ერთი მეტრი გმირობიდან ანტიგმირობამდე, ანუ რატომ სძულს ზოგიერთს კვარაცხელია

AutoSharing Option
თვით უცხოური გამოცემები აღნიშნავენ, რომ გასულ სეზონში „ნაპოლის“ მიერ სკუდეტოს მოგება დიდწილად ხვიჩა კვარაცხელიას დამსახურება გახლდათ. იმავეს მოლოდინი იყო ამ სეზონშიც, მაგრამ ჯერჯერობით იმედები არ მართლდება, რასაც თავისი როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური მიზეზები აქვს. და ყველაფერი უცბად კვარაცხელიას დაჰბრალდა, ნეაპოლური გამოცემების კრიტიკის მთავარი ობიექტი გახდა და არც თანამემამულეებმა დაინდეს, თუმცა ამაზე ქვემოთ მოგახსენებთ.

ახალ გუნდში მეორე სეზონი ფეხბურთელისთვის ყოველთვის რთულია, მით უმეტეს, ხვიჩასთვის, რომლის თამაში შეისწავლეს
და უკვე 2-3 მეურვე ჰყავს. მთლიანად გუნდზე იმოქმედა იმ ფაქტმა, რომ ხელფასები არ მოუმატეს და შემადგენლობა არ გააძლიერეს. პირიქითაც შეიძლება ითქვას, კიმ მინ ჯეს გაყიდვის გამო დაცვაში სერიოზული პრობლემა შეიქმნა, რამეთუ, როდესაც დიდ გუნდებს ხვდებიან და თანაბარი თამაში მიდის, დაცვის ცენტრი გადამწყვეტი მნიშვნელობის შეცდომას უშვებს. თორემ „ნაპოლი“ უკანასკნელ ხანს წაგებულ მატჩებში მეტოქეებზე უარესად არ გამოიყურებოდა. საქმე ისაა, რომ თუ მოწინააღმდეგეებმა „კვარას“ და ვიქტორ ოსიმენის განეიტრალება მოახერხეს, ნეაპოლელებს თამაშის საკუთარ თავზე ამღები სხვა არავინ ჰყავთ. ეს ფაქტია და სწორედ ამას გაუსვა ხაზი ნახევარმცველმა პიოტრ ზელინსკიმ, რომ როდესაც ლიდერებს გასაქანს არ აძლევენ, დანარჩენებს მართებთ თავის გამოჩენა.

რაც შეეხება უშუალოდ ხვიჩას, კარგ ფორმაშია, უბრალოდ, იმხელა ტვირთი აჰკიდეს, შეუძლებელია უკეთ წარმოაჩინოს თავი. ადამიანს აქვს თავისი ფიზიკური შესაძლებლობების ზღვარი, არ შეიძლება მთელ ფლანგზე იმოქმედოს, დაცვასაც დაეხმაროს, მერე დრიბლინგი განახორციელოს და გოლები გაიტანოს. ამას ენერგიის დაზოგვა სჭირდება. ერთ მაგალითს გავიხსენებ: ძველ თბილისის „დინამოს“ მოწინააღმდეგემ შეუტია და დავით ყიფიანმა დაცვის დასახმარებლად უკან დაიხია, ნოდარ ახალკაცმა კი დაუძახა, რას შვრები, დათო, ვინც გმეურვეობს, ისინიც ჩვენს საჯარიმოში ჩამოგყავსო. „კვარა“ დაცვითი ფუნქციებიდან უნდა გათავისუფლდეს და მეორე თავდამსხმელი გახდეს, ასე გაცილებით სასარგებლო იქნება, თუმცა ეს ჩვენი გადასაწყვეტი არ არის. ანალოგიური პრობლემა იტალიის ნაკრებში თვით რობერტო ბაჯოს ჰქონდა და რა გასაკვირია, რომ ხვიჩას „ნაპოლიში“ შეექმნა. მას კიდევ უფრო გაურთულდა სიტუაცია მარცხენა მცველების, მარიო რუისა და მატიას ოლივეირას ტრავმების გამო, რამეთუ ფლანგზე სათანადო მხარდაჭერის გარეშე დარჩა.

Sportall.Ge
ერთი წუთით წარმოიდგინეთ, ბოლო შეხვედრებში „კვარას“ მეტოქე გუნდში თამაშის შემთხვევაში „ნაპოლის“ სუსტ დაცვასთან როგორ გაუადვილდებოდა საქმე. „იუვენტუსთან“ კარს ერთი მეტრით ააცილა ბურთი და განტევების ვაცად აქციეს, ყველა ცოდვა დააბრალეს, ყველა ძველი დამსახურება დაუვიწყეს ფეხბურთელს, რომელსაც გუნდში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ანაზღაურება აქვს. ყოველი მატჩის შემდეგ „კვარას“ შეფასებებს გაცნობთ, რომლებიც განსხვავებულია. ანალიტიკური საიტები მუდამ მაღალ ქულებს უწერენ, ხოლო იტალიური გამოცემები - პირიქით. Sofascore-ი, Whoscored-ი და flashscore-ი ამა თუ იმ ფეხბურთელის თამაშს საერთო ანალიზის მიხედვით უფრო ობიექტურად აფასებენ, ხოლო გამოცემები - უფრო ემოციურ ფონზე. გაიტანა გოლი, გმირია, ვერ გაიტანა - ანტიგმირი. ერთი სიტყვით, იმხელა სიმაღლეზე ასწია მან თამასა, რომ მოლოდინი მუდამ მაღალია და არც ერთი წარუმატებელი მოქმედება აღარ ეპატიება.

და ვთქვათ იმაზე, რაზეც ზემოთ მოგახსენეთ - სიძულვილზე. კრიტიკა და თანაც ობიექტური აუცილებელია, მაგრამ ჩასაფრება და სიხარული შენი თანამემამულის ჩაგდებული მატჩის გამო ცოტა გაუგებარია. ეს უკვე რაღაც პოლიტიკური შემადგენელი ნაწილია, რადგან კარგად ორგანიზებული, მცირერიცხოვანი, თუმცა ძალიან აქტიური ჯგუფი გამხნევების ნაცვლად ლანძღვასა და შეურაცხყოფაზე გადადის. წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ამ დონეზე ვერ იტანდე ადამიანს, რომელსაც შენთვის არაფერი დაუშავებია. ჩემი აზრით, ზოგიერთს ჰგონია, რომ კვარაცხელია რომელიმე პარტიის მხარდამჭერია, რაც აბსოლუტურად არასწორია. ერევიან მის პირად ცხოვრებაში: რატომ დაოჯახდა, რატომ აქვს წვერი, გრძელი თმა, რატომ მივიდა პატრიარქთან და ა.შ. ერთი ნახეთ, როგორ უდგანან ოსიმენს ნიგერიელები გვერდში და მერე ჩვენს დამოკიდებულებას შეადარეთ. რა თქმა უნდა, არავის გაფეტიშება არ შეიძლება, მაგრამ აგრესიული უმცირესობის ნეგატიური მოქმედება ყოველგვარ ზღვარს სცდება. კერპთაყვანისმცემლობა და ზიზღი - ეს ორი უკიდურესობაა, რომელიც დაგვჩემდა.

დასასრულ, არ შეიძლება მკითხველის ერთი ნაწილის თხოვნაზე არ გავამახვილოთ ყურადღება, როდესაც გვსაყვედურობენ, რომ სხვა ფეხბურთელებს ყურადღებას ნაკლებად ვაქცევთ, რაც არასწორია, ვინაიდან ყველას თამაშს ვაანალიზებთ, ცნობებს ოპერატიულად გაწვდით, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, სამწუხაროდ კი არა, საუბედუროდ, დასაწერიც არაფერია. აი, დღეს თითქმის ყველა ლეგიონერი სათადარიგო იყო. ოღონდ რამე სახეირო გააკეთონ და ინფორმაციის მოწოდებას როგორ დავახანებთ. კვარაცხელიას მიმართ კი ინტერესი გამორჩეულია და ბუნებრივია, რომ მასზე მეტი სტატიები იწერება. ღმერთმა ინებოს, სიტუაცია შეიცვალოს, სხვებმაც იასპარეზონ ტოპ-ლიგებში და საქართველოს ნაკრებს წარმატება მოუტანონ.

მიმომხილველი

მკითხველის კომენტარები / 67 /
ძალიან ბევრ ფეხბურთს ვუყურე ამ შაბათ-კვირას. რადგან ვისვენებდი, ფეხბურთით ვიცხოვრე. უამრავი ერთი-ერთზე გამაზული მომენტი ვნახე, თუნდაც რეალი ბეტისზე, თუნდაც ბარსა ჟირონაზე. ორი მეტრიდან გამაზულებიც ვნახე და ძელს გარტყმულებიც მაგრამ ისეთი დრამა და ტრაგედია, რაც კვარას აცილებას მოჰყვა, არსად შემხვედრია.
ლა ლიგაში გრანდებმა ქულები დაკარგეს და ჟირონა გადავიდა პირველ ადგილზე, წესით სასწაულები უნდა იყოს პრესაში დაწერილი მაგრამ ის, რაც კვარას აცილებაზე მოხდა, სამი დღეა არ ჩამოდის ნიუსებიდან და პლიუს ქართული დრამები დავამატეთ, არის სრული მარაზმი და ავადმყოფობა.
რამდენჯერ გაუფუჭებიათ კვარას 100% იანი საგოლე პასი, რადმენჯერ ჩავარდა დაცვა, რამდენჯერ დაუშვა მეკარემ შეცდომა მაგრამ არა, ყველაფერი რათქმაუნდა კვარას უნდა დაბრალდეს. საინტერესოა რატომ არ ივარჯიშა დღეს და რატომ აქვს ტემპერატურა, სტრესის გამო ხომ არა... რა მნიშვნელობა აქვს. მთავარი ხო გოლია და ადამიანი ვის რა ჯაბდაბად აინტერესებს.
მინდა სულში ჩავაფურთხო იმ იტალიელ ჟურნალისტს, რომელმაც თქვა, ინსინიე რომ ყოფილიყო კვარას ადგილას, მოედანზე გამოიყვანდნენ და დაწვავდნენო, კვარაზე კი არაფერს ამბობენ და ეფერებიანო.
აი კვარაზე თუ არაფერს ამბობენ მაშინ ვისზე ამბობენ? სამი დღეა ვერ დაივიწყეს კვარას აცილება, დილორენცომ რომ ააცილა და იქ დაცვაში რამდენი შეცდომა იყო მაგას კი არავინ იხსენებს.
მსგავსი ჟურნალისტები ხალხს უბიძგებენ აგრესიისკენ, 21 წლის ბიჭმა ნანატრი სკუდეტო მოუტანათ და ჟურნალისტი ისედაც გავეშებულ ბრბოს ეძახის, მოედანზე ცოცხლად რატომ არ წვავთო?
როგორც კი უმადურობაში გადავა ნაპოლის ფანების საქციელი, მაშინვე ვიტყვი აქ აღარაფერი ესაქმებათქო.

6
ასევე ბევრი აშკარად არაქართველი კომპლექსიანი ქართველმოძულე პარაზიტები არიან გამწარებული კვარაცხელიაზე მოეთრევიან ქართულ საიტებზე და რასაც უნდათ იმას წერენ არიან გაბლატავებულები ცივ ნიავს არ აკარებთ არავინ. ჩვენ არ შევდივართ სხვა ნაციების სპორტულ საიტებზე და მათივე ენაზე არ ვუწერთ უნიჭო ტრაწიან მძ*** ებს რაღაცეებს თან ვიატომ ფსიქოლოგიურად რო გეჩალიჩებიან
mkitxveli.
00:37 11-12-2023
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული