ხვიჩას ბურთი "გამოგლიჯეს", მის წინააღმდეგ "ლურჯ ბარათს" იმსახურებდნენ, თავად წითელს გადაურჩა - ასე ხვდებიან "ბარსას"...

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიაზე სუბიექტივიზმისგან ბოლომდე დაცლილი შეფასების დაწერა რთულია, თუმცა ამას თავს მაქსიმალურად ვართმევთ. "ჯენოასთან" ვერმოგებულ (1:1) შეხვედრაში ძალიან მონდომებული, საკუთარ თავში დარწმუნებული, თამამი და შემოქმედებითი "კვარა" ვიხილეთ. უკვე იმასაც შევეჩვიეთ, რომ მიმდინარე სეზონში მხოლოდ ეს გამარჯვებისთვის საკმარისი აღარაა.

ფიოდორ დოსტოევსკი "ძმებ კარამაზოვებში" წერს სიტუაციასთან ისე შეგუებაზე, როცა სინდისის ქენჯნა არ გაწუხებს. კვარაცხელია, როგორც გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი და ლიდერი, შაბათის მატჩში ვერ ეგუებოდა მთელი გუნდის მდგომარეობას, იმ ვითარებას, რაც მოქმედი ჩემპიონების თავსაა; იმ ფონს, რომელიც "ბარსელონასთან" მატჩის წინ სუფევს; იმ
საშინელ სტატისტიკას, რომელიც "ნაპოლის" საშინაო შეხვედრებში გააჩნია. 77-ე ნომერს იმედი აქვს, ფილმ "ქაჯანას" პერსონაჟისა არ იყოს, "ხმას" მისი გუნდიც დაიბრუნებს...

Sportall.Ge

ნეაპოლელებმა გვიანდელი გოლით გაათანაბრეს. ხვიჩა, რომელიც ყველგან მოძრაობდა, ეპიზოდის დასაწყისში ოლივერას ღიად ანიშნებდა, მისგან ცოტა მოშორებით, ცარიელ ზონაში გახსნილიყო. ასეთ დროს ის პარტნიორს თავისუფალ მდგომარეობაში მოძებნიდა, ანაც მეურვეებს თავად "მოიშორებდა". ურუგვაელმა ქართველის ჩანაფიქრი სრულყო, ნგონჟის შედეგიანი დარტყმა კი მშვენიერი გამოდგა. ვალტერ მაცარის გუნდის ახალწვეულებს შემართება არ აკლიათ და სიახლეები შემოაქვთ. ნახევარდაცვას ბოლო დროს შემტევებისთვის ზონების გათავისუფლება და ბურთის სწრაფად მოძრაობა უჭირს. დებიუტანტმა ტრაორემ ამ მიმართულებით პოზიტიური მოლოდინები მოგვცა; მერე რა, რომ ცოტას ღელავდა, შეცდომები დაუშვა და მისი გარჯა ბევრს არ მოეწონა - პირველ ტაიმში ბურთი მშვენივრად მოიპოვა, ტექნიკური არსენალი გამოაჩინა და "კვარას" მშვენიერი პასი მიაწოდა. 24 წლის კოტდ'ივუარელმა სწორი ფეხბურთის თამაში აშკარად იცის.

ლურჯი ბარათის შესაძლო შემოღებას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ამ წესის უპირატესობის საილუსტრაციოდ ის ეპიზოდი გამოგვადგება, როცა კვარაცხელიას მაისური "შემოახიეს" და სახიფათო იერიში ჩაშალეს. ეს ე.წ. ბოლო იმედის ჯარიმა არაა და მსაჯები გაძევებაზე არ მიდიან, "გაყვითლება" აშკარად ცოტაა, "გალურჯებით" კი მოწინააღმდეგე ათი წუთით კაცნაკლული იქნება. რადგან ბარათებს შევეხეთ, ხვიჩამ ის კვლავ მსაჯთან შელაპარაკების გამო მიიღო (ჰიპოთეტურ ლურჯ ბარათთან ეს ქცევაც ახლოსაა). გვესმის ემოციებისა და უსამართლობის განცდის, მაგრამ კვარაცხელიას ამ მიმართულებით სიმშვიდის გამოჩენა ისევ თავად არგებს. საქმე მხოლოდ შორეულ დისკვალიფიკაციაში არაა, შეხვედრის დასკვნით ნაწილში "კვარამ" სწრაფი შეტევა ჩაშალა, დაჯარიმდა, ზოგიერთ მკაცრ არბიტრს (რეალურად, საჭირო არ იყო) კი იქნებ ამისთვის მეორე ყვითელი ბარათი და შესაბამისად, გაძევებაც გამოეყენებინა...

Sportall.Ge

დამაინც, კარგია ხვიჩა კვარაცხელიას თავმდაბლობა, მაგრამ შეხვედრის აშკარად საუკეთესო მოთამაშეს მატჩის ბოლოს მის მიერვე მოპოვებული ჯარიმის შესრულების უფლება უნდა მისცემოდა და ბურთი ხელიდან არ უნდა "გამოეგლიჯათ". აშკარაა, სტანდარტულები გუნდის საუკეთესო მხარე არაა და აქ თავისი ბედი ხვიჩამაც უნდა სცადოს. უკანასკნელ დაპირისპირებაშიც გამოჩნდა, ჩვენებურის მიერ შესრულებული კუთხურები რა სახიფათოა (ანგისას გატანა ნამდვილად შეეძლო), რასაც ერთ დროს ასევე "არ ანდობდნენ". მწვრთნელმა, კაპიტანმა თუ თავად "კვარამ" ამ მხრივ ხმა უნდა აიმაღლონ...

მწვრთნელის კიდევ ერთხელ შეცვლის მოლოდინი, არც ისე კარგი ხასიათი, მაინც ოპტიმიზმი, ოსიმენის დაბრუნება და კიდევ უფრო მოტივირებული კვარაცხელია - ასე ხვდებიან ნეაპოლში "ბარსელონას".

altხვიჩას კარგი მატჩი - "ბარსელონასთან" შეხვედრის წინ "ნაპოლი" სახლში "ჯენოას" დაუზავდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 34 /
უდაოდ კარგი ფეხბურთელია,და ვეთანხმები იმას რომ მართლა არ უნდა ეკამათოს მსაჯებს,და კიდევ არ მომწონს, როცა ფეხბურთელებს მიუთითებს სად გადააწოდონ. ისე როგორც ხელოვნებაში იტყვიან მასეთი ფეხბურთელია,ანუ შემომქმედი,რიმელსაც შეუძლია ყოველ თამაშზე ახალი შემოგთავაზოს,თქვენი არ ვიცი და მაინც მგონია რო ნაპოლი ბარსას მოუგებს! აარმატებებს ვუსურვებ ხვიჩას და ნაპოლის!
ზურაბი ბილანიშვილი
11:45 20-02-2024
1
კვარამ უნდა დაანებოს თავი მსაჯებთან კამათს აზრი არ აქვს და თვითონ ზარალდება,რაც შეეხება ბურთის წართმევას მწვრთნელის ბრალია წინასწარ უნდა იცოდნენ ფეხბურთელებმა ვინ დაარტყამს ჯარიმას პენალტის კუთხურს და ასე შემდეგ,ფეხბურთელებმა ერთმანეთში არ იჩხუბონ
დათი
09:09 20-02-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული