ლიგა 1-ის მეთერთმეტე ტურში "ლიონმა" საკუთარ მოედანზე "სენტ-ეტიენი" 1:0 დაამარცხა.
მასპინძელთა გუნდში გიორგი მიქაუტაძე მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, მან 79-ე წუთზე ალექსანდრ ლაკაზეტი შეცვალა. სტუმართა რიგებში ზურიკო დავითაშვილი კი ძირითად შემადგენლობაში ვიხილეთ და მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო.
მატჩის პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, 22-ე წუთზე ზურიკომ ფლანგზე ეინსლი მეიტლენდ-ნაილსი ჩამოიშორა და ჩააწოდა, თუმცა სტასინმა გოლის გატანა ვერ მოახერხა, "ლიონმა" მეტოქეს რამდენჯერმე მწვავედ შეუტია, გოტიე ლარსონერმა საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან არაერთხელ იხსნა, მაგრამ 29-ე წუთზე ანგარიში ალექსანდრ ლაკაზეტმა გახსნა.
"რონის დერბის" მეორე ტაიმში "სენტ-ეტიენი" გააქტიურდა, 51-ე წუთზე ზურიკომ საჯარიმოს გარედან დაარტყა, ქართველის მცდელობა ლუკას პერისთვის სახიფათო არ აღმოჩნდა და ბურთს დაეუფლა, 54-ე წუთზე დავითაშვილმა ფრანგი მეკარის კარის აღება საჯარიმო დარტყმით სცადა, პერი კვლავ ადგილზე იყო და ბურთი ხელებში დააფიქსირა. მე-60 წუთზე "ლიონის" კარს კვლავ ქართველი დაემუქრა და მეიტლენდ-ნაილსი ოსტატურად ჩამოიშორა, მაგრამ მისი დარტყმული ჩალეტა-ცარმა დაბლოკა.
76-ე წუთზე ზურიკოს კარგი გადაცემის შემდეგ იბრაჰიმ სისოკო მეკარესთან ერთი-ერთზე დარჩა, პერმა საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან გადაარჩინა.
85-ე წუთზე მიქაუტაძე "სენტ-ეტიენის" საჯარიმოში შეიჭრა, მისი დარტყმული ლარსონერისთვის მარტივი ნადავლი აღმოჩნდა. ამრიგად, "რონის დერბიში" გამარჯვება მასპინძლებმა მოიპოვეს.
"სენტ-ეტიენი" ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში 10 ქულით მე-16 ადგილზეა, "მწვანეები" მომდევნო ტურში 23 ნოემბერს "მონპელიეს" მიიღებს, "ლიონი" 18 ქულით მე-5 ადგილზეა, პიერ საჟის გაწვრთნილი გუნდი 24 ნოემბერს გასვლაზე "რეიმსს" დაუპირისპირდება.
ლიონი. "გრუპამა სტადიუმი"
ლიონი - სენტ-ეტიენი 1:0
გოლი: ლაკაზეტი (29)
დღეს მიქაუტაძე დავითაშვილის წინააღმდეგ ითამაშებს - ხვიჩა ნაკრებში რთული მატჩით მოდის...