ფენომენალური მამარდაშვილი და კვარაცხელია, შური და უკეთესი მომავლის იმედი საახალწლოდ

AutoSharing Option
ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი!

Transfermarkt-ის ახლახან განახლებული მონაცემების მიხედვით, ნოემბერში შოტლანდიასთან და ესპანეთთან მატჩებისთვის გამოძახებული საქართველოს ნაკრების 24 ფეხბურთელის საერთო ფასის თითქმის ორ მესამედს გიორგი მამარდაშვილისა და ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება შეადგენს (კვარაცხელია 80 მილიონი ევრო; მამარდაშვილი 30 მლნ; მიქაუტაძე 8 მლნ; აზაროვი 3.5 მლნ. და ა.შ). ერთის მხრივ შესანიშნავია, რომ ორი ასეთი ვარსკვლავი გვყავს, მეორეს მხრივ ტრაგედიაა, როდესაც სხვები სუსტ გუნდებს წარმოადგენენ და უმეტეს შემთხვევაში, რბილად რომ ვთქვათ, იქაც არ ბრწყინავენ. ამიტომ გვიწევს ხშირად აღნიშვნა: სათადარიგო
იყო, შეცვლაზე შევიდა...

აქედან გამომდინარეობს ის ფაქტი, რომ ნაკრები დაუბალანსებელია, შეტევაში დიდწილად კვარაცხელიაზეა დამოკიდებული, რომლის გამოკლება ლამის კატასტროფაა და 2020 წლის ნოემბერში საკუთარ მოედანზე ჩრდილოეთ მაკედონიასთან განცდილი მწარე მარცხიდან გამომდინარე, ალბათ, ლუქსემბურგთან თბილისში ადვილი გასეირნება არ გველის. თანაც, ლუქსემბურგი ხელწამოსაკრავი მეტოქე სულაც არაა, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, გრანდს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ და თუ სახლში ვერ ვძლიეთ, საერთოდ რაღა გვესაქმება ევროპის ჩემპიონატზე.

როდესაც ორი ასეთი ფეხბურთელი გყავს და კიდევ რამდენიმე პერსპექტიული, წესით ნორმალური გუნდის შექმნაა შესაძლებელი. მაგალითად, ძველ თბილისის „დინამოში“ ყველა ვარსკვლავი კი არ იყო, მაგრამ საერთო ანსამბლიდან არც ერთი არ გახლდათ ამოვარდნილი და ყველა თავის საქმეს საუკეთესოდ ასრულებდა. მეეჭვება დღევანდელი „ჯვაროსნების“ უმეტესობა ახალკაცის დროინდელი „დინამოს“ დუბლებში მოხვედრილიყო. მამარდაშვილისა და კვარაცხელიას ფაქტორმა განაპირობა ჩვენი გულშემატკივრების უცხოური ტოპ-კლუბების მატჩებისადმი ინტერესის მკვეთრად დაქვეითება. ეს მასალების რეიტინგის მიხედვით მარტივად შეინიშნება - თუ ადრე „რეალს“, „ბარსელონას“ ან სხვა რომელიმე გუნდს ქომაგობდნენ, ახლა თითქმის ყველა „ვალენსიასა“ და „ნაპოლის“ შეხვედრების მოლოდინშია. კარგია, როცა ორი ჩვენი თანამემამულე ასეთ მაღალ დონეზე ასპარეზობს და ძალიან, ძალიან კარგია, რომ ჩვენი საფეხბურთო კერპები გაგვიჩნდა, რამეთუ ქართველის ქართველისადმი სიყვარულია უპირველესი.

მამარდაშვილს ისეთი ისტორია აქვს, ფილმის გადაღება შეიძლება: „დინამოდან“ „ლოკომოტივში“ იჯარით გაშვებული, „ვალენსიაში“ მეოთხე მეკარედ წაიყვანეს, სადაც მოკლე დროში იმდენი მოხერხა, პირველი ნომერი გახდა და ჩემი აზრით, ამჟამად მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ისეთ ბურთს „გამოაძრობს“ ხშირად „ცხრიანიდან“, გაგაოცებს პირდაპირ და კარის ხაზზე თამაშის გარდა, სხვა კომპონენტებიც დახვეწა. ერთი ერთზე მეტოქესთან უეჭველი ბადალი არ ჰყავს. პირისპირ გასულ მოწინააღმდეგესთან ორმეტრიანი გიგანტი უშიშრად მიდის და გოლის გატანის შანსს მინიმუმამდე უმცირებს. გარკვეულწილად ფეხით და გამოსვლებზე თამაშიც გამოასწორა, დაცვასაც ხელმძღვანელობს და თვითდაჯერებული გახდა. ხანდახან შეცდომებს უშვებს, თუმცა 10 შემთხვევიდან 7-ში რომ უიმედო სიტუაციაში გადაარჩენს თავის გუნდს, ის შეცდომაც მიეტევება. ისიც ნუ დაგავიწყდებათ, ევროპის საუკეთესო მეკარეები ხშირად როგორ ცდებიან, რაც ეპატიებათ, რადგან უფრო გაპიარებულები არიან. დარწმუნებული ვარ, მეტი გამოცდილების მიღებისა და დიდ კლუბში გადასვლის შემდეგ, გიორგის კლასი უეჭველი მოიმატებს.

ხვიჩა - გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, ალექსანდრე ჩივაძისა და დავით ყოფიანის შემდეგ, ასეთი საფეხბურთო ინტელექტის მოთამაშე არ გვყოლია. შუალედში იყო გიორგი ქინქლაძის დიდებული გამონათება, რომელმაც სამწუხაროდ, თავისი ნიჭის სათანადოდ რეალიზება ვერ მოახერხა და ასევე ხაზგასასმელია, რომ მალხაზ ასათიანის ტალანტი სრულად ვერ გამოვლინდა. „კვარას“ დრიბლინგისას ბურთი ტიერი ანრის მსგავსად თითქოს ფეხზე აქვს გამობმული და გეგონება ბურთს ურთიერთობისას ეფერებაო. ერთი რამ გამახსენდა: ახალკაცი ახალწვეულებს ეკითხებოდა, ბურთთან თქვენობით იყვნენ თუ შენობით. თამაშისას ბურთი და ხვიჩა ერთგვარ ერთიანობას წარმოადგენენ, ეს უკვე ფენომენის ნიჭია და ამას დიდი შრომითაც ვერ ისწავლი, ეს უბრალოდ თანდაყოლილია. მართალია, ამ სეზონში ისე ვერ ბრწყინავს, როგორც გასულში, მაგრამ ამას თავისი მიზეზები გააჩნია. მიმაჩნია, ისევ ჩინებულ ფორმაშია, ოღონდ ახლა ორი მუდმივი მეურვე ჰყავს და მესამე დაზღვევაზეა. ისინი უხეშობას არ ერიდებიან, რაზეც მსაჯები საკმარისად არ რეაგირებენ და ჩვენ ვუყურებთ ნებადართული ნადირობის ქრონიკას. მგონია, ხანდახან ცოტა თავსაც უფრთხილდება და აბსოლუტურად სწორადაც იქცევა, ვინაიდან სერია A-ს გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი თავის გუნდში ანაზღაურების მხრივ ბოლოდან მესამეა.

ნეაპოლური გამოცემები კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს რატომღაც ამის გამო გაკრიტიკებას ვერ უბედავენ, „რეპუბლიკამ“ კი აღშფოთებით აღნიშნა, რომ დიეგო დემე ამ სეზონში საერთოდ არ გასულა მოედანზე და ქართველზე ორჯერ მეტი ხელფასი აქვს. ეს არასწორი დამოკიდებულება კი არა, არამედ უპატივცემულობა და დაცინვაა. ღმერთმა დაიფაროს და ხვიჩამ ჯანო ანანიძის ან გიორგი ჩაკვეტაძის მსგავსი ტრავმა რომ მიიღოს, შესწიროს კლუბს კარიერა, დაუფასებს ვინმე? ერთი სიტყვით, იმაზე გაცილებით პროდუქტიულად ირჯება, ვიდრე ხელფასს უხდიან. ერთია მხოლოდ - ზედმეტად მგძნობიარეა, განცდა აქვს განსაკუთრებული, რაც კარგია, თუმცა უფრო თავისუფლად ყოფნა მართებს და ნაკლებად უნდა ინერვიულოს, რამეთუ სანერვიულო არც არაფერი აქვს. მომთმენმა მოიგოო - უკვე მთელმა მსოფლიომ გაიცნო, აუცილებლად კიდევ უფრო მაღალი დონის გუნდში გადავა, პირობებიც გაუუმჯობესდება, გარჯასაც მეტად დაუფასებენ და ყველაფერი წესრიგში ექნება. მთავარია, ისევე ყოველგვარი წნეხის გარეშე ითამაშოს, როგორც ამას ნაკრებში აკეთებს, სადაც თავს საოცრად ლაღად გრძნობს.

და კიდევ: არც გიორგიმ, არც ხვიჩამ და არც სხვებმა ყურადღება არ უნდა მიაქციონ კომენტარებს, სადაც რამდენიმე ძალიან აქტიური, შურიანი და გარკვეული პოლიტიკური მიმდინარეობის სოციალური ქსელების სპორტულ ქვეგანყოფილებაში დასაქმებული ასევე რამდენიმე „პარტმუშაკი“ სხვადასხვა ფსევდონიმებით აქვეყნებს უარყოფით და ხშირად შეურაცხმყოფელ პოსტებს. საიდან ასეთი ზიზღი? ამას ქართულ მოვლენად ნუ მივიჩნევთ. რა მაგის პასუხია და, ლეგენდის მიხედვით, მოცარტისადმი სალიერის დამოკიდებულებაა თვალსაჩინო მაგალითი და აგრეთვე „ლივერპულის“ მწვრთნელის იურგენ კლოპის ნათქვამი - ჩემი ნება რომ იყოს, სოციალურ ქსელებს საერთოდ ავკრძალავდიო. თუმცა, ეს რა თქმა უნდა, შეუძლებელია.

აქ ყველას დიდი პატივისცემით დაგემშვიდობებით და ახალ წელს ყოველივე საუკეთესოსა და ქართული ფეხბურთის წარმატებებს გისურვებთ! ფეხბურთისადმი და თანამემამულეებისადმი თქვენი დამოკიდებულებით, თქვენ ამას იმსახურებთ, უთუოდ იმსახურებთ.

მიმომხილველი

მკითხველის კომენტარები / 13 /
ლეგენდა ლეგენდად და რეალობაში, სალიერი ეხმარებოდა მოცარტს. ფილმმა - ,,ამადეუსმა" გახადა სალიერი ტარტაროზი. :))
ხვიჩას და ყველა ჩვენს ფეხბურთელს ჯანმრთელობა და წარმატებული 2024 წელი.
ქართული ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს ვულოცავ დამდეგს. წარმატებები დაგვბედებოდეს.
გოგია
30 დეკემბერი 2023 19:56
3
კარგი სტატიაა!დღეს უკვე ჩაკვეც დგება ფორმაში და მარტში,ის და კიტეიშვილი,უკვე ორი გამთამაშებელი გვეყოლება(იმედია ორივე ჯანმრთლად შეხვდება,მარტის თამაშებს).ჩაკვე ადრეც იყო,ნაკრების აღიარებული ლიდერი და ახლაც შესძლებს,გუნდის წინ გაძღოლას,ლუქსემბურგთან.ხვიჩას დამატებით კი,ნაკრები კიდევ უფრო გაძლიერდება.მჯერა,ყველაფერი ისე გამოვა,ჩვენ,საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებს რომ გვსურს.ბედნიერ,წარმატებულ და მშვიდობიან დამდეგ წელს ვუსურვებ,მთელ საქართველოს.ჩხუბი არქონამ იცისო!იმედია ქვეყანა ისე განვითარდება,საჩხუბარი აღარ გვექნება,ერთმანეთთან.როცა ერთად ვიქნებით,მაშინ ჩვენი დამმარცხებელი,აღარავინ იქნება.
სოსო
30 დეკემბერი 2023 21:05
4
სწორი მიმართულებების მქონე სტატიაა. სამწუხაროდ მხოლოდ პოლიტიკური დაკვეთით არ არის აგორებული შავი პიარი ამ საიტზე, არამედ პრიმიტიული და ბნელი ქართველმოძულეობის მოტივითაც. ხვიჩას წინააღმდეგ სისრტემატიურად, მაგრამ საკმარისია საერთაშორისო დადებითი გამოხმაურება მამარდაშვილს ჰქონდეს რომ მაშინვე მის საწინააღმდეგოდ აგორდება, იგივე იქნება ჩაკვეს შემთხვევაშიც როგორც კი ფორმას დაიბრუნებს, კვერნაძის, პარკაძის და ასე შემდეგ. ეგენი რა სახსენებელია და, წარმატება და იღბალი ჩვენს ბიჭებს მომავალ წელს, და მათთან ერთად ყველა ქომაგს ქართული ფეხბურთის და ზოგადად სპორტის გილოცავთ ახალ წელს, გისურვებთ წინსვლას, ჯანმრთელობას და იღბალს.
გიორგი
30 დეკემბერი 2023 22:50
6
2024 წელს იანვარში ვისურვებდი ხვიჩას ესეთ განცხადებას: "ჯუღელი აღარ არის ჩემი აგენტი. მე აღარა ვარ ნაპოლის მოთამაშე. ლივერპულმა (სიტიმ, რეალმა ან ბარსელონამ) შეიტანა ჩემი გამოსასყიდი 100 მილიონი და ვუერთდები ლივერპულს (სიტის, რეალს ან ბარსელონას).

ამას გისურვებთ ძვირფასო ქართული ფეხბურთის ქომაგებო!!!
გია_544
30 დეკემბერი 2023 20:56
6
ხვიჩას პრობლემას მთლად მცველებს და უხასიათობას ნუ დავაბრალებთ,ეს თანამედროვე ფეხბურთის ბრალია. გაივსო კლუბები დოღის ცხენებით,რა უნდა ქნას ხვიჩამ,ირბინოს დოღის ცხენივით? გავიხსენოთ ვინისიუსი და მისი პირველი ნაბიჯები რეალში,ბრწყინავდა? მეტოქეს ატყუებდა,ლამაზად თამაშს ცდილობდა,თუმცა სათადარიგო იყო. მერე ადგა და პირადი ფიზოს მწვრთნელი აიყვანა,ფიზიკურად მოუმატა და გახდა დოღის ცხენი,ხოდა ყველა ტაშს უკრავს. დღევანდელი ფეხბურთი გახდა ზედმეტად სისტემიზებული,მწვრთნელები ყველა მეტრს უგეგმავენ ფეხბურთელებს და თავისუფლებას უზღუდავენ,ხოდა რა ქნას კვარამ? სისტემამ ბევრი კარგი ფეხბურთელი ჩაყლაპა და ძველი დრო აღარ არის. დღევანდელ ფეხბურთში,ზიდან ეტყოდნენ რო კაცი არ მოეტყებინა და პასში ეთამაშა,ჯერარდს გრძელ პასებს აუკრძალავდნენ და ა.შ. ერთი მესი იყო სისტემის მიღმა ფეხბურთელი და მსოფლიო აღაფრთოვანა,რატომ? იმიტო რო ბარსელონას აკადემიის პროდუქტი იყო,იცოდნენ ასე მეტი სარგებელი ექნებოდათ და აძლევდნენ თავისუფლებას. პსჟ შეზღუდეს და ჩაიკარგასავით. კვარას პრობლემა არა თავისი თავი ან მეტოქის მცველები არიან,არამედ თანამედროვე ფეხბურთი. მას არ აქვს საშუალება თავისუფლად გადადგილდეს და თავისუფალი ზონები იპოვოს. როცა ერთ ზონაში ხარ გამოკერებული,მეტოქეც ადვილად აგიყვანს და თამაშის საშუალებას არ მოგცემს. მესიმაც ფლანგზე დაიწყო და აუტის ხაზზე რო მიებად,იქნებოდა ის მესი? ვერ იქნებოდა და ეს არის სრული სიმართლე,თანამედროვე ფეხბურთი კატასტროფის პირას არის. შეხედეთ ბელინგემს,დაფრინავს ბიჭი,თუმცა როგორც კი რეალი ნომინალურ ცენტრფორვარდს დაიმატებს და უკან ჩაწევენ ჯუდს,ეგრევე ჩაქრება. ეს ბელინგემის ბრალი არ იქნება,ეს არის სისტემიზების ამბავი. ეს გამოიწვია ბევრმა თამაშმა და ფეხბურთელებს უკვე სირბილს თხოვენ და არა თავისი ნიჭის განვითარებას. ფანებს ფეხბურთი სანახაობის გამო უყვართ,სირბილის საყურებლად დოღზე წავლენ ან სილქზე ნახავენ. ასევე უნდა შევეხო დაუნახავობას მსოფლიოშიც და საქართველოში უფრო მეტად,გამორჩენაზე ზრუნვა გახდა ტრენდული. შარშან,კვარა იყო მთავარი სალაპარაკო,ხოლო დღეს,იშვიათად საუბრობენ და თუ საუბრობენ მასზე,უფრო უარყოფით კონტექსტში,რაც ძალიან ცუდია. სტატია შემხვდა ერთ საიტზე,ფეხბურთის მომავალზე საუბრობდა ავტორი და კვარა არ შეიყვანა მათ რიგებში,რაც არის თავის მოჭრა. ჰალანდზე საუბრობდა და კვარაზე არა,მოვა დრო და ყველა ინანებს ამ ამბავს,რომ არ დაფასდა ნიჭი,თან ქართული ნიჭი. ჰალანდი ბევრი გოლის გამტანი ტიპია,თუმცა ფეხბურთის მომავალი არ არის. კლოზე ბევრს იტანდა,თუმცა მისი თაობის ფეხბურთელებში ზეკლასად არასოდეს იხსენიებენ,რადგან ლამაზად ვერ თამაშობდა. რა არის ჰალანდის ფეხბურთი? დაარტყი და გაიტანე. თამაში 0-0 უფრო სანახაობრივი შეიძლება იყოს,ვიდრე 2-2,რადგან ფეხბურთი მარტო გოლები არ არის. კვარა არ უნდა შეიცვალოს,ფეხბურთი უნდა შეიცვალოს,რადგან ასე ყველა მოგებული დავრჩებით. რაც შეეხება მამარდას,მეკარე დაუფასებელი პოზიცია და იმდენად არ საუბრობენ ამაზე,რაც ასევე ცუდია. თავდასხმელი თუ შეცდომას უშვებს ნახევარცველი აზღვევს,ნახევარცვლელს მცველი,მცველს მეკარე,ხოლო მეკარეს არავინ. ამიტომ მამარდა რასაც ვალენსიაში აკეთებს არის სასწაული ამბავი. რაც არ უნდა იყოს,მამარდაც და კვარა უნდა იყოს სტიმული ახალგაზრდებისთვის,ამ კონტექსტში უნდა იყოს საუბარი მათზე. ერთიც და მეორეც ჩვენი სიმაყენი არიან,მათ არ სჭირდებათ შეცვლა,ჩვენ კი ნამდვილად არ გვაწყენდა,მეც რა თქმა უნდა. ახალ წელსაც ჩემი სურვილიც ეს არის,ცვლიელება ჩვენ თავების,მატერიალურიდან უნდა გადავიდეთ ერთმანეთის სიყვარულზე და დაფასებაზე. ყველას გილოცავთ დამდეგს
იასონას უდარი
31 დეკემბერი 2023 09:07
6
კარგად დაიწყეთ, მაგრამ ბოლო აბზაცში მაინც სულმა გძლიათ და ისევ კუდიანებზე ნადირობა დაიწყეთ.
იშვიათი, გამოთაყვანებულის გარდა, არავის შურს არც კვარას და არც მამარდასი. თქვენ რა გინდათ ვერ გავიგე. სულ ქება, დიდება მოდიოდეს? რატომ გაქვთ ეს ლტოლვა კერპთაყვანისმცემლობაზე ?! მაგალითად, ვხედავთ, რომ კვარამ მოუკლო. ტაში დავუკრათ? ჟორჟს აიაქსში არ მიდის კარგად საქმეები, მაგრამ როცა შანსი მიეცა, ვერ გამოიყენა. რა დავწეროთ? მთელი აიაქსის ხელმძღვანელობის გადადგომა და აიაქსის ჟორჟზე მორგება მოვითხოვოთ?! ასეთ კრიტიკას, ვინც მტრობად აღიქვამს, ისევ იმას დააზარალებს.
ახალ წელს გილოცავთ! მრავალს დაესწარით!
ციციკორე
31 დეკემბერი 2023 14:37
6
ხვიჩას ეთამაშებიან ბინძურად,80-იანებში რომ იყო თითქმის ისე,ანუ ჩაჩეხე,ჩაწიხლე,გადაუარე,მოსულა.მსაჯების სიბრმავემ და უმოქმედობამ დაამახინჯა ფეხნურთი.ამ სიტუაციიდან გამოსავალი არის გუნდში გატუზოსნაირი მინიმუმ 2 მოთამაშე.
ჩაარტყამენ კვარას?ან მის თანაგუნდელს?რამდენიმე წუთში მიიღებენ კოჭებში შიპებს,ან ცხვირში იდაყვს ან წვივში გაშლილ ფეხს და ჩაიჯვამენ მერე.ახლა ხედავენ რომ არავინ არ ყავს გამომსარჩლებელი და ქვეშაჯვიაა თითქმის ყველა დი ლორენცოს თამადობით,ოსიმენის,კვარას,ოსტიგორის და მარიო რუის გარდა.
გაბაზრებულია უკვე-- დღეს ნაპოლი ვცემოთ,დავლეწოთ, უტრაკოები არიანო,გასდით და უბერავენ.ჩაჯმული გუნდია.და სანამ ეგრე იქნება მანამდე არ ეშველებათ.
ნიკიფორე გურული
31 დეკემბერი 2023 01:17
9
კარგი სტატიაა. წაატებები ნაკრების ყველა ფეხბყრთელს. ადმინ, მოიძიე აბა რამე ან შენი აზრი დაწერე. რაკი ძველი დინამო ახსენე იმ დინამოს ფეხბურთელების ფასი ახლა რამდენი იქნებოდა. ცოტა აბსურდული იდეაა, მაგრამ ამ სტატიის კითხვისას დამებადა. ან აქვე მიპასუხეთ ვინმემ, ოღონდ ობიექტურად
ვანჩოპე
31 დეკემბერი 2023 08:53
1
მონცასთან ნაპოლიმ კარგად ითამაშა. 5:1 უნდა მოეგოთ. 100%-იანი მოენტები შექმნეს. ისეთი მომენტები იყო, რომ ჭ-კლასის ფეხბურთელიც გაიტანდა. უბრალოდ არ გაუმართლა ნაპოლის. ხდება ფეხბურთში ასეთი უცნაური რამ.
ქ. გ.
31 დეკემბერი 2023 08:51
7
ეხ მიეტერ კლოპ ჩემი ნება რომ იყოს თქვენ და თქვენაირებს ავკრძალავდი და ხალხს ნომერ პირველ სპორტის სახეობა ფეხბურთს დაუბრუნებდი.
გიორგი
31 დეკემბერი 2023 09:59
14
ძალიან საწყენია მხოლოდ 11 ადამიანმა გამოამჟღავნა ყომარისტების მხარდაჭერა და არცეთმა არ დაუჭირა სიმართლეს მხარი.გამოდის ან იბლოკება ლაიქი ან კიდევ აწყობს უმრავლესობას უეჭველში რომ აძრობენ ტყავს წინაამღდეგ შემთხვევაში როგორ არ გამოძნდა ვინმე თუნდაც ერთი ადამიანი.
გიორგი
31 დეკემბერი 2023 19:54
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული