Sky Sport-ის ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, რომ ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრებიდან დღეს ნეაპოლში დაბრუნდა და სამედიცინო შემოწმება გაიარა.
დი მარციოს ცნობით, კვარაცხელიას ალბანეთის ეროვნულ გუნდთან მატჩისას მიღებული ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და მწვრთნელმა ანტონიო კონტემ შვებით ამოისუნთქა.
ამავე მედიასაშუალების კორესპონდენტმა ფრანჩესკო მოდუნომ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა და განაცხადა, რომ კვირას "კალიარისთან" ჩასატარებელ შეხვედრამდე საკმაო დროა, იმედია, "კვარა" მწყობრში ჩადგება და პირველივე წუთებიდან რომელუ ლუკაკუსთან ერთად შეუტევს მეტოქის კარს.