დღეს, სერია A-ს მეხუთე ტურში "ნაპოლი" გასვლაზე "იუვენტუსს" დაუპირისპირდება. მატჩისადმი ინტერესი და აჟიოტაჟი რა თქმა უნდა, უდიდესია და ტურინის პოლიციამ ნეაპოლელ გულშემატკივრებს უსაფრთხოების მიზნით სტადიონზე შესვლა აუკრძალა. არადა, მათ 2 800 ბილეთი უკვე შეძენილი აქვთ. მიუხედავად ამისა, ფანები გუნდს ტურინში მაინც დახვდნენ (იხ. ფოტო) და სასტუმროს შესასვლელთან გაამხნევეს.
Sky Sport-ის საფეხბურთო ექსპერტის, ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, ნეაპოლური გუნდის მწვრთნელი ანტონიო კონტე 3-4-2-1 ტაქტიკას 4-3-3-ით შეცვლის და სასტარტო შემადგენლობასაც გადაახალისებს. ის ამის გაკეთებას 26 სექტემბერს "პალერმოსთან" თასის საშინაო შეხვედრაში აპირებდა, მაგრამ
გადაწყვიტა აღარ დაეხანებინა. ძირითად შემადგენლობაში პირველად იქნება "მანჩესტერისგან" 30 მილიონ ევროდ შეძენილი სკოტ მაკტომინეი. ამ ინფორმაციას კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისთან დაახლოებული ჟურნალისტი კარლო ალვინო ადასტურებს.
"ნაპოლი" (სავარაუდო შემადგენლობა): მერეტი, დი ლორენცო, ბონჯორნო, რაჰმანი, ოლივეირა, ანგისა, ლობოტკა, მაკტომინეი, პოლიტანო, კვარაცხელია, ლუკაკუ.
კოჭ-წვივის ტრავმა მოირჩინა "იუვეს" მცველმა ფედერიკო გატიმ და ის პირველივე წუთებიდან ითამაშებს. "ბებერი ქალბატონის" თავკაცი ტიაგო მოტა იმავე შემადგენლობას გაიყვანს მოედანზე, რომელიც პსვ-სთან ჩემპიონთა ლიგაზე მოგებულ დაპირისპირებაში დააყენა: დი გრეგორიო, კალულუ, გატი, ბრემერი, კამბიასო, ლოკატელი, მაკენი, გონსალესი, კოპმეინერსი, ილდიზი, ვლაჰოვიჩი.
შეხვედრა "ალიანც სტადიუმზე" თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.