ხვიჩა კვარაცხელია: როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, ვიფიქრე - "მე აქ ვერ გავჩერდები", ჩემი ქვეყნის, ჩვენი ისტორიის გამო კლუბს გამოვუცხადე, რომ უნდა წავიდე

AutoSharing Option
Theplayerstribune-ზე ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას ვრცე­ლი და ემო­ცი­უ­რი ბლო­გი გა­მოქ­ვეყ­ნდა. სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი­სა და "ნა­პო­ლის“ ლი­დე­რი იხ­სე­ნებს ბავ­შვო­ბას, წერს სა­ქარ­თვე­ლო­ზე, ნე­ა­პოლ­ში ცხოვ­რე­ბა­ზე, სა­ბერ­ძნეთ­თან ჩა­ტა­რე­ბულ ის­ტო­რი­ულ მატჩსა და ევრო 2024-ის მო­ლო­დი­ნებ­ზე:

"კარგი, მოდი ასეთი რამე ვცადოთ.

ჰკითხე ნებისმიერ ქართველს, ვინ მოიგებს ევროპის ჩემპიონატს.

ჩვეულებრივ, გამვლელ ქართველს. პატარა ბავშვს, მაღაზიის გამყიდველს… არ აქვს მნიშვნელობა.

ჰკითხე! იცით, რა მოხდება?

ჯერ, სანამ გიპასუხებენ … შეგხედავენ. ეს ნეტავ გიჟი ხომ არააო?

ვინ მოიგებსო??

„საქართველო მოიგებს ევროპის ჩემპიონატს. რა თქმა უნდა.“ რა თქმა უნდა.

მოგაშტერდებიან ასეთი კითხვის დასმისთვის: დებილი
ხომ არ ხარ?

„საქართველო თუ არა - ვინ მოიგებს?!?!?!“

„სულელი ხარ. ძალიან სულელი.“

ზოგი ამბობს: „ეს ხომ პირველად გადიხართ ევროპის ჩემპიონატზე.

Sportall.Ge

არა უშავს! არ აქვს მნიშვნელობა!

„საქართველო მოიგებს!“ ასე გიპასუხებს მოხუცებული ქალბატონი.

ქართველები ასეთები არიან. ყველაფერში.

იცი, რომელია საუკეთესო სამზარეულო?

ესპანური? იტალიური? იაპონური? ჰა-ჰა-ჰა-ჰა.

ქართული!!!!!

საუკეთესო მუსიკა?

ქართული!!!!

მართლა, არ ვიცი, რატომაა ასე. ალბათ, უფლისგან მოდის. თითქოს ასეთებად ვიბადებით. საქართველოში ყველაფერი საუკეთესოა.

მეც ასე ვამბობ.

ასე რომ, ჩემთვის… რა თქმა უნდა, ხინკალი საუკეთესო კერძია და რა თქმა უნდა, შეგვიძლია ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვება. მე არ გამოვრიცხავ!

ახლა ჩემი აქ ყოფნა გამაოგნებელია. დიდი არ ვარ, ჯერ მხოლოდ 23 წლის ვარ, მაგრამ ბევრი ღელვა გამოვიარე – ცხოვრებაში, ფეხბურთში. სერიოზული რბოლა, ნამდვილი ამერიკული მთები, თუ რა ჰქვია იმ ატრაქციონს? Roller coaster. ასეთია ჩემი ცხოვრება.

მოგიყვები.

პატარა რომ ვიყავი, ზაფხულში, როდესაც სკოლა არ იყო, ყოველდღე გავდიოდით გარეთ ფეხუბურთის სათამაშოდ. ბავშვები ბევრნი ვიყავით. პატარა ტურნირებს ვაწყობდით. ოთხი კორპუსი იყო და ცენტრში გვქონდა “სტადიონი"„ ოღონდ ცემენტის. მოგვიანებით, ტორფი გვეღირსა, მაგრამ თავიდან ცემენტზე ვთამაშობდით. სულ ახლეჩილი გვქონდა ხოლმე მუხლები, დასისხლიანებული.

და ყველაზე მაგარი, იცი, რა იყო? ხალხი ფანჯრებიდან გვიყურებდა, ჩვენი გულშემატკივრები იყვნენ.

ქართველებს უყვართ სპორტი, მაგრამ ფეხბურთი მაინც განსაკუთრებულად. სულ ასე იყო. რა მატჩიც უნდა იყოს - მაინც უყურებენ. ამხანაგური იქნება თუ გარეთ მოთამაშე ბავშვები - არ აქვს მნიშვნელობა, მაყურებელი ყოველთვის გყავს. 

Sportall.Ge

ხან­და­ხან ღამე ვთა­მა­შობ­დით, როცა წე­სით, ბავ­შვებს სძი­ნავთ. ვი­წყებ­დით ხოლ­მე ჩხუბს და თა­მაშ­ზე კა­მათს და ბავ­შვებს ვაღ­ვი­ძებ­დით. მშობ­ლე­ბი გვიბ­რაზ­დე­ბოდ­ნენ და ეს იყო ღა­მის თა­მა­შე­ბის და­სას­რუ­ლი. ნა­მე­ტანს ვხმა­უ­რობ­დით და დაგ­ვას­რუ­ლე­ბი­ნეს ჩვე­ნი "ჩემ­პი­ონ­თა ლიგა“.

მე ძა­ლი­ან არ ვყვი­რო­დი, ძი­რი­თა­დად, მშვი­დად ვი­ყა­ვი. პირ­ვე­ლი არა­სო­დეს ვი­წყებ­დი ჩხუბს. ზოგ­ჯერ ამ­ბობ­დნენ, ეს ბიჭი მორ­ცხვი­აო (ახ­ლაც ასე ამ­ბო­ბენ), მაგ­რამ არ ვარ მორ­ცხვი, უბ­რა­ლოდ, ყვე­ლას პა­ტივს ვცემ.

მაგ­რამ. მაგ­რამ!!!

ჩემს მე­გობ­რებს ან ახ­ლობ­ლებს თუ ეხე­ბი­ან, ვმხეც­დე­ბი. მენ­ტა­ლი­ტე­ტია ასე­თი, ხომ გეს­მის? მე პირ­ვე­ლი არა­სო­დეს ვი­წყებ ჩხუბს, მაგ­რამ შე­მიძ­ლია და­ვას­რუ­ლო. გან­სა­კუთ­რე­ბით, მე­გო­ბა­რი თუ მყავს გა­სა­ჭირ­ში და უნდა და­ვეხ­მა­რო.

დე­და­ჩე­მი ვერ იტან­და ამ ჩემს ჩვე­ვას. სულ მე­უბ­ნე­ბო­და: "რა­ტომ ჩხუ­ბობ? და­წყნარ­დი.“

მაგ­რამ ჩემს სამ­შობ­ლო­ში მე­გო­ბარს გა­სა­ჭირ­ში არა­ვინ და­ტო­ვებს.

თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს" აკა­დე­მი­ა­ში სი­ა­რუ­ლი­სას მეტი ფეხ­ბურ­თი და ნაკ­ლე­ბი ჩხუ­ბი მქონ­და. სწავ­ლე­ბა ისეა გა­მარ­თუ­ლი, იცი, რომ შე­გიძ­ლია კარ­გი ფეხ­ბურ­თე­ლი გა­მოხ­ვი­დე. შე­ხე­დე ჩვენს ეროვ­ნულ ნაკ­რებს - თით­ქმის ყვე­ლა მო­თა­მა­შემ ამ აკა­დე­მი­ა­ში ის­წავ­ლა.

ძნე­ლი იყო. პირ­ველ გუნდში ვი­ყა­ვი და ჩემ­ზე უფ­რო­სი მო­თა­მა­შე­ე­ბი ცოტა სხვა­ნა­ი­რად მი­ყუ­რებ­დნენ, თით­ქოს ამ­ბობ­დნენ: "ეს ბი­ჭი­ღა გვაკ­ლდა!“

მა­შინ პა­ტა­რა ვი­ყა­ვი და არა­ვინ მიც­ნობ­და.

"ვი­ნაა სა­ერ­თოდ ეს ბიჭი?“ 15 წლის ვიქ­ნე­ბო­დი… სე­რი­ო­ზულ მო­თა­მა­შე­ებ­თან მქონ­და საქ­მე და ჩემი მი­სა­მარ­თით შემ­თხვე­ვით გა­მი­გო­ნია ნათ­ქვა­მი: "ახლა ეს ბი­ჭიც თა­მა­შობს და ალ­ბათ წა­ვა­გებთ“ ან კი­დევ: "არა რა, ოღონდ ეს ბიჭი არა“.

ცოტა მე­ტი­რე­ბო­და… ვფიქ­რობ­დი, რომ ცუ­დად ვთა­მა­შობ­დი და გული მტკი­ო­და. ასე რომ, ჩემს თავს ვუ­თხა­რი: მე ამათ ნაღ­დად უნდა ვა­ნა­ხო, რომ შე­მიძ­ლია კარ­გად თა­მა­ში.

ჩემი მენ­ტა­ლი­ტე­ტი მა­შინ გა­მაგრდა. მო­ტი­ვა­ცია იყო ჩემ­თვის და მარ­გო.

შემ­დეგ რუ­სეთ­ში წა­ვე­დი, მოს­კოვ­ში. 17 წლის ვი­ყა­ვი, თით­ქმის 18-ის. პა­ტა­რა ვი­ყა­ვი და სულ მარ­ტო. ჩემი მშობ­ლე­ბი ნერ­ვი­უ­ლობ­დნენ, მა­მა­ჩე­მი გან­სა­კუთ­რე­ბით. გა­მიძ­ნელ­და, დიდი სტრე­სი იყო ოჯა­ხის და­ტო­ვე­ბა.

Sportall.Ge

ვარ­ჯი­ში როცა და­ვი­წყე, ჩემს თავს ვუ­თხა­რი: აქ რის­თვის ჩა­მო­ვე­დი? ჩემი ოჯა­ხის გვა­რი მა­ი­სურ­ზე მა­წე­რია, ესე იგი, ჩემი ოჯა­ხი ჩემ­თა­ნაა. მათ­თვის უნდა ვი­მუ­შაო, მხო­ლოდ ჩემ­თვის არა. არ მაქვს უფ­ლე­ბა, გული ავუც­რუო, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ია­მა­ყონ ჩე­მით.

ასე რომ, გავ­მაგრდი.

რუ­სეთ­ში ქარ­თვე­ლი საბა კვირ­კვე­ლი­აც იყო და ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა. სხვა მო­თა­მა­შე­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში მეხ­მა­რე­ბო­და, თა­ვის­თან ერ­თად მა­ტა­რებ­და ხან­და­ხან და მი­ცავ­და. თა­მა­ში რო­დე­საც და­ვი­წყე, მწვრთნელს ძა­ლი­ან მო­ვე­წო­ნე. დიდ პა­ტივს ვცემ, იმი­ტომ, რომ სე­რი­ო­ზუ­ლი ზრდა მქონ­და იმ პე­რი­ოდ­ში - ფი­ზი­კუ­რი, გო­ნებ­რი­ვი და პი­რა­დი.

ოღონდ მარ­ტო­სუ­ლი ვი­ყა­ვი. საწ­ვრთნელ ბა­ზა­ზე ვცხოვ­რობ­დი, მე­გობ­რე­ბი არ მყავ­და. მგო­ნი, მხო­ლოდ მე და დაც­ვის ბი­ჭე­ბი ვი­ყა­ვით. და­ნარ­ჩე­ნი მო­თა­მა­შე­ე­ბი სხვა­გან ცხოვ­რობ­დნენ, მე სულ მარ­ტო ვი­ყა­ვი, მარ­ტო დავ­დი­ო­დი. ცოტა დამ­თრგუნ­ვე­ლი ად­გი­ლი იყო. მარ­თლა, არ ვხუმ­რობ! სა­დღაც უღ­რან ტყე­ში, გა­რეთ გა­სე­ირ­ნე­ბაც არ გა­მო­დი­ო­და, იმი­ტომ, რომ ქუ­ჩის ძაღ­ლე­ბი და არამარ­ტო ძაღ­ლე­ბი იყო გარ­შე­მო. სულ ბა­ზა­ზე ვი­ყა­ვი, არ­სად არ გავ­დი­ო­დი, მოს­კო­ვის ცენ­ტრშიც კი არ წავ­სულ­ვარ. არ­სად.

ღამე ბა­ზა­ზე შუქი არ იყო. ხან­და­ხან ღა­მი­თაც ვვარ­ჯი­შობ­დი, და­მა­ტე­ბით მინ­დო­და მუ­შა­ო­ბა, თან უშუ­ქოდ. ასეთ მო­მენ­ტებ­ში შე­ში­ნე­ბუ­ლი დაც­ვა მომ­ვარ­დე­ბო­და ხოლ­მე, სიბ­ნე­ლე­ში ვერ მცნობ­დნენ.

"ეი, ვინ დარ­ბის მანდ????“

მე.

დრიბ­ლინ­გი სიბ­ნე­ლე­ში.

დაც­ვის ბიჭი კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო. სულ მე­უბ­ნე­ბო­და: "მორ­ჩი რა, და­ამ­თავ­რე.“

მაგ­რამ სხვა საქ­მე არ მქონ­და, ვე­რა­ფერს ვერ ვა­კე­თებ­დი, მხო­ლოდ ფეხ­ბურთზე ვფიქ­რობ­დი. ასე ღამ­ღა­მო­ბით ვმუ­შა­ობ­დი, ყო­ველ ღამე.




Sportall.Ge

სულ იმას ვფიქრობდი, რომ არ შემიძლია ცუდად თამაშის გამო დავბრუნდე საქართველოში. კარგად უნდა ვითამაშო. ბევრი უნდა ვიმუშაო. ჩემი ოჯახი და ქვეყანა მიყურებს.

საქართველოს, ქართველ ხალხს მუდამ გულით ვატარებ. სამშობლოს სიყვარული ასეთია. ყველაფერს ჩემი ქვეყნისთვის ვაკეთებ, ჩემი გულშემატკივარი ბავშვებისთვის (თუნდაც არ იყვნენ გულშემატკივრები, მაინც ქართველები არიან და მათთვის ვაკეთებ ყველაფერს).

სულ მინდა, რომ ვაამაყო.

2022 წელს უკრაინაში ომი იწყება. ომი დიდი სირცხვილია. ვფიქრობ, კაცთმკვლელობა საერთოდ არ უნდა არსებობდეს. მგონი, მარტივია - მშვიდობა უნდა სუფევდეს. ასე რომ, როდესაც ომი დაიწყო, ვიფიქრე „მე აქ ვერ გავჩერდები“, ჩემი ქვეყნის, ჩვენი ისტორიის გამო კლუბს გამოვუცხადე, რომ უნდა წავიდე.

გადავედი ბათუმის "დინამოში", მსოფლიოში საუკეთესო ქვეყანაში. იცი, რომელ ქვეყანას ვგულისხმობ!!

სახლში დაბრუნება მაგარი იყო. დავფრინავდი სიხარულისგან. სტადიონები სავსე იყო ხოლმე მაყურებლით. თითქოს ჩემს უბანში დავბრუნდი და ისევ ცემენტზე ვთამაშობ.

ოღონდ დასისხლიანებული მუხლები აღარ მქონდა.

ნაპოლიში გადასვლა ბადრის დამსახურებაა. ბადრი - მამაჩემია.

მარადონა მისი კერპი იყო.

მამაჩემი ძალიან კარგი ფეხბურთელი იყო. აზერბაიჯანში თამაშობდა. ბავშვობაში სულ მის ვიდეოს ვუყურებდი და ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი იყო მამა.

ვინმე მესიზე ან რონალდოზე თუ ლაპარაკობდა, მე ვპასუხობდი ხოლმე, „არა, არა, არა … მამაჩემი უკეთესია.“

შვიდი ან რვა წლის ბავშვები ვიყავით და ვკამათობდით საუკეთესო ფეხბურთელებზე. დანარჩენები ამბობდნენ: „რონალდინიო არის ყველაზე მაგარი.“

მე კი სულ ვამბობდი: „არა, არა, არა, თქვენ მამაჩემი არ გინახავთ.“

ჰა-ჰა-ჰა-ჰა.

„მამაჩემი უკეთესია, ვიდეოს განახებთ!“

YouTube-ზე თუ მოძებნი, ბევრს არაფერს ამოაგდებს, მაგრამ მე DVD მქონდა. დედა სულ მაყურებინებდა. მამა ძალიან მაგრად ასრულებდა თავისუფალ დარტყმებს. იმდენად შთამბეჭდავი იყო, ჩემს მეგობრებს სულ ვეპატიჟებოდი ჩემთან, რომ ენახათ.

რა თქმა უნდა, როდესაც წამოვიზარდე, მეც მივხვდი, რომ რონალდინიო… ჰო, შეიძლება უკეთესიც იყოს.

ოღონდ სულ ცოტათი.

ბავშვობიდან მესმოდა, როგორ აღმერთებდა მამაჩემი მარადონას.

ასე რომ, როდესაც ჩემმა აგენტმა მითხრა, რომ ნაპოლი მეპატიჟება, უბედნიერესი ვიყავი, მაგრამ მამა? ვერ იჯერებდა.

მამა მეუბნებოდა, „ნაპოლისთვის უარის თქმა არ შეგიძლია! მარადონას კლუბს უარს ვერ ეტყვი!“

მოკლედ, ბევრი არ გვიფიქრია. არანაირი დებატი არ ყოფილა ამ თემაზე.

„უნდა წახვიდე.“

ემოციებს ვერ აღვწერ. მე ვამბობდი: „წავედით. ჩქარა. დროზე უნდა ჩავიდე.“

Sportall.Ge

ნეაპოლში როდესაც ჩავედი, პირველი, რაც მითხრეს ჩემმა თანაგუნდელებმა, იყო: „იმღერე.“

ვახშამზე ტრადიციაა სიმღერა. ყველა ახალი მოთამაშე მღერის. მეც ვიფიქრე, რა პრობლემაა?

კიმ მინ ჯემ დაიწყო და… რა ჰქვია იმ სიმღერას?

„Gangnam Style.“

მაგარი იყო. მართლა ძალიან მაგარი, ამიტომ ზეწოლა ვიგრძენი.

ჰოდა, ავირჩიე სიმღერა.

ადრე, როდესაც რუსეთში ვთამაშობდი ყაზანის "რუბინში", ერთმა ახალმა მოთამაშემ იმღერა რაღაც სიმღერა ვახშამზე. კარგი იყო. მართალია, სიმღერა არ ვიცოდი, მაგრამ მაშინ ვიფიქრე, „შემდეგში სადაც წავალ, ეს სიმღერა უნდა ვიმღერო“.

სიმღერა ასეთია „ლალა, ლა, ლა, ლა...“

ეს ვიმღერე "ნაპოლისთან" პირველ დღეს. ჩემმა თანაგუნდელებმა, როდესაც გაიგონეს, მითხრეს: „შენ გონიერი ბიჭი ყოფილხარ. კარგი შთაბეჭდილების მოხდენა გინდა "ნაპოლის" ქომაგებზე, ხომ?“

მე აზრზე არ ვიყავი.

ვახშმის შემდეგ მარიო რუი მეუბნება: „ეს სიმღერა არის Live is Life. მარადონას სიმღერაა, მან გახადა პოპულარული მოთელვითი ვარჯიშების დროს, მატაობისას.“

გეფიცები, არ ვიცოდი, მაგრამ გულშემატკივრებს მართლა გაუხარდათ ამ სიმღერის გაგონება. იღბალია, მეტი არაფერი.

მახსოვს, ნეაპოლში პირველი დღეები ყველგან მარადონას ვხედავდი. მარადონა, მარადონა, მარადონა. იქ მარადონა - ღვთაებაა. მამაჩემს მოვუყევი და მეუბნება: „დროზე ჩამომიყვანე მანდ!“

თავიდან ვარჯიშებზე ტაქსით დავდიოდი, იმიტომ, რომ ჩემი მანქანა არ მყავდა. მერე, როდესაც ვნახე, როგორ დაჰყავთ მანქანები, ვიფიქრე: „შანსი არაა, მე აქ მანქანას ვერ ვატარებ.“

სასტუმროში მივედი თუ არა, ხედები მეცა თვალში… ღმერთო, ცხოვრებაში ასეთი სილამაზე არ მინახავს, მართლა.

მახსოვს, ქალაქში სასეირნოდ დავდიოდი და 70 წლის მოხუცებიც კი უკვე მიცნობდნენ. ჯერ თამაშიც არ მქონდა დაწყებული და ხალხი უკვე მაჩერებდა და მეუბნებოდა „შენ ხარ კვარაცხელია?!“

„დიახ, გახლავართ!“

მე ახალგაზრდა ბიჭი ვარ, ბათუმის "დინამოში" ვთამაშობდი, ძნელად წარმოსათქმელი სახელი მაქვს, მაგრამ ბებიები, ბაბუები - ყველა მიცნობს.

Sportall.Ge

მეგობრებს ხშირად ვეუბნები: ქართველები და ნეაპოლელები თითქმის ერთნაირები ვართ. ფეხბურთზე ერთნაირად ვგიჟდებით. ცხოვრებას საერთოდ რაღაცნაირად… გიჟურად ვცხოვრობთ. არ ვიცი, ზუსტად როგორ გამოვთქვა, ალბათ ცეცხლი, ენერგიაა ამის საწყისი. საქართველოშიც ასე ვიცით.

ჩემს ქართველ მეგობრებს სულ ვეუბნები: „ნეაპოლური პიცა და პასტა უნდა გასინჯოთ.“

სხვას რას ვეუბნები?

„ერთი მატჩი უნდა ნახოთ Stadio Maradona-ზე“.

არასოდეს დამავიწყდება, როგორ მოვხვდი პირველად "მარადონას სტადიონზე". შიგნით ულამაზესი იყო, გასახდელებიც კი. თამაშის დაწყებამდე მე არ მაქვს მოედანზე გასვლის ჩვევა. ზოგი მოთამაშე გადის, ბალახს სცდიან, მუსიკას უსმენენ ხალხთან ერთად. მე არასოდეს გავსულვარ, მაგრამ "მარადონას სტადიონზე" პირველად ვიფიქრე: იქნებ გავალ მაინც, უნდა ვნახო.

გავდივარ და… თვალწარმტაცია! თან გახურებისას უკვე სავსეა სტადიონი. შეუძლებელია ემოციების აღწერა. ისმის ის სიმღერა: „ლა, ლა, ლა“ მოთელვის დაწყებისას, შემდეგ სხვა მარადონას სიმღერა იწყება" „ოლე, ოლე, ოლე“ და მერე გულშემატკივრები მღერიან" „დიეგო, დიეგო“.

ასე რომ, ახლა, როდესაც გახურებას ვიწყებ, მეც ყოველთვის ვმღერივარ „დიეგო, დიეგოს".

მამაჩემს უყვარს ძალიან.

გულშემატკივრები კიდევ სულ სხვა ამბავია. შარშან, სკუდეტო რომ მოვიგეთ, "იუვენტუსის" შემდეგ, ვბრუნდებით ნეაპოლის აეროპორტში და ავტობუსში ჩასხდომას ვცდილობთ, მაგრამ გულშემატკივრებმა ისეთი ფერადი ბოლი დააყენეს, რომ ვეღარაფერს ვხედავდით. ავტობუსში სუნთქვაც გვიჭირდა, მძღოლს კონდიციონერი ჩავართვევინეთ, ოდნავ შვება რომ გვქონოდა, მაგრამ ამანაც ვერ გვიშველა. ფაქტობრივად, ვერ ვსუნთქავდით და გარშემო მხოლოდ ლურჯ-თეთრი ბოლი იდგა.

სამაგიეროდ, ხალხი იყო უბედნიერესი. მთელი ქალაქი მეშვიდე ცაზე იყო. ყველა, სულ ყველა…

და მეც.

ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ მარადონას კლუბში თამაშით.

ცოტა ძნელი ბავშვობა მქონდა საქართველოში. აქ დეტალებს მოვერიდები, მაგრამ სულ არ იყო ადვილი, ხომ გესმის? ახლა ბედნიერი ვარ, იმიტომ, რომ "ნაპოლიში" თამაშით ჩემს ქვეყანას ვახარებ. ყველა გვიყურებს, ყველა გვადევნებს თვალყურს.

საქართველოში რომ ვბრუნდებოდი და ვხედავდი, ბავშვებს მაისურებზე ჩემი გვარი აწერიათ - ვერ ვიჯერებდი. მეგონა, ეს კვარაცხელია ალბათ ვინმე სხვაა.

ასეთ რამეზე არც მიოცნებია, იმდენად მიუღწევლად მეჩვენებოდა. დღეს კი, როცა ვხედავ, შთაგონებას მაძლევენ.

ახლა კი ევროპის ჩემპიონატი… შეგვიძლია საქართველო გავაბედნიეროთ.

ქართველებისთვის ეს ყველაფერი სიზმარივითაა.

მართალია, რომ საქართველო საუკეთესოა. ყველაფერში. ოღონდ, მგონი, გულის სიღრმეში არავის სჯეროდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე გავიდოდით. არავინ ამბობდა, მაგრამ ყველა ასე ფიქრობდა.

Sportall.Ge

საბერძნეთის წინააღმდეგ ფინალური პლეი-ოფი ცოტა მძიმე იყო. ყოველდღე, ყოველ წამს ამ თამაშზე ვფიქრობდი.

ჩემს თავს გამუდმებით ვეუბნებოდი: უნდა მოვიგოთ. უნდა გამომივიდეს, ჩემი მეგობრების გულისთვის. ჩემი თანაგუნდელებისთვის. ჩემი ხალხისთვის.

სტრესი. ზეწოლა, რასაკვირველია.

ყველა ბოლომდე დავიხარჯეთ, 100 პროცენტით. პენალტებში განსაკუთრებით. პენალტები ჩემთვის ყოველთვის 50-50-ზეა. არავინ არ იცის, როგორ დასრულდება.

პენალტები როცა დაიწყო და მამარდაშვილმა ბურთი მოიგერია, ერთი ნაბიჯით წინ წავიწიეთ. საშინლად ვნერვიულობდი, ვერ ვწყნარდებოდი, ნამეტან ზეწოლას ვგრძნობდი. ყველას გავერიდე, არ მინდოდა, ვინმეს ვენახე.

მარტო.

ვკანკალებდი. რა თქმა უნდა, საუკეთესო მეკარე გვყავს, მაგრამ მაინც ვნერვიულობდი. ვფიქრობდი, ღმერთო, მიდით, ბიჭებო. ბოლო პენალტი კვეკვესკირის იყო და ვუთხარი, ნიკა, შენ უნდა დაასრულო.

გოლი რომ გაიტანა, მიწაზე დავეცი და „ვაიმე, გამოგვივიდა“-მეთქი.

ყველა უბედნიერესი იყო.

ჩემმა ცოლმა თამაშის მერე მნახა და მკითხა, მთვრალი ხომ არ ხარო, გასახდელში ლუდი დალიეო? მე ვუპასუხე, რომ უბრალოდ ბედნიერი ვარ!!!!

მგონი, ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო დღე იყო.

უამრავი ხალხი იყო ყველგან… ყვიროდნენ, ცეკვავდნენ. სასტუმრომდე ვერ მივაღწიეთ ავტობუსით. პოლიციამაც ვერ შეაჩერა ხალხი. შხაპიც არ მიგვიღია, მაისურები გამოვიცვალეთ და ხალხთან გავედით ცერემონიაზე. ყველა მღეროდა და თან ტიროდა. ბედნიერების ცრემლები…

ის დღეები დაუვიწყარია.

Sportall.Ge

საქართველოს ისტორიაში შევედით.

ახლა კი… რა თქმა უნდა, გვაქვს შანსი. რატომაც არა?!?!? რატომ უნდა ვთქვათ "არა"?

თურქეთის წინააღმდეგ ვთამაშობთ და მერე ჩეხეთთან და პორტუგალიასთან. ძნელი იქნება? იქნება. მწარე იქნება? იქნება. ვთხოვ თუ არა კრიშტიანუ რონალდუს მაისურს? შეიძლება. ალბათ ვთხოვ. კაი, ვთხოვ ნამდვილად. რატომაც არა? ჩემი კერპია და ვეტყვი კიდევაც, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოგება არ შეგვიძლია.

ფეხბურთი - ფეხბურთია. არავინ, არასოდეს არ იცის, რა და როგორ მოხდება. ხომ არავინ ფიქრობდა, რომ საერთოდ გავიდოდით ჩემპიონატზე?!

ახლა ისევ არ სჯერათ. ამბობენ, საქართველოს შანსი არ აქვსო.

ყველა ამას იძახის.

მაგრამ, მე, იცი, რას გეტყვი?

მე ასე ვიტყვი...

აბა, ჯერ ქართველებს ჰკითხეთ.

Sportall.Ge


წყარო
მკითხველის კომენტარები / 40 /
ეჰ კვარა შენც ორმაგი სტანდარტებიც კაცი ყოფილხარ. თუ ქვეყნის ისტორიაზეა საქმე ჩვენ რა ომი არ გვქონია რუსებთან თუნდაც უახლოეს 2008 წელს?! რატო მიდიოდი მაშინ რუსეთის პრემიერლიგაში სათამაშოდ?. წადით და ბურთი გააგორეთ, შეეშვით ამ პოლიტიკურ განცხადებებს.
ისე აუცილებელი იყო ამ სტატიის დადება თამაშამდე რამდენიმე საათით ადრე ?
იბრუხ მართალი
10:07 18-06-2024
40
ხვიჩა არის ნამდვილი ქართველი!! და ნამდვილი სუპერვარსკვლავი!!
Pepelu
10:47 18-06-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული