,მის პროგრესს,უფრო დააჩქარებს.ორი წლის წინ,მიქაუტაძეს,დებიუტი ჰქონდა მეცის შემადგენლობაში.პირველი ტურის დამატებული დროის ბოლო წუთზე,შეცვლაზე შეუშვეს,მანაც მეტოქის საჯარიმოსთან,კონტრშეტევაზე მიიღო ბურთი და პირდაპირ კარში დაარტყა,ბურთი მცველს მოხვდა და ისევ მას დაუბრუნდა.კვლავ დარტყმა,კვლავ დაბლოკვა და იქიდან წამოღებული ბურთი,მცველმა,ფაქტობრივად მეცის კარში შეიტანა.მიქაუტაძე არ გამოედევნა მცველს,სხვამ კი არავინ(ვერავინ) დააზღვია,(ყველა გადაღლილი იყო).გიორგის,მხოლოდ ბურთის დაჭერა ევალებოდა.შედეგად,მეცმა ქულები დაკარგა,გიორგი კი,უსიტყვოდ დააბრუნეს სერენში.მხოლოდ ერთი წლის შემდეგ დაიბრუნეს გუნდში და გუნდის ლიდერადაც,ამის მერე გადაიქცა.ეს უნდა ახსოვდეს კვერნაძესაც.ახალბედას,ბევრ ფერობას არავინ დაუწყებს,ამიტომ მკაცრად უნდა დაიცვას სათამაშო დისციპლინა!
გიორგის,რა თქმა უნდა სწრაფ პროგრესს, შემადგენლობაში თავის დამკვიდრებას და წარმატებულ თამაშს ვუსურვებ.
სოსო
15:15 21-08-2023
0
Მოდი ვთქვათ სიმართლე კვარა მოამზადა სლუცკიმ მანამდე პალიჩმა კაი ხალხმა კვერნაძე კი გეგუჩაძემ .განსხვავებას ხო ხედავთ
თემო
18:33 21-08-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული