11:27 27-09-2017
საქართველო-რუმინეთი 4:7 - ევროპის მატარებელმა ჩაგვიქროლა [VIDEO]
AutoSharing Option
თამაში დასრულებული იყო. მედიაცენტრში ავთანდილ ასათიანს ველოდებოდით. ის დაგვიანებით, მაგრამ მაინც მოვიდა და როდესაც ყველანი კომენტარის ჩასაწერად მოვემზადეთ, საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მოულოდნელად გასახდელისკენ მიმავალი კარისკენ შეტრიალდა.
მაშინ ვერავინ მიხვდა ასათიანის ამ საქციელს. ორი წუთის შემდეგ დაბრუნდა და პასუხი მისი გაწითლებული თვალებიდან უსიტყვოდ ჩანდა - ეს მომენტი ახალ სპორტის სასახლეში გუშინ დატრიალებულ დრამას ყველაზე ცხადად ასახავდა. ასათიანმა ზედმეტი მღელვარებისგან ლაპარაკი ვერ შეძლო...
არადა, თამაში, რომელიც ჩვენი ფუტსალის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატისგან სულ რაღაც 40 წუთით გვაშორებდა, იმდენად დამაიმედებლად მიმდინარეობდა, ბევრს უკვე ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატზე გასული ეგონა. რუმინეთში პლეი-ოფის პირველი დაპირისპირების 2:2-ით დასრულებისა და კარგი თამაშის შემდეგ ჩვენი გუნდის ევროპის ჩემპიონატზე გასვლის იმედად დარბაზი ლამის გაივსო.
საწყის წუთებში უპირატესობა ჩვენმა გუნდმა მოიპოვა და რამდენიმე მწვავე მომენტი შექმნა, მაგრამ ანგარიში მე-4 წუთზე სტუმრებმა გახსნეს: რუმინელებმა კონტრშეტევა გამოიყენეს, გოლი სავიომ დააგვირგვინა - 0:1.
საქართველოზე ამან არ იმოქმედა და კუთხურის გათამაშების შემდეგ მურთაზ კაკაბაძემ საჯარიმოს გარედან ძლიერი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა - 1:1.
აქედან დაიწყო გასაოცარი 5 წუთი, რომელიც ჩვენმა ნაკრებმა ჩაატარა: ჩვენი გუნდის ბომბარდირმა არჩილ სებისკვერაძემ მეტოქის შეტევა ჩაშალა, მეკარესთან პირისპირ გავიდა და მახვილი კუთხიდან დარტყმით დაგვაწინაურა - 2:1.
მე-12 წუთზე, კუთხურის გათამაშების შემდეგ კვლავ სებისკვერაძემ გაისროლა და ანგარიში 3:1 გახდა. ეს ისეთი ანგარიში იყო, ევროპის ჩემპიონატისკენ "ცალი ფეხით" რომ გაგვახედა, მაგრამ როგორც შემდეგ გამოჩნდა, სწორედ ამ ნაადრევმა გახარებამ საბედისწერო როლი ითამაშა.
ამის მერე რუმინეთი იმიტომ გააქტიურდა, რომ ჩვენებმა კონცენტრაცია დაკარგეს - პაულო ფერეირას დარტყმისას მცველი მჭიდროდ არ ეთამაშა, მეკარეც შეცდა და 3:2.
ყველაზე დასანანი ამბავი პირველი ტაიმის უკანასკნელ წამზე მოხდა: სტუმრებმა კუთხურის გათამაშების უფლება მიიღეს, მსაჯის სასტვენამდე კი 1 წამი იყო დარჩენილი. მაგრამ კარის წინ დუმიტრუ სტოიკა სრულიად უმეთვალყურეოდ დარჩა და ქუსლით გოლი "გასახდელში" გაგვაყოლა - 3:3.
რეალურად, ამან რუმინელები შოკიდან გამოიყვანა და ამ ორმატჩიან დაპირისპირებაში საუკეთესო ტაიმი ჩაატარეს, ჩვენებმა კი თამაში აშკარად ჩააგდეს. შესაძლოა, კლასმა და სავიო ვაალდარესმა თავისი გაიტანეს - პირველ შეხვედრაშიც რუმინელებმა ფრეს ნატურალიზებული ბრაზილიელის დუბლით მიაღწიეს და გუშინ 4-ჯერ გაიტანა - მან ერთი შეცდომაც არ გვაპატია. მაგრამ მთავარი ისაა, რომ ჩვენები რატომღაც უჩვეულოდ ანერვიულდნენ, თავდაჯერება და აგრესია დაკარგეს და 4:7 წავაგეთ. ევროპის ჩემპიონატზე გასვლის ეს რეალური შანსიც ხელიდან გავუშვით - ეს სევდიანი ისტორია ასათიანის გაწითლებულ თვალებში იკითხებოდა.
ზოგადი პრობლემაა - ქართველებმა რუბიკონის გადალახვა უნდა ვისწავლოთ. უფრო სწორად, უნდა გავიხსენოთ. ეს გუნდი კი, წაგების მიუხედავად, ჩვენი გუნდია და მაინც მგონია, რომ ამ ბიჭებს და მის სამწვრთნელო შტაბს მადლობა ეკუთვნით - ნაკრები, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი ჰქონდა, ჩამოყალიბდა ქვეყანაში, სადაც ეროვნული ლიგის რეფორმამდე ფუტსალს პროფესიონალურ დონეზე მაქსიმუმ 60 კაცი თამაშობდა. ეს კი ძალიან მცირე მაჩვენებელია. არადა, ამ სახეობაში პერსპექტივა აშკარად არის.
მატჩის შემდეგ
ავთანდილ ასათიანი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"უპირველესად, ყველაფერზე მე ვარ პასუხისმგებელი, იმიტომ, რომ ჩემმა ბიჭებმა მართლაც გმირობა ჩაიდინეს. ძალიან კარგი გულშემატკივარი გვყავს. მათ ჩვენი იმედი ჰქონდათ. წავაგეთ და ამის მიუხედავად, თამაშის შემდეგ ტაშით გაგვაცილეს. წარმომიდგენია, რომ მოგვეგო, რა მოხდებოდა. ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე კოშმარული საღამო იყო. ყველაზე მეტად გული იმაზე მწყდება, რომ 3:1-ს ვიგებდით და მიზანთან ასე ახლოს ვიყავით...
შეცდომები ჩვენი მხრიდან იყო, სამწვრთნელო შტაბს რაღაც უნდა შეგვეცვალა, მაგრამ პლეი-ოფში პირველად გავედით და გამოცდილება დაგვაკლდა. ამ შეხვედრას ისე ველოდებოდით, როგორც ბავშვი - თოვლის ბაბუას. გასახდელში ბევრი ცრემლი და გულისტკივილი იყო, თუმცა ეს წაგება კიდევ უფრო გაგვაერთიანებს.
დიდი ბოდიში მთელ საქართველოს - ვერ გავაკეთეთ ის, რასაც ჩვენგან ხალხი ელოდა".
ზვიად კუპატაძე, საქართველოს ნაკრების მეკარე:
"მოსაგებად კარგ ფორმაში მყოფი კუპატაძე დაგვაკლდა. ამდენი გოლი რომ გავუშვი, პასუხისმგებლობა ჩემზეც არის.
ადრე დავიწყეთ ზეიმი და ასეთ მაღალ დონეზე თამაშის გამოცდილება დაგვაკლდა. ვეუბნებოდი ბიჭებს, რომ რუმინეთში 2:2 არაფერს ნიშნავდა, რადგან პლეი-ოფის პირველ თამაშში ორივე გუნდი საპასუხო მატჩისთვის ძალებს ინახავს და მეტოქეს აკვირდება. ვერც რუმინელთა ბრაზილიელი ლეგიონერის შეჩერება შევძელი, რომელმაც ოთხი გოლი გაიტანა.
ვიბრძოლეთ, ვიგებდით, მაგრამ პირველი ტაიმის ბოლო წამზე გაშვებულმა ბურთმა გაგვტეხა. მადლობა გულშემატკივრებს თანადგომისთვის. მჯერა, ჩვენ კიდევ ბევრ კარგ თამაშს ჩავატარებთ და მათ გავახარებთ".
ფუტსალი. ევრო 2018. პლეი-ოფი. საპასუხო მატჩი
26.09. თბილისი. ოლიმპიური სპორტის სასახლე. 3 400 მაყურებელი
საქართველო-რუმინეთი 4:7
პირველი მატჩი 2:2
გოლები: 0:1 სავიო (03:41), 1:1 კაკაბაძე (05:51), 2:1 სებისკვერაძე (06:33), 3:1 სებისკვერაძე (11:35), 3:2 პაულო ფერეირა (12:06), 3:3 სტოიკა (20:00), 3:4 სავიო (21:07), 4:4 კურტანიძე (22:48), 4:5 სავიო (26:34), 4:5 სავიო (36:43), 4:7 რადუცუ (34:20)
საქართველო: კუპატაძე - თოფურია, რონინიო, ჭანუყვაძე, ფუმასა - ბუკია, ლუკავა, კურტანიძე, ბობოხიძე, კაკაბაძე, ნიშნიანიძე, კობაიძე, თოდუა, მაისაია
მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი
რუმინეთი: იანჩუ - ფ. მატეი, მ. მატეი, რადუკუ, სავიო - ტონიცა, ლუპუ, იგნატი, პინტუ, სტოიკა, პაულო ფერეირა, სუჩი, ჩომო, პანზარუ
მწვრთნელი: რობერტ ლუპუ
გაფრთხილებები: სებისკვერაძე (1), სავიო (9), ლუპუ (14), ჩომო (16), ჭანუყვაძე (23), ლუკავა (33), თოდუა (40)
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
მწვრთნელი და ფუმასა სად იყვნენ, რას აკეთებდნენ კაციშვილმა არ იცის
1
0
ფეხბურთელებს მადლობა ბრძოლისთვის და თავდადებისთვის. თუმცა ერთმანეთს რომ უყვიროდნენ უხეშად ეს მწვრთნელის სისუსტეზე მიანიშნებს.ბობოხიძე რომ საერთოდ არ ათამაშა ეგეც გაუგებარი დარჩა ფუტსალში ჩახედული ხალხისთვის. ფუმასა რო შეხედა დადიოდა მოედანზე სჯობდა დაესვა და სხვა ეთამაშებინა. ასევე სხვა შეცდომები. ყველაზე სუსტი რგოლი მწვრთნელი იყო. ჩამოიყვანეთ უცხოელი ძლიერი სპეციალისტი და ამ ბიჭებით შედეგი იქნება
1
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული