ტრავმამორჩენილი ოსიმენი პირველად დააყენეს ძირითად შემადგენლობაში, „რეალთან“ მატჩში დაშავებული ზელინსკის ნაცვლად კი მწვრთნელმა მაცარიმ სასტარტოში ელმასს მიუჩინა ადგილი. მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს და ლობოტკას შორიდან დარტყმული ბურთი მეკარე ზომერმა მოიგერია. სტუმრებმა იერიშებით უპასუხეს, ტიურამმა გაიტანა კიდეც, მაგრამ თამაშგარე დაფიქსირდა. კვარაცხელიას ყურადღებით მეურვეობდა დარმიანი. ხვიჩამ კარგი პასი ელმასს გაუკეთა, რომლის ჩაწოდებული ბურთი ზომერმა მოიგერია, ხოლო დამატებაზე ნეაპოლელთაგან არავინ აღმოჩნდა. თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, მომენტები ხშირად არ იქმნებოდა. კიდევ ერთი შანსი პოლიტანოს მიეცა, რომელმაც ბურთი ხარიხას გაარტყა. ტაიმის ბოლოს კი ჩალჰანოღლუმ მილანური გუნდი დააწინაურა.
მეორე ტაიმში ნეაპოლელები გააქტიურდნენ. ქართველი მეურვეებს გაექცა, მახვილი კუთხიდან დაარტყა და გატანა ზომერმა არ დაანება. მერე ლაუტაროს პასი ბარელამ მიიღო, მოწინააღმდეგის დაცვა გაარღვია და მერეტის კარი დალაშქრა. როგორც იქნა, პასიურმა ოსიმენმაც სცადა გატანა, თუმცა მისი თავური მიზანს ასცდა. დარმიანი „კვარას“ გასაქანს არ აძლევდა, უხეშობასაც არ ერიდებოდა და ყვითელი ბარათი მიიღო. 83-ე წუთზე ტიურამმაც გაიტანა და შეხვედრის ბედი გადაწყდა.
„ნაპოლი“ 24 ქულით მეხუთე ადგილზეა, ლიდერ „ნერაძურის“ უკვე 11 ქულით ჩამორჩა და 8 დეკემბერს ტურინში „იუვენტუსს“ დაუპირისპირდება; 13 დეკემბერს კი, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, „ბრაგას“ უმასპინძლებს.
ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - ინტერი 0:3
გოლები: 0:1 ჩალჰანოღლუ (44), 0:2 ბარელა (62), 0:3 ტიურამი (83)