კონტე კვარაცხელიასა და ლუკაკუს სრულად ამოქმედებას იწყებს - ბუდუ და ზურიკო პარასკევს...

AutoSharing Option
სანაკრებო მატჩები დასრულდა და ქართველი გულშემატკივრები მომავალ შეხვედრებს უკვე მოუთმენლად ელიან. ჩვენმა ბიჭებმა ეს დაიმსახურეს!.. ლოდინი დიდხანს არ გაგრძელდება, 11 ოქტომბერს უკვე მორიგი დაპირისპირება გვაქვს, მანამდე კი ლეგიონერებზე უნდა გადავერთოთ.

საკლუბო ფეხბურთი დატვირთულ ფაზაში შედის, ევროტურნირებიც იწყება (გიორგი გველესიანი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე ჩაერთვება). სამწუხაროდ, სანაკრებო პაუზას ტრავმებიც თან ახლავს ხოლმე. მაგალითად, ახლა, მარტინ ოდეგორმა კოჭი დაიზიანა და "არსენალს" ვერ დაეხმარება, რაც მნიშვნელოვანი დანაკლისია. წარმატებული მატჩების შემდეგ ქართველი ფეხბურთელების ძალების შესაბამისად აღდგენას დიდი მნიშვნელობა აქვს.

ჩვენებურებიდან საქმეში პირველად ჩართვა მათ მოუწიათ,
რომლებიც სანაკრებო მატჩებში შედარებით ნაკლებად დაიტვირთნენ:

პარასკევი. 20:30 სთ. კარლსრუე (ზივზივაძე) - შალკე;

22:45 სენტ ეტიენი (დავითაშვილი) - ლილი.


ხვიჩა კვარაცხელიასა და უკვე საკმაოდ სახეშეცვლილი "ნაპოლის" მიმართ დიდი ინტერესია. ნეაპოლელებს ცოტა უცნაური სატრანსფერო პოლიტიკა გამოუვიდათ, თუმცა მიწურულს ოსიმენის "გალათასარაიში" გაშვებაც (იჯარით) მოახერხეს და საერთო ჯამში, ტრანსფერებში 100 მილიონი დახარჯეს. ანტონიო კონტემ თავისი გაიტანა და გუნდი საფუძვლიანად გააძლიერა - ბონჯორნო, გილმორი, მაკტომინეი, ნერეში და ლუკაკუ. ასე რომ, ახლა მხოლოდ შედეგების დროა, რომელსაც პრეზიდენტი დე ლაურენტისი აუცილებლად მოითხოვს.

ხვიჩა კვარაცხელია კლუბში მცირედი ტრავმით ჩავიდა, თუმცა ის სათამაშოდ მზადაა. თუკი წინა შეხვედრაში რომელუ ლუკაკუ ცოტა დროით ვნახეთ, ახლა შეტევაში მისი და "კვარას" დუეტი სრულად ამოქმედდება. მოსალოდნელია, ნერეშმა სასტარტო თერთმეტეულში
პოლიტანო უკვე შეცვალოს. აი, რა იქნება მინდვრის ცენტრში, ჯერ რთული სათქმელია. ნეაპოლელებმა აქ ამბიციური ფეხბურთელები შეიძინეს, მაგრამ გუნდში მათ სრულ ინტეგრაციამდე კვლავ ლობოტკასა და ანგისას წყვილს ველით.

"ნაპოლი" მე-4 ტურის მატჩში "კალიარის" ესტუმრება - კვირას, 15 სექტემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე.

კონტეს გუნდმა 3 თამაშის შემდეგ 6 ქულა მოიპოვა და 5 გოლის გატანა შეძლო. სეზონის საშინელი მარცხით დაწყებას სიტუაციის გამოსწორება მოჰყვა, თუმცა "პარმასთან" მეკარის გაძევება რომ არა, არავინ იცის, რა მოხდებოდა. "კვარას" გოლი და საგოლე პასი აქვს და თითოეულ მატჩში უმაღლეს დონეს ავლენს.

ყველა რგოლში გუნდი გაძლიერდა, ახლა მეკარე ალექს მერეტის სტაბილურობასაც დიდი მნიშვნელობა ექნება.

"კალიარის" მწვრთნელმა დავიდე ნიკოლამ გასულ სეზონში სასწაული "ემპოლისთან" ერთად შეძლო, მანამდე კი - "კროტონესა" და "სალერნიტანაში". მიმდინარე ტურნირზე მათ ორი ფრე და ერთი მარცხი აქვთ და პირველი გამარჯვების მოლოდინში არიან. ყოფილი ნეაპოლელი გაეტანო გასულ სეზონში აქ შედეგიანი იყო, ჯერჯერობით კი არ გამოჩენილა.

Sportall.Ge

გავიხსენოთ "ნაპოლის" გასული სეზონის დაპირისპირებები მაშინ ახლად აღზევებულ "კალიარისთან", რომელსაც ლეგენდარული კლაუდიო რანიერი წვრთნიდა. პირველ წრეში კვარაცხელიამ გამარჯვების გოლი ოსიმენის ძალიან მაგარი მოქმედებისა და პასის შემდეგ გაიტანა; რაც შეეხება მეორე მატჩს, გუნდში მწვრთნელი კალცონა ახლად მისული იყო და ნეაპოლელთა რიგებში დაულაგებელი სიტუაცია იყო. შეხვედრა ფრედ (1:1) დასრულდა, ჩვენ კი ხვიჩაზე ასე გვეწერა - "მწვრთნელის დავალებით აშკარად მეტს მუშაობდა დაცვაში, დაჯარიმდა კიდეც. მთელ რიგ ეპიზოდებში ბურთს ისე უფრთხილდებოდა, ზედმეტ ფინტს არ აკეთებდა, რაც ტაქტიკურ დავალებასაც ჰგავდა. ხვიჩას სახე აშკარად არ უბრწყინავდა და მასში გარკვეული გარემოებების ამოკითხვა შეიძლებოდა." დაგვეთანხმებით, ახლა აბსოლუტურად განსხვავებული ვითარებაა.

"უნიპოლ დომუსზე" (16 416 მაყურებელი) ჩასატარებელი მატჩის მთავარი მსაჯი ფედერიკო ლა პენა იქნება, რომელიც "პარმასთან" მეოთხე არბიტრი იყო, ბოლოს კი "ნაპოლის" შეხვედრას 17 მარტს, "ინტერთან" (1:1) გაუძღვა.

კვირას კიდევ ერთ მატჩს გამოვარჩევთ, 22:45 საათზე გიორგი მიქაუტაძის "ლიონი" "ლანსს" "სტად ბოლერ დელელზე" (38 223 მაყურებელი) ესტუმრება. ლიონელებმა მესამე ტურში, როგორც იქნა, გაიმარჯვეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ქართველი ფორვარდი მოედანზე აღარ იყო. "ჟორჟმა" ამის შემდეგ ნაკრებში გაიტანა. ახლა მთავარია, გუნდი ისევ ორფორვარდიანი ტაქტიკით რამდენად ითამაშებს და ამ ვითარებაშიც, იმ შეხვედრაში დუბლის ავტორს, ნიგერიელ ორბანს რამდენად ვიხილავთ. მიქაუტაძე გარკვეული ადაპტაციის შემდეგ გუნდს სრულყოფილად მოერგება, გვჯერა.

"ლანსი" ახლა კარგ ფორმაშია, ისე კი, "ლიონს" ბოლო ორი მატჩი მოუგო, მისსავე მოედანზე კი სულაც შეარცხვინა - 3:0 დაამარცხა.

შეხვედრის მთავარი მსაჯი, ბასტიან დეშეპი, გასულ სეზონში "ლიონისა" და "მონაკოს" ძალიან მაგარ დაპირისპირებას (3:2) გაუძღვა.

კვირას სხვა მატჩებზე გვიან, ჩვენი დროით 23:00 საათზე, გიორგი მამარდაშვილის "ვალენსია" "ატლეტიკოს" ესტუმრება. "ღამურებს" 4 მატჩში მხოლოდ ერთი ქულა აქვს და გიორგი მამარდაშვილს, ბოლო სანაკრებო შეხვედრებში შედარებით ნაკლები საქმე რომ ჰქონდა, დიდი ჯაფა ადგას.

Sportall.Ge

ვალენსიელებს "ვანდა მეტროპოლიტანოზე"(70 460 მაყურებელი) თამაში ძალიან უჭირთ, ძალიან იშვიათად ფრეს თუ გამოჰკრავენ ხელს, ისე კი, საკმაოდ უშანსოდ აგებენ და ბოლოს 2011 წელს, ხოაკინის დუბლით (2:1) მოიგეს.

ბარახას საკმაოდ ბევრი ტრავმირებული ჰყავს და ვნახოთ, მომავალში "ლივერპულის" მეკარე "მამარდას" დახმარებით დიეგო სიმეონეს გუნდთან რამდენს მოახერხებს. შეხვედრის მთავარი მსაჯი ცეზარ სოტო გრადო იქნება, რომელიც ბოლოს "ვალენსიას" 16 მაისს, "სოსიედადთან" (0:1) წაგებულ შეხვედრაში მოემსახურა.

კვირის შეხვედრებიდან ოთარ კიტეიშვილის "შტურმის" "აუსტრიასთან" სტუმრობასაც გამოვარჩევთ, რომელიც თბილისის დროით 19:00 საათზე "გენერალ არენაზე" (17 500 მაყურებელი) ჩატარდება. 5 ტურის შემდეგ 12 ქულით გრაცელები ლიდერობენ, ქართველი ნახევარმცველის ანგარიშზე კი 2 გოლი და 1 შედეგიანი პასია.

კვირა, 23:00 სთ. ესპანეთი. ლა ლიგა 2. ელჩე - გრანადა (წიტაიშვილი).

ქართველების მნიშვნელოვანი მატჩები შაბათს:

Sportall.Ge

18:00 სთ ინგლისი. ჩემპიონშიპი. უოტფორდი (ჩაკვეტაძე) - ქოვენთრი;

20:00. იტალია. სერია "ა". ემპოლი (გოგლიჩიძე/საზონოვი) - იუვენტუსი;

17:00. იტალია. სერია "ბ". ლოჩოშვილი (კრემონეზე) - სპეცია;

18:15. ესპანეთი. ლა ლიგა 2. ლევანტე (ქოჩორაშვილი) - ელდენსე.

altხვიჩა კვარაცხელიამ მიმართვა გაავრცელა: ჩვენი ქვეყანა კიდევ უამრავ სიხარულს იმსახურებს

altAS: "ლევანტეს" ბრილიანტი ქოჩორაშვილი სამშობლოში ხატად იქცა

მკითხველის კომენტარები / 1 /
სასიამოვმო ისაა, ასეთი თამაშების მერე ინტერესი ყველას მიმართ რომ იზრდება. რა თქმა უნდა, კვარას და ნაპოლის ყველა განსაკუთრებით ელოდება, მაგას ვერავინ უაყოფს, მაგრამ ვინც აქაა ნახსენები, ყველა გვაინტერესებს. ყველაზე ვერ დაწერენ მაგრამ კაკაბაძეს, კაშიას, დვალს, ნონიკაშვილსაც კი უნდა დავაკვირდე
კაჭკაჭი
10:34 13-09-2024
0

სიახლეები პოპულარული