"ჯუღელის მოთხოვნა გამოსასყიდ თანხაზე - წავა თუ არა უგულებელყოფილი ქართველი ფენომენი კომპრომისზე?" - იტალიური მედია

AutoSharing Option
ნეაპოლური მედია ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის გაგრძელების საკითხს ისევ ფართოდ განიხილავს. Areanapoli-ს მტკიცებით, ფეხბურთელის აგენტი მამუკა ჯუღელი თავისი კლიენტისთვის შეთავაზებული წლიური გასამრჯელოს, 5-6 მილიონზე გაცილებით მეტს, დაახლოებით 8 მილიონს მოითხოვს, მოლაპარაკებები განახლების მოლოდინში შეჩერებულია და მხარეები შეთანხმებასთან შორს არიან. აღნიშნულია, რომ „ნაპოლი“ თანახმაა ხელშეკრულებაში ოსიმენის მსგავსად 120-მილიონიანი გამოსყიდვის პუნქტი შეიტანოს, აგენტი კი, როგორც ჩანს, თანხის 80 მილიონამდე შემცირების სურვილს გამოთქვამს, რათა პოტენციური მყიდველები არ დააფრთხონ და მომავალში ტრანსფერის გაჩარხვა გახდეს შესაძლებელი.

რადიო Kiss Kiss-ის დირექტორმა ვალტერ დე მაჯომ განაცხადა, რომ კლუბმა
შეცდომა დაუშვა, როდესაც მოპოვებული სკუდეტოს შემდეგ კვარაცხელიას ხელფასი არ მოუმატა, ახლა 5.4+0.6 მილიონის გადახდაზეა თანახმა და თუ ფეხბურთელს ვერ დაიყოლიებს, მისი მსურველი კლუბებისგან კარგ წინადადებას დაელოდება.

ამ საკითხზე Sportitalia-ს საიტზე წერილი სატრანსფერო ექსპერტმა ალფრედო პედულამ გამოაქვეყნა: „ხვიჩას პრობლემა უეცრად როდი წარმოიშვა, ეს ისტორია უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება. მას კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისს ეწურება, რაც ყველამ იცის. საჩემპიონო სეზონში „კვარა“ მთავარი გმირი იყო, ერთადერთი არა - სამ მთავარ გმირს შორის. ქართველისთვის ანაზღაურების დამსახურებულად და კანონიერად გაზრდის მოლოდინში აგენტი რამდენიმე თვე ქალაქში იმყოფებოდა. ამან შედეგი ვერ გამოიღო და კვარაცხელიას 1.5-მილიონიანი გასამრჯელო დაუტოვეს, რაც ბევრად ნაკლებია იმასთან შედარებით, რამდენიც ეკუთვნის.

ახლა შეიძლება ნებისმიერი არჩევანი გააკეთოს და ამას პატივისცემით უნდა მოვეკიდოთ. კლუბმა ჩინებული პირობების შექმნით ფოკუსირება ოსიმენზე არჩია, ხოლო ფენომენალური ქართველი უყურადღებოდ დატოვა და როგორც უკვე ადრე გითხარით, მოთხოვნა მინიმუმ 8 მილიონს შეადგენს. ეს წყენა ან ხელების გადაგრეხვა არაა. ეს არის ლოგიკური, მკაფიო და თანმიმდევრული ხაზი, ვინც თვლის, რომ ის უგულებელყოფილი იყო, როდესაც ამის დრო იყო. შეუძლია თუ არა ფეხბურთელს კომპრომისზე წასვლა? არ ვიცი, ეს, რა თქმა უნდა, პრინციპის საკითხია.

დე ლაურენტისი ამბობს, რომ თუ ხვიჩა წავა, მის გარეშეც გავლენ ფონს. ცხადია, ორმხრივ თამაშთან გვაქვს საქმე. აქ ლოგიურია მსჯელობა: როდესაც სეზონში 1.5 მილიონს გამოიმუშავებთ, ხელფასს არ გიმატებენ და ვიღაცა ხუთჯერ ან ექვსჯერ მეტს გთავაზობს, ლოდინის რეჯიმში ყოფნა ნორმალურია. შეიძლება ბანალურია, მაგრამ ჩემი აზრით, რაც არ უნდა მოხდეს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, დაპირისპირება არ გაღრმავდეს“.

მკითხველის კომენტარები / 10 /
პირველივე სეზონის ზამთარში,ან თუნდაც უკვე გაჩემპიონების შემდეგ,ნაპოლის კეთილი ნების ჟესტით,ხვიჩასთვის ხელფასი ცალმხრივად,3-3,5 მილიონამდე რომ გაეზარდა,ხვიჩა დღეს ხმის ამომღები არ იქნებოდა.უსამართლობის და უპატივცემილობის განცდა აიძულებს,არც ერთ პირობას არ დათანხმდეს და დე ლაურენტისისაგან წავიდეს.რა თქმა უნდა,უკვევ მაშინვე მეტსაც იმსახურებდა,მაგრამ დე ლაურენტისის მხრიდან საკუთარი კეთილი ნებით ამის გაკეთებას დაუფასებდა.დღეს აღარაფერზე აღარ არის სალაპარაკო და არც საყვედურის მორალური უფლება აქვს ვინმეს.
სოსო
23:17 24-10-2024
0
ვიღაცეები ამბობენ ,,ძმაო ბიზნესია, იყიდა იაფად და ხელფასიც დაუნიშნა დაბალი და პატივი უნდა სცეს ამ გარიგებას". გასაგებია რომ ბიზნესია, მაგრამ ხვიჩას მიერ ნაჩვენები შედეგების მიხედვით, ხომ არ არის შესაფერისი ხელფასი, თანაც ამ მხრივ თანაგუნდელების ხელფასებთან შედარებითაც ხომ დაჩაგრულია. შესაბამისად, ვინც გინდა იყოს, ნებისმიერ ადამიანს გაუჩნდება,რბილად რომ ვთქვათ,იმის აზრი რომ დაუფასებელია. ხვიჩაც ადამიანია და ეს ყველაფერი მაგაზე და მის თამაშზეც მოქმედებს. ჰოდა ძალიან მნიშვნელოვანია მორალურად რამდენად მზად არის ხვიჩა შევიდეს ამ დაპირისპირებაში და რამდენად მაგრად იმოქმედებს მისი გარემოცვა. მე მინდა რომ გამოიჩინოს მტკიცე ხასიათი და გაუძლოს ნებისმიერ წინააღმდეგობას და მიაღწიოს სასურველ შედეგს.ამ ბიჭს ამ მოკლე დროში ქართული ფეხბურთისთვის და ზოგადად ფეხბურთისთვის ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული. ყველაფერი საუკეთესო ეკუთვნის ხვიჩას.
კისისხეველი
10:43 24-10-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული