ჩემპიონთა ლიგაზე "ნაპოლი" C ჯგუფში "რეალთან", "ბრაგასთან" და "უნიონთან" მოხვდა და ხვიჩა კვარაცხელია "ბლანკოსის" წინააღმდეგ ითამაშებს, რომელსაც ბავშვობიდან ქომაგობს. ეს მისთვის თავის წარმოჩენის შესანიშნავი შესაძლებლობაა.
"მუნდო დეპორტივო" აღნიშნავს, რომ "სამეფო კლუბის" ყველაზე რთული მეტოქე "ნაპოლი" იქნება, რომლის რიგებში ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი თამაშობენ. მათ გასულ სეზონში ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო დუეტი შექმნეს და ნეაპოლელებმა ორივეს შენარჩუნება შეძლეს. გამოცემა წერს, რომ "ნაპოლი" აუცილებლად უნდა დაამარცხონ.
წილისყრას მონაკოში "რეალის" დირექტორი ემილიო ბუტრაგენიო დაესწრო. მან დასმულ კითხვებზე მოკლე პასუხები გასცა: "ნაპოლი" ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგეა და
სიფრთხილე გვმართებს. მათ დასამარცხებლად ბოლომდე ბრძოლა მოგვიწევს. კვარაცხელია და ოსიმენი? ისინი ჩინებული, მაგრამ სხვა გუნდის ფეხბურთელები არიან. მათი დამატება? სატრანსფერო ფანჯარა დახურულია".
კენჭისყრას "რეალის" გულშემატკივრები გამოეხმაურნენ. ისინი მიიჩნევენ, რომ მთავარ მოწინააღმდეგეს ოსიმენის, "კვარას" და ჯოვანი დი ლორენცოს სახით სამი ლიდერი ჰყავს, ვიზავიზე ძლიერები და ფავორიტები არიან, თუმცა დიდი პატივისცემით ეპყრობიან, მაგრამ უეჭველი უნდა სძლიონ და მომავალ წელს სურთ ქართველი თავიანთ გუნდში იხილონ. მათი აზრით, ჯგუფი არც ადვილია და არც რთული; კარლო ანჩელოტიმ კარგად იცის, რას წარმოადგენს "ნაპოლი", საჭიროა დაამტკიცოს, რომ კვლავაც საუკეთესო მწვრთნელია და ჩემპიონთა ლიგა უნდა მოიგონ.
ასეა ეს და ასეც იქნება!!!