კვარაცხელიაზე დამოკიდებული "ნაპოლი", წარსულის კონტურები და მთავარი იმედები "რეალთან"...

AutoSharing Option
მაშინ, როცა ხვიჩა კვარაცხელიას შედეგიან მოქმედებებზე ვსაუბრობთ, აქ უფრო მეტად საგოლე პასი უნდა ვიგულისხმოთ, ვიდრე გოლი. ქართველმა გარემარბმა თამასა თუ სადმე უნდა შეინარჩუნოს, "ასისტების" რაოდენობაა. "კვარა" სწორედ აქეთ მიდის და პარტნიორებს სამჯერ გაატანინა, რაც სერია "ა"-ში ახლა საუკეთესო შედეგია. ამას გოლების გარკვეული რაოდენობა და ის პროდუქტიული თამაში დაემატება, რაც ხვიჩას დიდი დოზით შეუძლია. როცა კვარაცხელია ფორმაშია, მისი შეჩერება ყველასთვის რთულია, მათ შორის, "რეალისთვის", რომელსაც მალე შეხვდება, თუმცა 77-ე ნომერს თუკი რამეზე განუწყვეტლივ მუშაობა მოუწევს, ეს თავისი არსენალის გაზრდაა. ჩვენებურის წინააღმდეგ
მობილიზება მუდმივად გაიზრდება, მწვრთნელები თუ დაცვაში მოთამაშე ფეხბურთელები რაღაცის მოფიქრებას სულ გადაწყვეტენ. ამას მეკარეების განსაკუთრებული მობილიზებაც ემატება, არაორდინარული გარემარბის მხრიდან ყველაფერს უნდა ელოდო და შენც "ბიჭი ხარ" და უნდა დახვდე!.. ნეაპოლელთა წარმატებაში ჩვენებურის როლი კიდევ უფრო იზრდება.

ზოგი ჭირი მარგებელიას გათვალისწინებით, "ნაპოლის" ცენტრალური დაცვის რგოლში ტრავმებმა იქნებ უკანა ხაზის თამაში უფრო საიმედო გახადოს. ოსტიგორის პროგრესი სახეზეა, ნათანის დახვეწისთვის კი სათამაშო დროის მიცემაზე უკეთესს ვერაფერს ინატრებდი. ახლა მთავარია, როცა ყველა ჯანმრთელად იქნება, გარსია როტაციაში არ აიხლართოს. როტაცია სპალეტის სუსტი წერტილი იყო. გასული სეზონის მსგავსად, გუნდი კვლავ ვერ ფიქრობს დი ლორენცოს ამოსუნთქვაზე, ოლივერა და რუი კი დროს თითქმის თანაბრად ინაწილებენ. გარსია ლინდსტრომს დროს უზრდის, ელიფ ელმასზე კი ცოტა გულდაწყვეტილად ვიტყვით, რომ ის თითქოს მეტს იმსახურებს, მაგრამ რეალურად მარცხენაფლანგელი ჩრდილომაკედონიელი კვარაცხელიასთან კონკურენციაში უბრალოდ ვერ შევა, მარჯვნივ ნაკლებად ეფექტურია, სპალეტის დროს კი ცენტრში რამდენჯერმე მოგვეწონა. ელიფს ალბათ ეგონა, მიმდინარე სეზონში მეტ შანსს მისცემდნენ. ის საკმაოდ ტექნიკური და საინტერესო ფეხბურთელია და იმედია, თავის ადგილს თუ არა აქ, სხვა გუნდში მაინც იპოვის...

Sportall.Ge

"ლეჩესთან" მატჩი იმითაც იყო გამორჩეული, რომ კვარაცხელია-ოსიმენის დუეტის გოლი ვნახეთ. ეს ნამდვილად იმის საუკეთესო ვერსიაა, რაც გასულ სეზონში გვინახავს. ხვიჩას შეუძლია, ჯერ მთელი ყურადღება მისკენ გადაიტანოს, დაცვა არიოს, გადალაგების საშუალება არ მისცეს და შემდეგ მახვილგონივრული პასი გააკეთოს. "კვარას" ორი ყვითელი ბარათი აქვს, რაც უკვე უფრო მეტია, ვიდრე მთელ საჩემპიონო სეზონში, თუმცა ამას სხვა თვალით უნდა შევხედოთ. ქართველი გარემარბის გაფრთხილება უფრო იმის გამოხატულება იყო, რომ ის თამაშში ბოლომდე რჩება, უკანახაზელების დახმარებაზე ფიქრობს და მხოლოდ საკუთარ შეტევით უნარებზე მზრუნველი არაა. მისი შეჩერება თამაში წესის დარღვევის გარეშე რომ უჭირთ, ესეც ფაქტია და გუნდისთვის კიდევ ერთი დამატებითი ბონუსი.

რა უნდა იყოს "რეალთან"? ნეაპოლელთა მთავარი შანსები მაინც შეტევაშია, დაცვა გუნდის საუკეთესო მხარე არაა, თუმცა საკითხავი ისაა, ბურთს რამდენად გააკონტროლებენ. მადრიდელთა ნახევარდაცვასთან ამის გაკეთება რთულია. სწრაფ შეტევებში ხვიჩას როლი დიდი იქნება, თუმცა ამას შესაბამისი მომზადება, პირველ რიგში, ბურთის მოპოვება სჭირდება. ანგისას ფორმაში შესვლა ამ კუთხით დადებითად გვაფიქრებს. ამ გუნდმა დიდი თამაშები ისწავლა და არც ახლა დათმობენ არაფერს.

ბოლო დროს ქართულ სპორტში გულდასაწყვეტი ამბები მრავლად იყო, ხვიჩა კვარაცხელიას კი შეუძლია, ღიმილი, სიამაყე და სიამოვნება მოგვანიჭოს. შესაძლოა, ვიმმესთვის ეს ერთი იტალიური კლუბის გულშემატკივრობაა, სინამდვილეში კი ბევრად მეტია!..

altხვიჩას მაგარი საგოლე გადაცემა - "ნაპოლიმ" "რეალთან" მატჩის წინ "ლეჩე" მარტივად დაამარცხა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 10 /
წარმატებები ხვიჩას და საქართველოს!!!
tngh
19:17 02-10-2023
1
Kvara gadauvlis reals.daimaxsovret
Pele
15:41 02-10-2023
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული