"კვარამ" დაცვაში არ უნდა ირბინოს - დე ლაურენტისის პროექტი ჩავარდა" - ნეაპოლში ვნებათაღელვაა, ფედელე კი სიმართლეს ამბობს

AutoSharing Option
"ნაპოლის" "ინტერთან" საშინაო მატჩში მარცხმა (0:3) დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ნეაპოლური გუნდის მწვრთნელის, ვალტერ მაცარის ნაცვლად პრესკონფერენციაზე კლუბის სპორტული დირექტორი მაურო მელუზო მივიდა, რომელსაც პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა უთხრა, რომ დავიდე მასას მიკერძოებული მსაჯობის გამო წააგეს.

Tuttonapoli წერს, რომ ეს თაღლითობა თაღლითობის ყველა საზღვრებს სცილდება, იგივეა, სახლი რომ გაგიქურდონ, ვიდეოზე ქურდები ჩანან, ისინი კი ამბობენ, საქმეში Var-ი ვერ ჩაერევა, მასა წესების დარღვევებისას იქვე იყო (იგულისხმება მარტინესის ლობოტკაზე უხეშობა და საჯარიმოში აჩერბის მიერ ოსიმენის წაქცევა), მაგრამ ჩარევის უფლება არ ჰქონდა; აღშფოთებული ფსევდო-ექსპერტები შეცდომების
ანალიზს აკეთებენ და ყოველივე ეს გულისამრევია.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მარიო რუისა და პიოტრ ზელინსკის დახმარების გარეშე ხვიჩა კვარაცხელია ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა, როგორც ეული უდაბნოში. ცხადია, ყველაფერი ზაფხულის კატასტროფული წინასასეზონო მომზადების ბრალია და რუდი გარსიას "ნამოღვაწარი" უახლოეს ხანში კიდევ უფრო უარეს ნაყოფს გამოიღებს.

"პარმას" ყოფილი სპორტული დირექტორი და საფეხბურთო აგენტი ენრიკო ფედელე მუდამ პირდაპირობით გამოირჩევა, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე ამბობს სიმართლეს და ამიტომ ბევრი ოდიოზურად მიიჩნევს. ამჯერად მან Radio Marte-ის ეთერში, გადაცემა Forza Napoli Semper-ში ისაუბრა.

მისი თქმით, გულშემატკივრების მოტყუება არ შეიძლება, გუნდი სკუდეტოსთვის ბრძოლას გამოეთიშა და მხოლოდ ოთხეულში შეუძლია მოხვდეს:

"გასულ სეზონში ნეაპოლში ფორმულა 3-ის მანქანისგან "ფერარი" შექმნეს. ვისაც ეს არ ესმის, თვალში სინათლე არ აქვს. ნათელი შეიქნა პრეზიდენტის ტექნიკური პროექტის ჩავარდნა, რომელსაც თავი ყოვლისშემძლედ მიაჩნია და ზღაპრებს უყვება ადამიანებს, რომლებიც ამართლებენ და მიესალმებიან.

ნაპოლის მანქანას არ ჰქონდა გადაცემათა გამართული კოლოფი, ამას ვხედავდით და ის დაინგრა. ვინც ეს ადრე ვერ შეამჩნია, ახლა თავის გასამართლებლად ალიბს ეძებს. ტურინში მოგება უსარგებლო მედალია. ანტიიუვენტინო არ ვარ, თუმცა "შავ-თეთრი" გუნდი არ მიყვარს. ის მუდამ ჩემი მეტოქე იყო, მაგრამ მათთან მოგებით დაკმაყოფილება, ხოლო შემდეგ ჩემპიონატის ფინიშზე მეოთხე ან მეხუთე პოზიციის დაკავება, ჩემი აზრით, უნიკალური პროვინციალიზმია.

ალეგრის გუნდი სხვას თამაშის საშუალებას არ აძლევს, დაცვითი ტაქტიკის, თითქმის ნერეო როკოს კატენაჩიოს მიმდევარია - ერთადერთი საშუალება მაღალი კლასის ფეხბურთელების გარეშე რეიტინგის მაღალ საფეხურზე დარჩე. რაც უნდა იყოს, "ნაპოლი" იტალიის  ჩემპიონია, ამის დავიწყება არ შეიძლება.

უნდა შეცვალონ თუ არა "კვარა"? არავითარ შემთხვევაში. ის კარგად არ თამაშობს, მაგრამ მისი შემცვლელი არ ჰყავთ. ჩემი აზრით, 20 მეტრით წინ უნდა გამოიყენონ და უკან სირბილი არ უნდა მოუწიოს. ხანდახან ჯიუტობს, თუმცა ერთ-ერთი იშვიათთაგანია, ვინც კარში ურტყამს. ხვიჩას მოქმედების დიაპაზონი წინ გაფართოებას საჭიროებს".

მკითხველის კომენტარები / 5 /
ჩვენ ჩვენსას მივხედავთ, თუ სანიოლს გავუშვებთ და ცხადაძეს მოვიყვანთ.
ზურა
06 დეკემბერი 2023 00:36
5
ყოველთვის ამას ვწერ და დავწერ შემდეგში, რომ ხვიჩა და ოსიმენი თავის საჯარიმომდე უნდა მიდიოდნონ და მოგერიებულ ბურთს უნდა ყარაულობდნონ, რომ მერე ელვისებური კონტრშეტევა განახორციელონ. ისინი თუ საჯარიმოს გარეთ იქნებიან მათთან 3-4 მცველი აუცილებლად დარჩება და ეს ხალხი მოწინააღმდეგის შეტევას მოკლდება. დღეს რა გვაქვს? ხვიჩა და ოსიმენი თავის შტანგამდე ჩადიან, ამ დროს მოწინააღმდეგე 10 კაცით უტევს და ყველა მოგერიებული ბურთი მათია. ნაპოლიმ საერთოდ დაივიწყა რაა ცოცხალი კედელი, მით უმეტეს ხვიჩას ფლანგზე. დამდგარ ხვიჩას ბურთი საერთოდ არ უნდა მიაწოდო, რადგან მასთან მომენტალურად ჩნდება 2-3 მცველი. ხვიჩა უნდა ეძებდეს დაუცველ ადგილებს და ბურთს მოძრაობაში იქ უნდა იღებდეს, ამ შემთხვევაში ძალიან გაძნელდება მისი დაჭერა. დღეს რა გვაქვს? დგას ხვიჩა გვერდით ხაზთან და მის წინ ერთი მცველია, აწოდებენ ხვიჩას ბურთს და იმ წუთში მცველის უკან მეორე მცველი ჩნდება, მესამი კი მზადაა დასახმარებლად. ხვიჩაც იძულებულია ბურთი უკან დააბრუნოს. ვერ გავიგე, ამას ვერ ხედავს მწვრთნელი? ან მეორე დღეს თამაშს არ არჩევენ და არ უთითებს მწვრთნელი ვინ სად და როდის მიქარა?
ჟორა გაბრიჭიძე
05 დეკემბერი 2023 18:16
0
თავის დროზე, მეც და სხვებმაც, ამ საიტზე, აღვნიშნეთ, რომ ხვიჩა არ უნდა ჩამოდიოდეს ღრმად დაცვაში. ჯერ ერთი, დამღლელია წინ და უკან, დაცვიდან შეტევაში და შეტევიდან დაცვაში წარამარა სირბილი. მაგას სერიოზული ფიზიკა ჭირდება. და მეორე, ხვიჩა რომ უკან ჩამოდის, ის მცველიც ხომ მოყვება და მეტოქის შემტევებს რაოდენობრივად ზრდის. სწორად აღნიშნეს აქ, ამავე მიზეზით, თავის დროზე, ახალკაცმა აუკრძალა ყიფიანს უკან ჩამოსვლა. ხოლო ანჩელოტიმ კალაძეს, რომელსაც გენიოსს უწოდებდა, შეტევაში ჩართვა და ნახევარდაცვის ხაზის გადაკვეთა აუკრძალა. იცის კარლომ რა შეუძლია სწრაფ კონტრშეტევას და და მისი გენიოსობა იმაშიც მდგომარეობს, მისი გაწვრთნილი გუნდები ყოველთვის ახერხებდნენ მოულოდნელ კონტრშეტევებს, სანამ მეტოქე დაცვის ორგაბიზებას მოახერხებს. გაიხსენეთ რეალთან შეხვედრისას ნაპოლის კარში გასული პირველი გოლი. ანჩელოტის გაწვრთნილი გუნდები ყოველთვის ახერხებენ სწრაფ კონტრშეტევებს და ზედმეტი, კარში დამრტყმელი ფეხბურთელის ხელსაყრელ პოზიციაზე გაყვანას. ამის ანტიპოდია საქართველოს ნაკრები, რომელიც ცალკეული ფეხბურთელების ინდივიდუალური მცდელობის გარდა, ვერ ახერხებს სისტემაში მოიყვანოს დაცვიდან შეტევაში და შეტევიდან დაცვაში გადასვლის სწრაფი მონაცვლეობის სტილი. იგივე ჭირს ნაპოლის ამ სეზონში. გუნდმა ეფექტურ მოძრაობებს და სისწრაფეს უკლო. თუმცა ეს იტალიელების პრობლემაა. ჩვენ ჩვენს მივხედოთ.
თენგაბი
05 დეკემბერი 2023 11:31
4
ყველა ამბობს მაცარი 3-5-2 ს გიჟი მიმდევარიაო და არც გამოუყენებია ნაპოლიში და ეტყობა არც გამოიყენებს იმიტომ რომ ლაურენტისი არ აძლევს ამის უფლებას @ ისე ნაპოლის უფრო 3-4-2-1 მოუხდება ეს სქემა ზუსტად კვარაზეა ზედგამოჭრილი და პოლიტანოზეც ! და მთლიანად ნაპოლიზეც --ჯერ ერთი ფლანგის ნახევარმცველების დროს კვარას და პოლიტანოს არ მოუწევთ უკან სირბილი და მთელ ძალას შეტევაში დახარჯავენ და მეორე-ნაპოლის დღევანდელი დაცვის პირობებში ნახევარდაცვა ისე უნდა გაძლიერდეს რომ საჯარიმოს მისადგომებამდე ჩაშალოს მეტოქის შეტევები და 4 ნახევარმცველით შეტევას თუ ვერ ჩაშლიან შეაჩერებენ მაინც და მეტოქე პოზიციურ შეტევაზე რომ გადავა კვარას და პოლიტანოს სირბილით კი არა ნელა ძუნძულით შეეძლებათ უკან ჩასვლა და ნაკლებ ენერგიას დახარჯავენ
zura222
05 დეკემბერი 2023 10:29
2
ძლივს სიმართლე თქვა კაცმა!!!!
NAPOLI!
05 დეკემბერი 2023 07:57
1

სიახლეები პოპულარული