ატყდა დავიდარაბა - ჯუღელის განცხადებამ კვარაცხელიას სამსახურით "ბარსელონასა" და პსჟ-ის დაინტერესების თაობაზე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია

AutoSharing Option
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ნაპოლის“ გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ში კილიან მბაპეს შეცვლის მთავარი კანდიდატია, რაზეც კომენტარი ფეხბურთელის აგენტმა მამუკა ჯუღელმა გააკეთა. მან თქვა, რომ რა თქმა უნდა, შეთავაზებები არსებობს, როგორ შეიძლება არ არსებობდეს და მაისში უფრო მეტი გაირკვევა. იტალიურ მედიაში გულშემატკივრების გამოხმაურებებზე დაყრდნობით კი წერენ (საკუთარ პოზიციას ასე ახმოვანებენ), რომ ხვიჩა ამ სეზონში ჩვეულად კარგად ვერ თამაშობს და მისი წასვლა ტრაგედია არ იქნება, თუმცა საქმე საქმეზე რომ მიდგა, ჯუღელის განცხადებამ ყველა საკმაოდ შეაშფოთა. ქართველი გუნდში ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადია, მისგან თავგანწირვას
მოითხოვენ, თან არც მხარდაჭერით და არც ფინანსურად არ უფასებენ და ალბათ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში აგენტის ჩარევა დროული და აუცილებელი გახლდათ.

დღეს აღნიშნულ თემას რამდენიმე სოლიდური გამოცემა გამოეხმაურა, რომელთა ამონარიდებს გთავაზობთ.

la gazzetta dello sport
დაეხმარეთ „ნაპოლის“, რომელიც კვარაცხელიას კარგავს და აგენტი ამბობს, რომ ბევრი შეთავაზება აქვს

„გუნდს კვარაცხელიას მაგია სჭირდება, რომელსაც სახიდან ღიმილი გაუქრა. ვინ იცის, იყო თუ არა ზაფხულში უკმაყოფილოთა ცნობილ ჯგუფში. ამის დაჯერება ქართველი ვარსკვლავის მორცხვი ბუნებისა და თავშეკავებულობის გათვალისწინებით ძნელად წარმოსადგენია, თუმცა აგენტი მამუკა ჯუღელი ძალიან ხშირად ერევა საქმეში და თანაც, გამაღიზიანებელ მომენტებში. მისი თქმით, მაისში ყველაფერი გაირკვევა. იქამდე სამი თვე დარჩა და აურელიო დე ლაურენტისი და მოთამაშის გარემოცვა კონტრაქტის განახლებაზე მოსალაპარაკებლად უნდა შეხვდნენ. რა აზრი აქვს ამის ახლა, „ნაპოლისთვის“ და იმავე ხვიჩასთვის მძიმე პერიოდში გაკეთებას. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ჯუღელი პირობების გადახედვის მიზნით ზეწოლის განხორციელებას ცდილობს“.

Corriere dello Sport
კვარაცხელია თავის ზეუნარებს კარგავს, ხოლო აგენტი ქომაგებს აფრთხობს
ხვიჩას უფერულ თამაშს, შეცვლებსა და ხშირად განერვიულებულ მომენტებს შორის რთული პერიოდი აქვს

„კვარაცხელიამ თავისი ზეუნარები დაკარგა და მიდი და ახლა გაიგე, რა ხდება. ვინ ჩააყენა ასეთ მდგომარეობაში? რა დაემართა სკუდეტოს მოპოვებისას სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეს - როდის, როგორ და რატომ. ძალიან ბევრი კითხვაა პასუხის გარეშე. ვეღარ ვხედავთ მარცხენა ფლანგზე მის ზებგერით გარღვევებს, ილუზიონისტურ ასპარეზობას, პასებს და გამაოგნებელ გოლებს. ბურთაობით აღფრთოვანებული იყო, ახლა კი ღიმილი ჩაქრა და გუნდივით მოწყენილად გამოიყურება. ის სკონიცოს სიმბოლოს წარმოადგენდა, ხოლო ამჟამად სქოლასტიკის სიმბოლოა. ერთ-ერთი ყველაზე მეტად გაღიზიანებულია: მთელი გასული წელი მოედანზე თავაწეული გადიოდა და გამოდიოდა, ხოლო ამჟამად თავჩაქინდრულია, გამოხედვაც სევდიანი აქვს, სიბრაზის ნაპერწკლები თვალებსა და ტუჩებს შორის დაფრინავენ. მწვრთნელი ფრანჩესკო კალცონა დარწმუნებულია, რომ მალე ყველაფერი მოწესრიგდება და გუნდს კვლავ დაეხმარება. მისია შემდეგში მდგომარეობს - დავუბრუნოთ თავისუფლება, სილაღე და ბედნიერება.

თითქოს ეს საკმარისი არ იყო, ჯუღელი აგრძელებს განცხადებების გაკეთებას, რომლებიც აღელვებს ნეაპოლელთა გულებს და ქარიშხალს იწვევს. „ბარსელონა“ და პსჟ? ახლა მისი თამაში თვითრეკლამისთვის საუკეთესო საშუალება არაა, მაგრამ კვარაცხელიამ დაამტკიცა, რომ ის „კვარაა“, წმინდა იმპულსის მქონეა, ჟონგლიორია, საფეხბურთო სპრინტერის პროტოტიპია, სლალომისტია, ფეხბურთის მოყვარულთა სიხარული და აღფრთოვანებაა. თუმცა, ისე მოჩანს, გუნდის ინვოლუციაშია ჩათრეული, არ ძალუძს მისი მორევიდან ამოყვანა და თავადაც მორევშია.

პრობლემა, პირველ რიგში, კოლექტიურია, რაც სხვადასხვა მიზეზითაა გამოწვეული: დაიკარგა „კოდები“, თავდაჯერება და ტექნიკური მახასიათებლები, ადამიანური ურთიერთობები, ბრძოლის აგრესია და თანადგომა. ხვიჩა 23 წლის ფენომენია. მას ზურგს ბრწყინვალე სეზონი უმაგრებს, რაც ამავდროულად, ზეწოლას ახდენს, რომ ჩასაძირად განწირული ხომალდი ოსიმენთან ერთად უნდა გადაარჩინოს.

კვარაცხელია, ამ ქაოსში, კრიზისში სამი მწვრთნელის გამოცვლისას, როდესაც გუნდი მეოთხე ადგილიდან ძალიან შორს არის, შენ სიმშვიდეს საჭიროებ“.

Sportmediaset-ი წერს, რომ ოსიმენის წლიური გასამრჯელო 10 მილიონი ევროა, კვარაცხელიასი - 1.2 მილიონი. დე ლაურენტისი მისთვის ხელფასის მომატებას არ ჩქარობს. ამ დროს უსიამოვნო სიურპრიზების თავიდან ასარიდებლად ჩამოყალიბება მართებს, რამეთუ დიდი ალბათობით, ზაფხულში ოსიმენი წავა, „კვარას“ გუნდთან დამშვიდობება კი ტიფოზებისთვის დიდი დარტყმა გახდება.

Ilmattino მიიჩნევს, რომ აგენტი განცხადებებს „ნაპოლიზე“ წნეხის გასაზრდელად და ხელშეკრულების გადახედვის მიზნით აკეთებს.

მკითხველის კომენტარები / 25 /
კვარა რომ მაღალი დონეა ფაქტია. ორი და სამი ჩაგდებული თამაშით არ იზომება.
მაგრამ მბაპე მაინც სხვა კლასია. კვარა მბაპეს დონე არაა და არც მგონია ოდესმე გახდეს.
გენა
15:42 28-02-2024
2
კილიან მბაპე შემცვლელად?! მდაა, რა ვიცი, რა ვიცი ...
Georgia
14:31 28-02-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული