ჯორჯიანსი-კნოპუნტი 2:1 - საქართველოს ჩემპიონმა მოგებით დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ფუტსალში უეფას თასის ახალი გათამაშება დაიწყო. ჩვენმა ჩემპიონმა "სტუ-თელასმა", იმავე "ჯორჯიანსმა", გუშინ, 10 ოქტომბერს, სლოვაკეთში პირველი შეხვედრა ერთ-ერთ ფავორიტთან ჩაატარა - ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილი "ჯორჯიანსი" ჰოლანდიურ "კნოპუნტს" შეხვდა და ანგარიშით 2:1 გაიმარჯვა.

დასაწყისში მომენტები ორივე გუნდმა შექმნა, მაგრამ მეკარეები საიმედოდ გამოიყურებოდნენ. ჩვენებიდან მწვავედ შეუტიეს შოთა თოფურიამ, გიორგი სოზაშვილმა, მურთაზ კაკაბაძემ, გია ნიყვაშვილმა. ჰოლანდიელებს ანგარიშის შეცვლის მეტი შესაძლებლობა ჰქონდათ, მაგრამ მეკარე თორნიკე ბუკია კარგად თამაშობდა.

მე-15 წუთზე "ჯორჯიანსი" დაწინაურდა: თავი ნიყვაშვილმა გამოიჩინა. მეორე ტაიმის დასაწყისში მურთაზ კაკაბაძემ საქართველოს ჩემპიონი ორბურთიანი უპირატესობით
დააწინაურა - 2:0.

მაგრამ ერთი წუთიც არ იყო გასული, ჰოლანდიელებმა მწვავე შეტევა რომ წამოიწყეს და მოჰამედ ატაიბმა სხვაობა შეამცირა - 2:1.

ამის შემდეგ შეხვედრა დაძაბულად მიმდინარეობდა და გატანის შანსი ორივე გუნდს ჰქონდა. ბოლო წუთებში ჰოლანდიელებმა მთელი ძალებით შეუტიეს, მაგრამ ვერაფერს გახდნენ - ასათიანის გუნდმა მცირე სენსაცია შემოგვთავაზა.

ჯგუფის მეორე შეხვედრაში მასპინძელი "სლოვ მატიკი" პოლონურ "რეკორდს" შეხვდა და 5:2 მოუგო.

ჩვენი გუნდის განრიგი ასეთია: 11 ოქტომბერი. "ჯორჯიანსი"-"რეკორდი"; 13 ოქტომბერი. "ჯორჯიანსი"-"სლოვ მატიკი".

ფუტსალი. უეფას თასის შესარჩევი ეტაპი
10.10.2017. ბრატისლავა. ინტერ ჰოლი
ჯორჯიანსი-კნოპუნტი 2:1.
გოლები: 1:0 ნიყვაშვილი (15), კაკაბაძე (22), 2:1 მოჰამედ ატაიბი (23),
ჯორჯიანსი: ბუკია - ნიყვაშვილი, თოფურია, კაკაბაძე, კურტანიძე - ჯამბურია, შელეგია, გაბუჩია, ჭუმბურიძე, ასათიანი, სოზაშვილი, კობაიძე, მაისაია.
მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული