Sportall.ge ზაფხულის შესვენების
"ნაპოლის" მორიგი მატჩი მრავალმხრივი ყურადღების ქვეშ იყო - მწვრთნელის შეცვლა, კრიზისში მყოფი გუნდი და მოახლოებული რთული შეხვედრები. "ატალანტასთან" სტუმრად (2:1) გამარჯვებამ სათქმელიც ბევრი დააგროვა...
ვალტერ მაცარიმ დასახული ამოცანა წარმატებით გადაჭრა და მისთვის ახლა ეს მთავარი იყო, თუმცა, თუკი მწვრთნელსა და გუნდს მეტი სურთ, ამისთვის ბევრი რამის გათვალისწინება უნდა მოხდეს, მათ შორის, როგორც წინამორბედის, ასევე სპალეტის დროიდან. ჯერჯერობით რაც გამოჩნდა, "ნაპოლის" დამრიგებელი იმის დამტკიცებას აპირებს, რომ გუნდში ბოლოს მთავარი პრობლემა მწვრთნელი იყო და არა ტაქტიკური სქემა. შესაბამისად, ის, ფაქტობრივად, იმავე სისტემით აპირებს, ახლო წარსულის დიდებას დაუბრუნდეს. რა თქმა უნდა, ერთი მატჩი ყველაფერს ვერ გვეტყვის, მაგრამ თუკი მაცარის თავისი საყვარელი სქემის შემოტანა სურდა, როგორც იტყვიან, ამისთვის ალჩუზე დაუჯდა. რას ვგულისხმობთ? - მატიას ოლივერას ტრავმის შემდეგ გუნდი ნომინალური მარცხენაფლანგელის გარეშე დარჩა და ამ პოზიციაზე ამპლუით ცენტრში მოთამაშე ჟესუსი ვნახეთ. ეს იმას ნიშნავდა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას საკუთარი ფრთიდან შეტევაში დამხმარე, სივრცეების განმათავისუფლებელი არ ჰყავდა, ამავდროულად კი, ქართველს დაცვაშიც აქტიური მუშაობა უწევდა. არაოფიციალურად ისე გამოვიდა, ნეაპოლელები 3 ცენტრალური მცველით ასპარეზობდნენ, ხვიჩა კი მთელ ფლანგს აკონტროლებდა. უკვე ვიცით, რომ ყველაფერი ეს ქართველისთვის იდეალური არაა და შეტევაში გარკვეულ უნარებს ართმევს.
თუკი ამპლუის ცვლილებაზე ვსაუბრობთ, ვილი სანიოლის მოწადინებით, კვარაცხელია, როგორც ფორვარდი ვნახეთ - ძალიან ცივსისხლიანიც და შედეგიანიც. უნდა ვაღიაროთ, თავიდან ამ გადაწყვეტილებას სკეპტიკურად ვუყურებდით. ხვიჩამ ფორვარდის უნარები ამ შეხვედრაშიც გამოაჩინა, საჯარიმოში კარგად შევიდა, პოზიცია სწორად შეარჩია და გაიტანა. სულ ცოტა ხნის წინ აღვნიშნავდით, რომ "კვარას" გადამწყვეტი დარტყმების შესრულება რამდენიმე შეხვედრაში გაუჭირდა, მაგრამ ობიექტურად რომ გავაანალიზოთ, მთელი მატჩის განმავლობაში არაფორვარდის პოზიციაზე მოთამაშე გარემარბს, რომელიც ბევრ ენერგიას ხარჯავს, "ენდშპილში" გადამწყვეტი დარტყმისთვის იქნებ ძალებიც არ ჰყოფნიდა. აქედან გამომდინარე, გასაკვირიც კი იყო, მოედანზე ოსიმენის გამოჩენამდე მაინც, ჩვენებურს რატომ არ მიეცა საშუალება, მეტოქის საჯარიმოში ყველაზე შორს ემოქმედა. იგრძნობოდა, ახალი მწვრთნელი 77-ე ნომრის მნიშვნელობას ზუსტად იაზრებს და ბევრს აკეთებს იმისთვის, გასული სეზონის საუკეთესო ფეხბუთელს ყველა პირობა შეუქმნას, რათა მან მეტი სივრცე იპოვოს, ნახევარდაცვა შესაბამისად აათამაშოს (რაც მატჩის ძირითად ნაწილში პრობლემური იყო), თუმცა, ამ მხრივ, კიდევ უფრო მეტის რესურსი არსებობს...
ბოლო მოვლენების შემდეგ, მსაჯებთან თავშეკავებული კვარაცხელია ვნახეთ. ხვიჩას ფეხებში მართლაც ბევრი მოხვდა და ამას არბიტრებისგან შესაბამისი რეაგირება არ მოჰყოლია. ქართველი გარემარბი ფიზიკურად კარგ ფორმაშია, თუმცა ყველა ასეთი უხეშობა საფრთხის შემცველია. ამავდროულად, "კვარა" მაქსიმალურად უნდა ერიდოს ზედმეტი ემოციურობის გამოვლენას.
ამ დროს, გაფრთხილების საშიშროებას რომ შევეშვათ, ის უბრალოდ არასასურველი ენერგიით იმუხტება. ხვიჩა კვარაცხელია ის ფეხბურთელია, რომელიც საკუთარ თავზე მუშაობს და მაქსიმალურად მაღალი მიზნების დაპყრობა სურს. ნეაპოლელთა გამარჯვების გოლში გამართლებამაც თავისი წვლილი შეიტანა, მათი ახალი მწვრთნელის საქმიანობის შესაფასებლად კი ბევრი დრო გვექნება - წინ ურთულესი მატჩებია!..
კვარაცხელიამ გაიტანა - "ნაპოლიმ" ბერგამოში მძიმე მატჩში გაიმარჯვა [VIDEO]