"ახალი" კვარაცხელია - საგოლე პასი ცენტრიდან, მეტი თავისუფლება, ნაკლები დრიბლინგი და შესაძლო პერსპექტივები...

AutoSharing Option
"ნაპოლის" თამაში და მეორე გამარჯვება ("სასუოლოსთან" 2:0) ქართველი გულშემატკივრებისთვის ხვიჩა კვარაცხელიას მინდორზე შემოსვლამდე და მის შემდეგ გაიყო, თუმცა არამხოლოდ ჩვენთვის. მართალია, "კვარას" გამოჩენის წინ მეტოქე კაცნაკლული დარჩა და გავლენა ამანაც იქონია, ამის მიუხედავად, კიდევ ერთხელ ზუსტად დავინახეთ ის განსხვავება, რასაც ქართველი გარემარბი ქმნის!..

ახლა ყველაზე დიდი ინტერესი რუდი გარსიას გუნდში 77-ე ნომრის როლს ეხება და მსჯელობა ამით უნდა დავიწყოთ. ერთია, რა იწერებოდა, რა ჩანდა ამხანაგურ მატჩებში და მეორე  - ოფიციალური შეხვედრა. მიუხედავად გარკვეული დროით ამოვარდნისა, წინა სეზონის ბოლოდან მოყოლებული უშედეგობის
გამო ნერვიულობისა, თითქოს სახელფასო ალიაქოთისა, ხვიჩა მინდორზე ლაღად, თავდაჯერებულად და თამაშს მოწყურებულად შევიდა. ის, რომ კვარაცხელია გამთამაშებლის პოზიციაზე აღმოჩნდა და მშვენიერი საგოლე პასი აქედან შეასრულა, ამ ადგილას შემთხვევით აღმოჩენის გამო არ ყოფილა. როგორც ჩანს, რუდი გარსია მას მართლაც მაქსიმალურ თავისუფლებას აძლევს და მინდვრის ცენტრში უფრო ხშირადაც ვნახავთ. "კვარადონას" შეუძლია, ბურთი ვიწრო ტერიტორიაზე დაიმორჩილოს, შეტევა კარგად გადაანაწილოს და ისეთი პასები ჩაიფიქროს, მცველები იოლად ვერ მიუხვდნენ. მისი ბურთთან ყველა შეხება გამამწვავებელი იყო.

რაც ამას შეჩვეულ გულშემატკივარს, შესაძლოა, თვალში მოხვდა, ქართველი ფეხბურთელის მხრიდან ნაკლები დრიბლინგი იქნებოდა. როცა რამდენიმე მოთამაშე "ფეხზე გაზის", შეტევის გასამწვავებლად ისეთი გზა უნდა მოძებნო, ბურთის დაკარგვა მინიმუმამდე დაიყვანო. მთელ მსოფლიოს აღაფრთოვანებს ის, რაც ხვიჩამ "ლივერპულის" მცველებს დაატეხა. მოწინააღმდეგეები ამის აღმოფხვრაზე მუშაობენ და უნდა შევეგუოთ, რომ დიდია შანსი, ჩვენებური უფრო "დირიჟორის" ფუნქციებით იყოს და არა მუდმივად დრიბლინგებზე მოფიქრალად - ასეთ დროს "კვარა" კარისკენ ზურგით ხშირად იქნება.

Sportall.Ge

გარსიას "ლილში" ედენ აზარის კარგი გამოცდილება აქვს, როგორც ე.წ. თავისუფალი მოთამაშის. ეს ბოლომდე დაცვითი ფუნქციებიდან გათავისუფლებას არ ნიშნავს, მუდმივი გადაადგილებებით კი მეტოქეს აბნევ და შენ შესაჩერებლად იმდენ რესურსს ხარჯავს, თავად იერიშებზე ფიქრი უჭირს. ამ დროს ნახევარდაცვის როლი ძალიან დიდია. თუმცა, გვახსოვს, რუდიმ ოსიმენს დაცვაში უფრო აქტიურობა რომ მოსთხოვა.

გარსიამ თითქოს უკმაყოფილოდ თქვა, რომ ტაიმის ბოლო 15 წუთში მისმა გუნდმა ბურთი დათმო. არადა, ამაში დადებითი ისაა, რომ სპალეტის დროისგან განსხავევით, ნეაპოლელებს მატჩის წარმართვისას უფრო მეტი მრავალფეროვნება აქვთ, ბოლოს ორფორვარდიანი ტაქტიკაც კი ვნახეთ. წარმოიდგინეთ, ფრანგ მთავარ მწვრთნელს გუნდი საკუთარი გემოვნებით არ დაუკომპლექტებია, ამ დროს კი არსენალი ლუჩანოზე მეტი აქვს. კვლავ დიდია ვიქტორ ოსიმენის როლი, ლობოტკას მნიშვნელობის შემცირებაზე კი წინა შეხვედრის შემდეგაც ვისაუბრეთ - სლოვაკი ბურთთან ერთად უფრო იშვიათადაა, შესაბამისად, ცოტა პასსაც აკეთებს. აქვე, პენალტისტის ამბავიც საბოლოოდ უნდა გაირკვეს. უკვე ორი სეზონია, გუნდი ამ მხრივ ზედმეტად ბევრს სცოდავს.

უფრო მეტს "ლაციოსთან" ვნახავთ. სარი ბევრს იფიქრებს, ამ სიახლეებს რა უნდა დაუპირისპიროს და "ახალი" "ნაპოლის" პირველი სერიოზული გამომცდელი ის იქნება, იმის მიუხედავად, რომ რომაელებს სტარტზე ორი მარცხი აქვთ.

altხვიჩა შევიდა და დი ლორენცოს გაატანინა - "ნაპოლიმ" კვლავ გაიმარჯვა [VIDEO]

altრუდი გარსია: ასე კვარაცხელია უფრო არაპროგნოზირებადი გახდება

მკითხველის კომენტარები / 16 /
ხვიჩას რო უყურებ, ზიდანი, პლატინი და ჩვენი დათო ყიფიანი მახსენდება. დღევანდელ ფეხბურთს ჭკუით მოთამაშე აკლია, გოლი მოულედნელობაა, წამიერებაა…ამას ვერ ისწავლი, ეგ გენში უნდა გქონდეს. ხვიჩას ეგ აქვს. ღმერთმა გაუმართლოს, უნდა ითამაშოს დიდი ფეხბურთი, იმედია. ყველას გილოცავთ მარიამობას.
ანაგელი
15:43 28-08-2023
4
ან ბრმა უნდა იყო, ან ბოროტი, მის კლასს რომ ვერ ხედავდე. კარგი გუნდია ნაპოლი, მაგრამ ხვიჩა უფრო მაღლა დგას...
მერაბი-1960
14:32 28-08-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული