10:57 28-09-2017
U19. ბურსასფორი-საბურთალო 0:1 - რაც ყაზახმა არბიტრმა იკადრა... [VIDEO]
AutoSharing Option
საბურთალოელებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და გიორგი კოხრეიძე საჯარიმო დარტყმით შეეცადა გატანას, მაგრამ ააცილა. შემდეგ იყო გიორგი ივანიაძისა და გიორგი ჯინჯოლავას მცდელობები. თურქებიც არ ყოფილან უსაქმოდ და რამდენიმე შეტევაც განახორციელეს, მაგრამ გოგა ნასყიდაშვილი საიმედოდ იდგა.
ანგარიში კი 26-ე წუთზე გაიხსნა - რევაზ გოცირიძის გაწვრთნილებიდან თავი 16 წლის ცოტნე კაპანაძემ გამოიჩინა: ანდრია ფურცელაძემ მას შორეული პასით ბურთი საჯარიმოში შეუგდო, გოლი კი ერთი შეხებით, ეფექტური დარტყმით გავიდა - 0:1.
ჩვენებს მეორის გატანაც შეეძლოთ: 51-ე წუთზე თურქების მეკარე მეჰმეტ დადაკდენიზმა თავისიანები კოხრეიძის დარტყმის შემდეგ გადაარჩინა. სახიფათო გამოდგა გაგრი იასაკის შეტევაც, მაგრამ ამჯერად ნასყიდაშვილმა იყოჩაღა.
რეალური ხიფათი თურქებმა მხოლოდ ორჯერ შექმნეს. "საბურთალოს" კი თამაშის მიწურულსაც შეეძლო უპირატესობის გაზრდა: შეცვლაზე შესული ბექა ბუიღლიშვილის დარტყმა ჯერ ერთ ძელს მოხვდა, შემდეგ - მეორეს და გარეთ გამოვარდა.
ყაზახი არბიტრის, ფურკატ ატაჯანოვის მიერ კომპენსირებულ 6 წუთში არაფერი შეცვლილა და თბილისელებმა შემდეგ ეტაპზე გასასვლელად დიდი ნაბიჯი გადადგეს.
საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრა თბილისში, 18 ოქტომბერს გაიმართება. თურქების დამარცხების შემთხვევაში, "საბურთალო" მეორე წრეში სერბულ "ბროდარაცსა" და ჰაიფას "მაკაბის" წყვილში გამარჯვებულს 1-ელ და 22 ნოემბერს დაუპირისპირდება. ორივე ეტაპის დაძლევის შემთხვევაში, "საბურთალო" უეფას ახალგაზრდული ლიგის პლეი-ოფში ითამაშებს, რომელიც 2018 წლის 6/7 თებერვალს გაიმართება.
ამ ტურნირზე ქართული გუნდები მესამედ მონაწილეობენ, მაგრამ ეს პირველი გამარჯვება იყო.
უეფას ახალგაზრდული ლიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი. I მატჩი
27.09. ბურსა. ათათურქი
ბურსასფორი-საბურთალო 0:1
გოლი: 0:1 კაპანაძე (26. ფურცელაძის პასით)
ბურსასფორი: დადაკდენიზი, კაპაჯანი, გონულუ, ოზგანი, სევინჩი, კარა (65. ტუნჩაი), ჰ. კარაკა (46. იასაკი), რამაზანი, კაჰია, აკგონული (87. აკუსი), კართალ ილმაზი.
სათადარიგოები: აიდინი, ა. კარაკა, ილდირიმი, კაია
მწვრთნელი: მუზაფერ კაბაიდაი
საბურთალო: ნასყიდაშვილი, კაპანაძე, ხუბაშვილი, ფურცელაძე, ლაკვეხელიანი (82. მატოზაშვილი), ჩოთალიშვილი, ჯინჯოლავა, მალი, ივანიაძე (69. ბუიღლიშვილი), გულიაშვილი (71. ჯავახიშვილი), კოხრეიძე.
სათადარიგოები: მეგრელიშვილი, ჭანტურიშვილი, ტოკლიკიშვილი, ნონიკაშვილი
მწვრთნელი: რევაზ გოცირიძე
გაფრთხილება: ხუბაშვილი (15), მალი (35), ნასყიდაშვილი (36), ჯინჯოლავა (54), კოხრეიძე (45), კაჰია (78)
არბიტრი: ფ. ატაჯანოვი (ყაზახეთი)
მატჩის შემდეგ
რევაზ გოცირიძე ("საბურთალოს" მწვრთნელი): "ძალიან ძლიერი და კარგად ორგანიზებული გუნდი დაგვიპირისპირდა. ამდენად, ურთულესი შეხვედრა გვქონდა, მაგრამ ბიჭებმა სათამაშო დისციპლინა ბოლომდე დაიცვეს და თავი დადეს.
მიმაჩნია, რომ დამსახურებულად გავიმარჯვეთ, მაგრამ გასახდელში გარკვევით ვთქვი - ეს არის მხოლოდ ბრძოლის პირველი ეტაპი და კარგია, რომ მოვიგეთ, მაგრამ მთავარი ომი თბილისში გველის, რადგან "ბურსასფორი" არაფერს დაგვითმობს და, შესაძლოა, უფრო რთული თამაშიც იყოს. ასე რომ, მეორე ეტაპზე გასასვლელად სერიოზული მობილიზება დაგვჭირდება".
ვესაუბრეთ "საბურთალოს" აღმასრულებელ დირექტორ კახა კაშიასაც, რომელიც მსაჯობით უკმაყოფილებას არ მალავდა:
"წინასწარ იყო შეთანხმება, რომ თამაშის ვიდეოჩანაწერს გავცვლიდით, მაგრამ თურქები მის გადმოცემას არ ჩქარობენ და აქამდე უშედეგოდ ველოდები. ამ დისკზე არბიტრის არაერთი საეჭვო გადაწყვეტილება გამოჩნდება. გვსურს, თბილისში ჩამოსვლისას ეს ეპიზოდები შევკრიბოთ და ქართულ მედიას გადავცეთ. მერე თავად შეაფასეთ, რა თამაშიც მოვიგეთ და იყო თუ არა ობიექტური მსაჯობა.
რომ წაგვეგო, არაფერს ვიტყოდი, მაგრამ მოგებულზე თავს ამის უფლებას მივცემ - 50 წლის კაცი ვარ, ფეხბურთში ბევრი რამ მინახავს, მაგრამ, რაც ყაზახმა არბიტრმა იკადრა, ყოველგვარ ზღვარს სცილდებოდა. 90 წუთის განმავლობაში ცალმხრივად სჯიდა. მეორე ტაიმში კი ისეთი გააკეთა, ამ ყველაფრის ფონზეც კი მეტისმეტად გამოჩნდა - თამაში სხვა მიმართულებით მიდიოდა, როცა ჯინჯოლავას თურქმა მოთამაშემ ფეხში განზრახ ჩაარტყა და წააქცია. ამაზე არბიტრს პირდაპირ წითელი ბარათი უნდა ამოეღო, ამ დროს კი ყვითელი ბარათი ვის უჩვენა? ჩვენიანს! იმიტომ, რომ "ბურსასფორის" მოთამაშემ "გააფორმა" და მოედანზე კოტრიალი დაიწყო...
მიხარია, ასეთ ზეწოლას რომ გავუძელით - 2 წელია, "ბურსასფორის" 19-წლამდელებს შინ არ წაუგიათ და ანგარიშის გათანაბრებას გაშმაგებულები ცდილობდნენ. თუმცა არაფერი გამოუვიდათ.
ეს გამარჯვება მეორე ეტაპისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯია, მაგრამ მეორე მატჩისთვის უფრო მეტი მონდომებით უნდა მოვემზადოთ - "ბურსა" სერიოზული გუნდია და თბილისში საომრად ჩამოვა".
სერგო კორძაია
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ყაზახებს რომ ჰკითხო, ერთი ხალხი ვართ ჩვენ და თურქებიო და რამ დაანიშნინათ ეს მსაჯად??
3
0
თურქეთის ყველა ასაკობრივ გუნდებში, თუ ნაკრებში ყველა მოთამაშეს ყველაზე ცოტა ერთი წელი აქვს დაკლებული,უფრო ზუსტად საბუთები აქვთ გაყალბებული,ეს ცნობილი და მიღებული ფაქტია თურქეთში...ზედ დამატებული მსაჯის საკითხიც და აქედან გამომდინარე ყოჩაღ ბიჭები
34
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული