ნეაპოლელები ჩემპიონატში წელს ოთხეულს თუ შესწვდებიან, გუნდს საკუთარი თ
რა თქმა უნდა, როტაციის გარეშე რთულია - კალენდარი გადატვირთულია, თუმცა ყველა გუნდი ამას პრიორიტეტულად ალაგებს და ვალტერ მაცარის საკუთარი ხედვა უფრო მკაფიო უნდა ჰქონოდა.
სხვა შედარებები გასულ სეზონში მარცხთან - იმ მატჩში დაცვის ცენტრში პრობლემები არსებობდა, რაც გვიან შემოსულმა კიმმაც ვერ დაალაგა. ახლა ჯოვანი დი ლორენცოზე შეგვიძლია თქმა, რომ სათადარიგოთა სკამიდან საშინლად ჩაერთო. იქნებ ფსიქოლოგიურად გადაწყობა მისთვის ასე რთულია და ახლა კაპიტანს ხასიათი გაუფუჭდა, ცოტას თვითდაჯერებასაც დაკარგავდა, წინ კი "რომასთან" მატჩია. მაცარის მიზანი დასვენება იყო და ემოციურად გადაღლა მივიღეთ?!
როტაციის დროს მოთამაშეები ცდილობენ, საკუთარ შანსს კარგად ჩაეჭიდონ. ჯაკომო რასპადორისგან მეორე სეზონია, ანალოგიურ პრობლემებს ვხედავთ. ვიქტორ ოსიმენის არყოფნაში მან როცა დრო მიიღო, თანაც ფორვარდის პოზიციაზე, ეს საკმაოდ ნაყოფიერად გამოიყენა, ნიგერიელის დაბრუნების შემდეგ კი, პოზიციაშეცვლილმა, საკუთარი თამაში ვეღარ იპოვა. როგორ ფორმაშიც უნდა იყოს, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მინდვრის ცენტრში ლობოტკას სათანადო ალტერნატივა არ არსებობს.
ზოგიერთ ფეხბურთელისთვის, ჩემპიონატში ცოტას რომ თამაშობს, თასზე წუთების მიცემა ფსიქოლოგიურად სასარგებლოა. სამწუხაროდ, ახლა ამ მხრივ დასამახსოვრებელი ბევრი არაფერია, ჯოვანი სიმეონეს გოლი არ ჩაითვალა...
რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას. პრევიუში აღვნიშნეთ - "მწვრთნელმა კარგად უნდა განსაზღვროს, 77-ე ნომრისთვის, რომელმაც ხასიათი გამოისწორა, ახლა უმჯობესი რა იქნება". სამწუხაროდ, მაცარიმ აქაც ვერ "მოარტყა". "კვარა" ამბიციური ფეხბურთელია. მისი და ოსიმენის შემოსვლისთანავე, "ნაპოლიმ", ფაქტობრივად, საკუთარ კარში ორი გოლი მიიღო. თუკი წინა მატჩში გატანის შემდეგ ქართველი გარემარბის სიმშვიდისა და თავდაჯერების მნიშვნელობაზე ვწერდით, ახლა მწარე მარცხით გულდაწყვეტილი და თითოეულ ეპიზოდში ემოციურად ბოლომდე ჩართული 77-ე ნომერი ვნახეთ, რომელიც სიტუაციას ვერაფრით ეგუებოდა, შეცვლისთვის კი საკმარისი დრო და რესურსი არ ჰქონდა... როცა ჩქარობ და ღელავ, შეცდომებიც იმატებს, რაც გუნდს მეოთხე გაშვებულ გოლად დაუჯდა, მაგრამ ის უკვე აღარაფერს წყვეტდა; წარუმატებელი დრიბლინგის შესაძლო უკუშედეგზე ბევრჯერ გვითქვამს. ხვიჩა ერთ ეპიზოდში პენალტს საკმაოდ საფუძვლიანად ითხოვდა, რაც თამაშის სცენარს შეცვლიდა. ახლა მთავარია, როგორც კვარაცხელიამ, ასევე მთელმა გუნდმა დროული გამოფხიზლება შეძლონ და წლის ბოლომდე დარჩენილ ორ მატჩში წარმატებას მიაღწიონ.
გიორგი კვერნაძეზეც ვთქვათ. მწვრთნელს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, მან მინდორზე ოპტიმალური ადგილი უნდა გიპოვოს. ქართველ შემტევს ახლა მთელი ფლანგი ეკავა, ის შეტევაში აქტიური იყო, კუთხურებს აწვდიდა და მაქსიმალურად ცდილობდა, გუნდურ ოპერაციებში მეტი მონაწილეობა მიეღო. გიორგი ახალ პოზოციაზე ათამაშეს, სადაც სხვა დროსაც თუ გამოიყენებენ, დაცვაში თამაშის უნარებსაც უფრო გააუმჯობესებს. სუბიექტურობის გარეშე ვამბობთ, რაც მეტ დროს მიიღებს, კვერნაძის იტალიურ ფეხბურთთან ადაპტირება გაუიოლდება. ეს ქართული დუელი "კვარას" მარცხით და კვერნაძის გამარჯვებით დასრულდა. წინ კიდევ ბევრი იქნება!..