[გიორგი კაკაბაძის ბლოგი] არ მესროლოთ, მე ნეიმარი არ ვარ!..

AutoSharing Option
მე ნეიმარის ადგილას "ბარსელონადან" არ წავიდოდი. პრინციპში, ნეიმარი არც ვიქნებოდი, არც ვარ, მაგრამ…

ეს არის "მაგრამ"-ების ეპოქა და თანამედროვე ფეხბურთის ვარსკვლავთაგანი და მომავალი თუ ამოსულ-ამომავალი ვარსკვლავი სწორედ ნეიმარია, ამიტომაც, მის გადაწყვეტილებას გაგებით უნდა მოვეკიდოთ...

მე მესმის, რომ არსებობს ცნებები - "ერთგულება", "ისტორია", "ტრადიციები", "ფილოსოფია"... და ეს ყველაფერი "ლა მასიაა", მაგრამ თვით "ბარსელონაც" კი აღარ არის უფრო მეტი, ვიდრე კლუბი ან პირიქით - არის, ბიზნესია და მას მერე, რაც სპონსორის წარწერა ტრუსებსა თუ მაისურის შიგნიდან წინ გადმოიტანა, ის ბოლო, მედიდური სიმიც
გაწყდა.

თავის დროზე, "ბარსამაც" სკანდალურად იყიდა ნეიმარი, რომელსაც სხვა მსურველებიც ჰყავდა და ტრანსფერს დიდი გამოძიებები მოჰყვა. ბევრი რამ დღემდე ბუნდოვანია - ეს არ დაგვავიწყდეს. ასე რომ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება თანამედროვე ფეხბურთში, სადაც ყველაფერს (ნუ, თავი დავიიმედოთ და "თითქმის ყველაფერს" ვთქვათ), ფული, ბეეეევრი ფული წყვეტს.

სათაყვანებელი "ბარსელონაც" მნიშვნელოვანწილად ფულით აეწყო და სწორედ "პარი სენ-ჟერმენიდან" იყიდა თავის დროზე რონალდინიო (უბრალოდ, ფასები იყო მაშინ სხვა) და სხვებიც დიდ თანხებს ხარჯავენ. გადახედეთ ჩემპიონთა ლიგის ბოლო წლების გამარჯვებულებს.
არაადეკვატური ფასებისა და ხელფასების ეპოქაში რატომ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ვინმე 222 მილიონს იხდის? ეს "ოროსნების" ეპოქაა.

მე მესმის ადამიანური მხარე, სისუფთავე, სიალალე, ფეხბურთის სიყვარული... თუმცა რეალობაში, რომელშიც ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, უფრო სწორად - ნახევარმცველი, ღიად ამბობს, რომ ფეხბურთი მისი სამსახურია და თან "მისი მუშაობით" ტიტულები მოდის (მერე რა, რომ ამ საქმეს კარგად, გერმანული პრაგმატულობითა და სიზუსტით აკეთებს), რა უნდა მოვთხოვოთ ნეიმარს? ნეიმარი არ არის "კამპ ნოუზე" გამოზრდილი, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ...

მე გეტყვით უფრო ძლიერ არგუმენტებსაც. პირველ რიგში, დავიწყოთ იმით, რომ თუ პატარა ღურჯუმელა ანგელოზისა და გენიოსის გვესმის, რომ ასეთ ტალანტს, ბუნებრივია, ამბიციებიც ექნება და სიტყვაც ეთქმის, რომ პირველობა უნდა და ამჟამად არის კიდეც, ამის გამო გუნდში ვიღაცები ჩამოუშორებია და ჭინჭყლობს ხოლმე...

...თუ გვესმის კრიშტიანო რონალდოს ღია და უშნო ამბიციურობის, რომელიც კლუბში ისევ პირველ ნომრად რჩება, მიუხედავად თანამედროვე ფეხბურთის კიდევ ერთი ვარსკვლავისა და სახის, გარეთ ბეილის თუ სხვების გუნდში გამოჩენის მერეც, რატომ არ უნდა გავუგოთ ნეიმარ ჟუნიორის? ის აღარც ისეთი ჟუნიორია, უკვე 25 წლისაა. მასაც ისევე უნდა პირველობა, როგორც მსგავსი ან უფრო მცირე კალიბრის ტალანტებს.

"დარჩეს და დაამტკიცოს", "აქ იყო მისი მომავალი", "მერე გახდებოდა" და ასე შემდეგ. კი ბატონო, მაგრამ სულ რომ შუაზე გაიხეს, სანამ მესი მყარად დგას ფეხზე, ნეიმარი "ბარსაში" პირველი ნომერი ვერ გახდებოდა - თავს ნუ მოვიტყუებთ. ლეო კიდევ რამდენიმე წელიწადი ითამაშებს მაღალ დონეზე, და იმედია - რაც შეიძლება, დიდხანს. 30 წლის ასაკისკენ წასულს გაპირველება კი ნეიმარს, როგორც ვხედავთ, არ მოუნდა და, სხვათა შორის, ძალიან სარისკო, ერთგვარად თამამი გადაწყვეტილება მიიღო.

ძნელია, სპორტსმენს შეედავო იმაში, რომ პირველობა უნდა. დიახ, მე მაღიზიანებს ზედმეტი ამბიცია და ფეხბურთიც სპორტზე მეტია ჩემთვისაც და ზოგადადაც, მაგრამ ზოგიერთი ფეხბურთელი, უბრალოდ, სპორტსმენია, მათ შორის - თანამედროვე ფეხბურთის ვარკვლავების უმეტესობა. ამიტომ, მივიღოთ თამაშის წესები.

მე არ მჯერა, რომ ამ ტრანსფერში ფული გადამწყვეტი ფაქტორი იყო და ერთადერთი, რაშიც ნეიმარის ბოლომდე მჯერა, მისი სიტყვებია იმის თაობაზე, რომ საბოლოო გადაწყვეტილებაში ფული მთავარი მამოძრავებელი არ ყოფილა.

აქაც შეგვიძლია ბრაზილიელის ასაკი მოვიშველიოთ - დიახ, ნეიმარს ცოტა... ფულის მოყვარული მამა და გარემოცვა ჰყავს, თავადაც არ აკლებს, მაგრამ 25 წლის ასაკში, ამ დონის მოთამაშისთვის 5-10 მილიონით მეტი ან ნაკლები მართლაც არაფერია. ასეთ "მცირე" თანხას, რომელიც, შეიძლება, ერთი სარეკლამო კამპანიით გამოიმუშაოს, ის არ დახარბდებოდა. ფულმა, შეიძლება, გადაწყვიტოს ისე, როგორც გადაწყვიტა ნეიმარის "ბარსაში" გადასვლა.

როცა ძალიან ახალგაზრდა ხარ და ასარჩევად გაქვს საქმე, ანდაც უცებ დიდ ფულს გთავაზობენ ან საშუალო დონის მოთამაშე ხარ და არც ისე საფეხბურთო ქვეყანაში გიწვევენ, ძალიან დიდი ჰონორარის სანაცვლოდ, ანდაც 30-35 წლის ხარ, კარიერის ბოლოსკენ მიდიხარ და გემრიელად გამომუშავება გინდა. ნეიმარი არცერთ ამ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს.

ნეიმარი არ დაკმაყოფილდა ჩრდილში ყოფნით და მოთმენა არ ისურვა. რაც, მაგალითად, სიამოვნებით გააკეთა ლუის სუარესმა, რომელმაც გადაგდებული ძვალი მიიღო, გემრიელად გალოკა და გააკნატუნა. ურუგვაელი იმაზე დიდი გაქანების ფეხბურთელია, ვიდრე ბევრს ჰგონია და სხვა შემთხვევების მინიმუმ 90%-ში, სადაც არ უნდა ეთამაშა, უპირობო ლიდერი და პირველი ნომერი იქნებოდა, მაგრამ აქ - არა. და მან ეს მიიღო.
მისთვის პრობლემა არ იყო ის, რაც იყო ნეიმარისთვის. კაცია და გუნებაო, ბუნებაც. რეკორდიც, გაუთავებლად ხომ გვესმის რეკორდები, სეზონში 40 გოლი, სეზონში 60 გოლი და "გვიხარია". ჰოდა, ნეიმარი რაღაცაში უკვე გახდა პირველი და რეკორდსმენი, დიდი თუ არა, არცთუ ცოტა ხნით მაინც… 222 მილიონს, ამ აბსურდის გათვალისწინებითაც კი, რაც ახლა ხდება, რაღაც პერიოდი მაინც არავინ არავისში არ გადაიხდის.

მე თანამედროვე ფეხბურთის დიდ ნაწილს მხოლოდ დენის ბერხკამპის 3 გოლი (და 1 პასი), მიკაელ ან ბრაიან ლაუდრუპის თამაშის ხილვა, რობერტო ბაჯოს დრიბლინგები და კიდევ უამრავი რამ მირჩევნია. ბოლო 10-15 წელიწადს სიამოვნებით გავცვლიდი 90-იანების ან 2000-იანების დასაწყისის 3 წელიწადზე, მაგრამ ესეც გემოვნების საკითხია. აკი შევთანხმდით - კაცია და გუნება. იმ ფეხბურთის ქარიზმატული ლიდერები გაცილებით დიდ ესთეტიკურ სიამოვნებას მანიჭებდნენ და ის ფეხბურთი გაცილებით რომანტიკული და ვნებიანი იყო, ვიდრე ეს "3-4-5-ოქროსბურთიანი" სუპერგმირების ეპოქა (უფრო სწორად, "სუპერგმირებისა და დანარჩენების" ეპოქა)...

სიტყვამ მოიტანა და, ამას წინათ, "რაღაც ასეულს" წავაწყდი. მიუხედავად დიდი პატივისცემისა ფილიპ ლამისადმი, ის იყო და ალესანდრო დელ პიერო - არა…

ეს ისე, გულზე მომხვდა, თორემ იმ სიაში კიდევ ბევრი სასაცილო რამ ვნახე. სიები და ათეულები ისედაც სახალისოა ხოლმე, მაგრამ მოხერხება უნდა იმას, რომ ფიფას სიმბოლურებზე უარესი რამ გააკეთო, ანდაც იმაზე უარესი, რაც "ოქროს ბურთს" დამართეს. თურმე, შესაძლებელი ყოფილა. ჰოდა, თანამედროვე ფეხბურთიც ეს არის, ამ ვარსკვლავებით, ამ გაგებით, ამ ფასებითა და ფასეულობებით...

მე არ ვიცი მოიგებს თუ არა ნეიმარი "პარი სენ ჟერმენთან" ერთად ჩემპიონთა ლიგას ან უკვე გაუფასურებულ "ოქროს ბურთს". მაგრამ ვიცი, რომ გაუჭირდება, განსაკუთრებით - პირველი. სამაგიეროდ, ვიცი რომ "ის" ფეხბურთი და ფეხბურთში "ის", ადრე თუ გვიან დაბრუნდება.

იქამდე კი, ვუყუროთ ამ "რეალითი შოუს" და როგორც ნილ ჯორდანის საშუალო, მაგრამ მართალი ფილმი გვამცნობს - "ჩვენ ანგელოზები არ ვართ".

ამიტომ, ნურც ნეიმარისგან შევქმნით ბოროტების სიმბოლოსა და სიხარბის ეტალონს. გულშემემატკივრების პოზიციიდან ხშირად მიკერძოებულნი ვართ, მაგრამ აქაც შეიძლება მეტ-ნაკლები ობიექტურობა და ზღვრის გავლება. დოლარისა თუ ევროების სიმბოლოს ხატვა და ნეიმარის უსარგებლოდ ან უმადურად წარმოჩენა, ხოლო პსჟ-ს "ფულის ტომრობაზე" ხაზგასმა ცოტა... მენეიმარება, უფრო გასაგებად რომ ვთქვა - არასერიოზული მეჩვენება.

სერიოზულად კი, დაველოდოთ, რას იზამს ნეიმარი - მადამ ტიუსოს ცვილისფიგურობით შემოიფარგლება თუ დიდ ფიგურად ჩამოყალიბდება თანამედროვე შოუბიზნესის სცენაზე. მონაცემები აქვს, სვლაც საინტერესო გააკეთა და გაგრძელებაც იქნება.

არ მესროლოთ, მე ნეიმარი არ ვარ!..
მკითხველის კომენტარები / 2 /
Scorad ceriaa titkmisvyvelaferi .. is tema ro fuli ar ainteresbda sisuleleaa. Fulic ainteresebs da pirvelobac unda. Gasakviri araferia. Mesis epokashi barcashi pirveli veravin verasdros ver gaxdeba. Magram eg unda scodnoda roca santosidan gadmovida. Psg-shi ver acyobili kariera gamoicvevs isev gundis shecvlass rac savaraudot cudad imokmedebs mis mtlian karierazee. Arada sheedzo barcashi tavisi epoka sheekmna da legendebis gverdit damdgariyo. Magram eg araferi . Barca arc mesit icyeba da arc neymarit mtavrdeba. Gamixardeba yoveltvis junioris carmateba..
Giorgi
13:09 08-08-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული