საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს - დააღწევს ხვიჩა დე ლაურენტისს თავს?

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ არცთუ სასიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდა, რასაც აქვს როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური მიზეზები. მის მიმართ განსაკუთრებული სიმპათიები გაგვაჩნია, ძალიან ვგულშემატკივრობთ და მოდით, მიზეზების გაანალიზებას ქართული ანდაზის პრინციპით შევეცადოთ - „მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო“ .

„ნაპოლიში“ კვარაცხელიას პირველი სეზონი მართლაც შთამბეჭდავი გახლდათ, გუნდის მიერ ნანატრი სკუდეტოს მოპოვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა და სამართლიანად აღიარეს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად. მეორე წელს მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი წავიდა, დაიწყო მისი მემკვიდრეების გაუთავებელი ცვლილებები და ვითარება მკვეთრად გაუარესდა, თუმცა შედეგიანობით ქართველი  „პარტენოპეიში“ მაინც გამორჩეული იყო.

ხვიჩას თამაში მცველებმა შეისწავლეს, ერთი მუდმივად მეურვეობს, ორი დაზღვევაზეა, არც უხეშობას ერიდებიან, რაზეც უმეტეს შემთხვევაში მსაჯები არ რეაგირებენ და ქართველზე ხანდახან ნებადართული ნადირობა მიდის. ანტონიო კონტე ღრმად დაცვაში ჩასვლას აიძულებს და შემტევი ლამის უკანახაზელად გადააქცია. წინ და უკან დაუსრულებელი სირბილისას ბუნებრივია მეტოქის კარზე იერიშების მისატანად ძალაც არ ჰყოფნის და ხშირად უფერულად გამოიყურება. ნებისმიერ ადამიანს გააჩნია თავისი ფიზიკური შესაძლებლობების ზღვარი და „კვარას“ ეფექტურობამაც იკლო. მიუხედავად ამისა, მიმდინარე სეზონში რომელუ ლუკაკუს შემდეგ, გუნდში ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი. არც მედია სწყალობს, არც გულშემატკივარი, ყველა დამსახურება უმალ დაუვიწყეს და იშვიათი გამონაკლისის გარდა (ენრიკო ფედელე და ანტონიო კონტე) არავინ უღრმავდება პრობლემას. საქმე იქამდე მივიდა, რომ სატრანსფერო ღირებულებით სერია A-ში მეორე ფეხბურთელი შეიძლება სათადარიგოთა შორის აღმოჩნდეს, რაც სრული ნონსენსია.

ამას თან დაერთო კლუბის პრეზიდენტის აურელიო დე ლაურენტისის „კვარას“ კონტრაქტის გაგრძელების და გასამრჯელოს გაზრდის გაუთავებელი ისტორია. 10 მილიონ ევროდ შეძენილი კვარაცხელია ზაფხულში პსჟ-ს 110 მილიონდ არ მიჰყიდა, ანაზღაურებაც არ მოუმატა და მეტად რთულ ვითარებაში ჩააგდო. აქ ერთიც უნდა აღინიშნოს, კლუბის მფლობელის მეჯღანუაშვილად ან გობსეკად მოხსენიება, რა თქმა უნდა, არასწორი და არაკორექტულია. რაც არ უნდა იყოს, ცნობილი პიროვნებაა, კინოპროდიუსერია და დე ლაურენტისები იტალიაში და მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი გავლენიანი ოჯახის ახლობლები არიან. როგორც ჩანს, დონ აურელიო კამპანიაში მედიასაშუალებების ნაწილსაც აკონტროლებს, მას ყოველთვის მოწიწებით მოიხსენიებენ და საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაც ეხერხება. კარგი ბიზნესმენია, ხელმომჭირნეა, მაგრამ ფეხბურთის ბევრი არა გაეგება რა. ამაზე ნათლად მეტყველებს გასულ წელს მის მიერ კლუბში განხორციელებული საკადრო პოლიტიკა და ტრანსფერები.

ყოველივე აქედან გამომდინარე, მან ხვიჩაზე დაუსრულებელი ზეწოლით ფსიქოლოგიური გავლენა მოახდინა. ამას წინათ სპალეტიმ თქვა, რომ „კვარა“ მგრძნობიარე ბიჭია, დაახლოებით იგივე აღნიშნა ადრე „რუბინის“ ყოფილმა თავკაცმა ლეონიდ სლუცკიმ. ვფიქრობ, ის ყველაფერს ძალიან განიცდის და ეს თამაშზე აისახება. და კიდევ: მიუხედავად ამდენი ნეგატიური ზეგავლენისა, მაინც უკეთ შეუძლია იასპარეზოს და მგონია, ერთი პრობლემაა - დიახ, კონტეს სტრატეგიის გამო დიდ ენერგიას ხარჯავს, განსაკუთრებულად მეურვეობენ, მაგრამ მინდა ჩემი პირადი მოსაზრება გამოვთქვა და თქვენი აზრიც მაინტერესებს. კერძოდ, თითქოს მან კუნთოვანი მასა მოიმატა და ამის გამო გარკვეულწილად სისწრაფე და სისხარტე დაკარგა, მცველებს ძველებურად ვეღარ გაურბის, ამიტომ უფრო არიენ რობენივით ფლანგიდან ცენტრისკენ ინაცვლებს და კარში ურტყამს. ხშირ შემთხვევაში უბლოკავენ, თან შორიდან ძნელია გატანა, რამეთუ მეკარემ იცის, რომელ კუთხეში წავა ბურთი და მზადყოფნაშია. ეს მხოლოდ კლუბში კი არა, უკვე საქართველოს ნაკრების მატჩებშიც თვალსაჩინოა.

ხვიჩამ თავად უნდა გამოიტანოს სწორი დასკვნები, მაქსიმალურად დამშვიდდეს (ან რა აქვს სანერვიულო?), თამაშით ჩვეულად სიამოვნება მიიღოს და არც ის დღეა შორს, როდესაც დიდ კლუბში გადავა. ჩვენ ყველას (თითქმის ყველას) ეს გვინდა და ამის დიდი იმედი გვაქვს.

მიმომხილველი

altArrivederci. მუდამ მოღუშული კვარაცხელია "ნაპოლის" დაემშვიდობება - იტალიელი ჟურნალისტები

მკითხველის კომენტარები / 14 /
ერთხელ ჩვენს სწორუპოვარ ფალავანს ლევან თედიაშვილს ნაცნობმა უსაყვედურა: შენი ჭიდაობის სანახავად მოვედი სპორტის სასახლეში და ორივე მოწინააღმდეგე პირველივე წუთსზე დააწვინე და ჭიდაობა ვერ ვნახეო, რა იქნება დიდხანს რომ იჭიდაო და შენი ლამაზი ჭიდაობა გვაჩვენოვო. ლევანი შეეკითხა -ბილეთში რამდენი გადაიხადეო? მანეთიო იყო პასუხი. ჰოდა რამდენიც გადაიხადე იმდენი ნახეო, უპასუხა ლევანმა. ასეა აქაც, რადენსაც უხდიან ხუთი იმდენს თამაშობს ხვიჩა და მეტი რა უნდათ?
ჟორა გაბრიჭიძე
22:34 05-01-2025
3
მოუამატოს კი არა რასაც აკეთებს საკვირველი ისაა იმას რანაირად აკეთებს. ასეთ უმადურობას და დაუფასებლობას რომ დაინახავ ადამიანი რაც ხვიჩას შეხვდა, ძალიან ძნელია გულით რამეს გაკეთება მოგინდეს.
კარგით რაა
01:22 06-01-2025
0

სიახლეები პოპულარული