უეფას ახალგაზრდული ლიგა: საბურთალო ბურსასფორს დაუწყვილდა

AutoSharing Option
უეფას შტაბბინაში ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის წილისყრა გაიმართა. ამ ასაკის საქართველოს ჩემპიონ "საბურთალოს" შვიდ სავარაუდო მეტოქეს შორის იყვნენ "კრასნოდარი" (რუსეთი), "მაკაბი" (ჰაიფა, ისრაელი), "ქაირათი" (ალმათი), "შახტიორი" (ბელორუსი), "ლიეპაია" (ლატვია), "ბროდარაცი" (სერბეთი) და "ბურსასფორი" (თურქეთი).

საბოლოოდ, ქართული კლუბი "ბურსასფორს" დაუწყვილდა. პირველ შეხვედრას საბურთალოელები 27 სექტემბერს თურქეთში გამართავენ, საპასუხოს კი - თბილისში, 15 ოქტომბერს. წყვილის გამარჯვებული მე-2 ეტაპზე ჰაიფას "მაკაბისა" და სერბული "ბროდარაცის" წყვილში მოგებულს შეხვდება.

წილისყრის შედეგებზე კომენტარი "საბურთალო 2-ის" მთავარმა მწვრთნელმა რევაზ გოცირიძემ გააკეთა:

"თურქეთის ჩემპიონი სუსტი გუნდი
ვერ იქნება, რადგან იქ ფეხბურთი პროგრესს განიცდის. მოვიძიებთ მოწინააღმდეგეზე ინფორმაციას, გავაანალიზებთ მათ თამაშებს და ვეცდებით, საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეულად გამოვიდეთ.

რაც შეეხება პირველი მატჩის ფაქტორს, ამას დრო აჩვენებს, კარგია თუ არა პირველი თამაშის მეტოქის მოედანზე ჩატარება. თუმცა გამარჯვებული ორმატჩიან დუელში უნდა გამოვლინდეს და ვფიქრობ, უმჯობესია, პირველი შეხვედრა მეტოქის მინდორზე გავმართოთ.

"საბურთალო 2-მა" ვარჯიში თვე-ნახევრის წინ განაახლა. ამ ხნის განმავლობაში 7 ამხანაგური მატჩი ვითამაშეთ. ჩვენი მიზანია, ჩემპიონები გავხდეთ და ამის კარგი შესაძლებლობაც გვაქვს.

პირველი წრის შემდეგ გუნდში სიახლეა - უცხოეთში გააგრძელებს კარიერას გიორგი ქოჩორაშვილი, რომელიც ჩვენი გუნდისთვის დიდი ძალა იყო. თუმცა ვინც მის ადგილს დაიკავებს, ვფიქრობ, ღირსეული შემცვლელი იქნება. "იბერია 2010-დან" დავიმატეთ მათოზაშვილი. მჯერა, ის მალე გაივლის ადაპტაციას და მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება", - ამბობს გოცირიძე.

კომენტარი გააკეთა "საბურთალოს" აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კაშიამაც:

"წილისყრის შედეგებს დადებითად შევაფასებ. იყვნენ სავარაუდო მეტოქეები, რომელთაც ბევრად ძლიერი აკადემიები ჰყავდათ - "მაკაბისა" და "კრასნოდარს" ვგულისხმობ. თუმცა, შესაძლებელი იყო, შედარებით სუსტი მოწინააღმდეგეც შეგვხვედროდა... მაგრამ, მთავარია, ორი თამაშის ჯამში შემდეგ ეტაპზე გავიდეთ და ქვეყანა ვასახელოთ.

თურქული კლუბის წარმომადგენლებს უკვე შევხვდი და საკითხზე შევჯერდით. გადაწყვეტილია, რომ ჩვენი გუნდი ორივე მატჩს შავი ფორმით ითამაშებს. უეფას წესების თანახმად, შესაძლო მეტოქეებთან მოლაპარაკებაც აუცილებელია და ისრაელისა და სერბეთის კლუბების ხელმძღვანელებსაც უნდა შევხვდეთ".

აქვე, "საბურთალოს" მთავარ გუნდზეც ვიტყვით: სანაკრებო მატჩებიდან გამომდინარე, ეროვნულ ლიგაში ლამის ორკვირიანი პაუზა გამოცხადდა. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ დაიგეგმა საკონტროლო მატჩები: გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილები 1-ელ სექტემბერს მუხრანში "გაგრას" გაეჯიბრებიან, ხოლო 3-ში "მიხეილ მესხის" სათადარიგო მოედანზე - საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული