აღნიშნულია, რომ საქართველოს ნაკრებში ჩაკვეტაძის კარგ თამაშს მედიაში აღმაფრთოვანებელი გამოხმაურებები მოჰყვა. ის "უოტფორდში" პირველ სეზონში დიდ იმედებს იძლეოდა, მაგრამ 37 მატჩში მხოლოდ 1 გოლი გაიტანა, ევრო 2024-ზე გასასვლელი პლეი-ოფების წინ კი დასვენების მიზნით კლუბში ბოლო 3 შეხვედრაში არ ათამაშეს.
გუნდის მწვრთნელმა ტომ კლევერლიმ გიორგი შეაქო: "შეიძლება ითქვას, ჩემპიონშიფის ბოლო რამდენიმე კვირა ის ევროპირველობაზე ფიქრობდა. იმედი მაქვს, ნათელი გონებით დაბრუნდება და სათამაშოდ
მზად იქნება, რადგან ისეთი მოთამაშეა, რომელიც მომწონს.
რაც შემეხება მე, მსურს, ყოველ კვირა "უოტფორდში" ის გიორგი ვნახო, რომელიც თავისი ქვეყნის ეროვნული გუნდის შემადგენლობაში ევროზე ვიხილეთ".
გასულ სეზონში ჩაკვეტაძე "ვიკარიჯ როუდზე" ბელგიური "გენტიდან" იჯარით გადავიდა და ბევრი გაკვირვებული დარჩა, როცა 2 მილიონ ფუნტად გამოისყიდეს. ამის შესახებ კლევერლი ამბობს: "ახლა ის ჩვენი ფეხბურთელია და იანვარში განხორციელებული ტრანსფერი ძალიან წარმატებულად მოჩანს. გერმანიაში შესანიშნავი იყო, გავიმეორებ - მისით ძალიან ვამაყობ. სასიამოვნოა ჩვენი ფეხბურთელების დიდ ტურნირებზე ნახვა. საქართველომ ისტორია დაწერა და დარწმუნებული ვარ, გიორგი კარგ ხასიათზე მყოფი დაგვიბრუნდება და კლუბში თავის საუკეთესო ფორმას აჩვენებს".