„ნაპოლიში“ კვარაცხელიას პირველი სეზონი მართლაც შთამბეჭდავი გახლდათ, გუნდის მიერ ნანატრი სკუდეტოს მოპოვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა და სამართლიანად აღიარეს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად. მეორე წელს მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი წავიდა, დაიწყო მისი მემკვიდრეების გაუთავებელი ცვლილებები და ვითარება მკვეთრად გაუარესდა, თუმცა შედეგიანობით ქართველი „პარტენოპეიში“ მაინც გამორჩეული იყო.
ამას თან დაერთო კლუბის პრეზიდენტის აურელიო დე ლაურენტისის „კვარას“ კონტრაქტის გაგრძელების და გასამრჯელოს გაზრდის გაუთავებელი ისტორია. 10 მილიონ ევროდ შეძენილი კვარაცხელია ზაფხულში პსჟ-ს 110 მილიონდ არ მიჰყიდა, ანაზღაურებაც არ მოუმატა და მეტად რთულ ვითარებაში ჩააგდო. აქ ერთიც უნდა აღინიშნოს, კლუბის მფლობელის მეჯღანუაშვილად ან გობსეკად მოხსენიება, რა თქმა უნდა, არასწორი და არაკორექტულია. რაც არ უნდა იყოს, ცნობილი პიროვნებაა, კინოპროდიუსერია და დე ლაურენტისები იტალიაში და მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი გავლენიანი ოჯახის ახლობლები არიან. როგორც ჩანს, დონ აურელიო კამპანიაში მედიასაშუალებების ნაწილსაც აკონტროლებს, მას ყოველთვის მოწიწებით მოიხსენიებენ და საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაც ეხერხება. კარგი ბიზნესმენია, ხელმომჭირნეა, მაგრამ ფეხბურთის ბევრი არა გაეგება რა. ამაზე ნათლად მეტყველებს გასულ წელს მის მიერ კლუბში განხორციელებული საკადრო პოლიტიკა და ტრანსფერები.
ყოველივე აქედან გამომდინარე, მან ხვიჩაზე დაუსრულებელი ზეწოლით ფსიქოლოგიური გავლენა მოახდინა. ამას წინათ სპალეტიმ თქვა, რომ „კვარა“ მგრძნობიარე ბიჭია, დაახლოებით იგივე აღნიშნა ადრე „რუბინის“ ყოფილმა თავკაცმა ლეონიდ სლუცკიმ. ვფიქრობ, ის ყველაფერს ძალიან განიცდის და ეს თამაშზე აისახება. და კიდევ: მიუხედავად ამდენი ნეგატიური ზეგავლენისა, მაინც უკეთ შეუძლია იასპარეზოს და მგონია, ერთი პრობლემაა - დიახ, კონტეს სტრატეგიის გამო დიდ ენერგიას ხარჯავს, განსაკუთრებულად მეურვეობენ, მაგრამ მინდა ჩემი პირადი მოსაზრება გამოვთქვა და თქვენი აზრიც მაინტერესებს. კერძოდ, თითქოს მან კუნთოვანი მასა მოიმატა და ამის გამო გარკვეულწილად სისწრაფე და სისხარტე დაკარგა, მცველებს ძველებურად ვეღარ გაურბის, ამიტომ უფრო არიენ რობენივით ფლანგიდან ცენტრისკენ ინაცვლებს და კარში ურტყამს. ხშირ შემთხვევაში უბლოკავენ, თან შორიდან ძნელია გატანა, რამეთუ მეკარემ იცის, რომელ კუთხეში წავა ბურთი და მზადყოფნაშია. ეს მხოლოდ კლუბში კი არა, უკვე საქართველოს ნაკრების მატჩებშიც თვალსაჩინოა.
ხვიჩამ თავად უნდა გამოიტანოს სწორი დასკვნები, მაქსიმალურად დამშვიდდეს (ან რა აქვს სანერვიულო?), თამაშით ჩვეულად სიამოვნება მიიღოს და არც ის დღეა შორს, როდესაც დიდ კლუბში გადავა. ჩვენ ყველას (თითქმის ყველას) ეს გვინდა და ამის დიდი იმედი გვაქვს.
მიმომხილველი
Arrivederci. მუდამ მოღუშული კვარაცხელია "ნაპოლის" დაემშვიდობება - იტალიელი ჟურნალისტები
მეც ვფიქრობ, წონის ოდნავი მომატების გამო დაკარგა ხვიჩამ ოდნავ სისწრაფე და ისე პეპელასავით ვეღარ დაფარფატებს, როგორც პირველ სეზონში, მით უმეტეს მის პირველ ნახევარში - საოცრებებს აკეთებდა. თუმცა, ფეხებიც რომ შეუკრა, ტუპოი ნერეშს მაინც ჯობია.
ყველა შემთხვევაში, ჩვენი ოქროს ბიჭია და მაგაზე მეტად ჩემი ხანგრძლივი გულშემატკივრობის პერიოდში ალბათ დათო ყიფიანი თუ მიყვარდა.
წარმატებები, საუკეთესო ლიგები და კლუბები ჩვენს ლომებს!