"შესაძლოა, ქართული ფუტსალის ისტორიაში გადატრიალება მოვახდინოთ"

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა თბილისში გამართული ევროპის ჩემპიონატის ორი შესარჩევი ეტაპი წარმატებით გაიარა და პლეი-ოფში მოხვდა. ამგვარად, თავისი არსებობის ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატზე გასვლის რეალური შანსი გაგვიჩნდა. ფინალური ეტაპი 2018 წლის ზამთარში, სლოვენიაში გაიმართება...

შეგახსენებთ, ავთანდილ ასათიანის გუნდი პლეი-ოფში რუმინეთს შეხვდება. პირველი მატჩი 12 სექტემბერს ქალაქ დევაში ჩატარდება, ხოლო საპასუხო - თბილისში, 26 სექტემბერს. ნაკრებმა მზადება დაიწყო. 7 სექტემბერს, 19 საათზე, ასათიანის გუნდი ოლიმპიურ სასახლეში ღია ვარჯიშს გამართავს.

- საქართველოს
ფუტსალის ნაკრებმა პლეი-ოფისთვის მზადება დაიწყო


თბილისშია და პლეი-ოფის პირველი შეხვედრისთვის ემზადება ფუტსალის ნაკრების ლიდერი რონინიოც, რომელმაც ზაფხულში უკრაინის ჩემპიონ "პროდექსიმთან" კონტრაქტი გააფორმა და ახალ გუნდს ოდესაში შეკრებაზეც ახლდა. ნატურალიზებული ბრაზილიელი გასულ სეზონში კვიპროსული აელ-ის ღირსებას იცავდა.

ჯერ გუნდი სრული შემადგენლობით ვერ ვარჯიშობს, რადგან ძალიან სამწუხარო ამბავი მოხდა: რუსეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში ეროვნული ნაკრების მეკარე, ლიდერი და კაპიტანი - ზვიად კუპატაძე დაშავდა.

"ჩვენი ნაკრების სამწვრთნელო სტაფი დღემდე ელის პასუხს, რეალურად რა მდგომარეობაშია კუპატაძე. მან თამაშის დასრულებამდე ორი წუთით ადრე ფეხი იტკინა და მოედნის დატოვება მოუხდა. რეაბილიტაციის კურსს რუსეთში გადის, ხოლო ხუთშაბათს თბილისში ველოდებით და ჩვენი ექიმები მიხედავენ. დიდი იმედი გვაქვს, რომ ზვიადი 12-ში ითამაშებს.

საწყენია, რომ დისკვალიფიკაციის გამო რუმინეთის წინააღმდეგ გუნდის ბომბარდირი არჩილ სეფისკვერაძე და შოთა ჭანუყვაძე ვერ ითამაშებენ", - ამბობს ასათიანი.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ფუტსალის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თქმით, გუნდში ძალიან კარგი განწყობაა:

"ვემზადებით სერიოზულად. ეს არ არის რიგითი და ჩვეულებრივი თამაშები, რადგან შესაძლოა, ქართული ფუტსალის ისტორიაში გადატრიალება მოვახდინოთ. საქართველოს ფუტსალის ნაკრები პლეი-ოფში პირველად ითამაშებს და ევროპის ჩემპიონატზე გასვლის რეალური შანსიც გვაქვს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ეს შანსი რომ გამოვიყენოთ.

ქართული ფუტსალი 20 წლისაა და ამდენი ხანი ველოდებით ამ ეტაპამდე მისვლას. რუმინეთთან თამაშებს ისე ველოდები, როგორც ჩემი ბავშვი - თოვლის ბაბუას. ასეთი შანსი არასოდეს გვქონია და წარმოიდგინეთ, ბიჭები რა დონეზე არიან მოტივირებულები".

ასათიანის თქმით, გუნდის წარმატება ლოგიკურია:

"პლეი-ოფში მოხვედრა კანონზომიერი შედეგია. მეამაყება, რომ ამ გუნდმა ჩემი ხელმძღვანელობით ზედიზედ 12 შეხვედრა წაუგებლად ჩაატარა. ასეთი რამ შემთხვევით არ ხდება და საქართველოს ნაკრების ძალასა და სერიოზულ მუშაობაზე მეტყველებს.

სერიოზულად გვეხმარება ფეხბურთის ფედერაცია, ხოლო ფეხბურთელების თანადგომით ნაკრებში გუნდური სულისკვეთება შეიქმნა. ერთიანი ძალებით მოვახერხეთ და ელიტრაუნდში ურთულესი ჯგუფი დავძლიეთ. ამ გზაზე ძალიან მნიშვნელოვანი იყო გუნდის ერთიანობა".

მთავარი მწვრთნელი მეტოქეზეც გველაპარაკა:

"რუმინეთში მატჩამდე ორი დღით ადრე მივემგზავრებით, ადაპტაცია რომ გავიაროთ. ეს ძლიერი გუნდია, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატზე ხშირად მონაწილეობს და ჩვენთან შედარებით გამოცდილია. მაგრამ პლეი-ოფში გრანდებს - ჩეხებს, ხორვატებსა და სერბებს ავცდით და რუმინეთთან დაწყვილება ამიტომ გაგვიხარდა.

ოღონდ ისე არ გაიგოთ, რომ სუსტი გუნდია. მათ სამჯერ შევხვდით და სამჯერვე დავმარცხდით. ახლა ასაკოვანი გუნდი ჰყავთ და გასაძლიერებლად ორი ბრაზილიელი დაიმატეს. აქედან გამომდინარე, რუმინეთს ჩვენთან საკმაოდ შეცვლილი გუნდი ეყოლება.

მაგრამ გასვლაზე მხოლოდ ჩვენი კარის უსაფრთხოებაზე არ უნდა ვიფიქროთ. აუცილებელია, რომ გავიტანოთ და თბილისურ შეხვედრას გატანილი გოლებით შევხვდეთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები ბიჭებო დიდი ხანია ვგულშემატკივრობ ჩვენს გუნდს, კარგები ხართ.
ირაკლიუსი
16:08 07-09-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული