თენგიზ კაცია: სისტემა მოიშალა, ესაა ჩვენი ფეხბურთის კრიზისის მიზეზი

AutoSharing Option
ბოლო წლებში ყველა ბავშვთა ფეხბურთის პრობლემაზე ლაპარაკობს და კვალიფიციურ მწვრთნელს ეძებს. ამის ფონზე უცნაურია, რომ რამდენიმე მცოდნე სპეციალისტი თაროზე შემოდებული წიგნებივით დავივიწყეთ. არავინ იცის, იქ რა ცოდნა, გამოცდილება და პრობლემის გასაღები იმალება...

თენგიზ კაციაც ერთი ამ დავიწყებულთაგანი იყო, სანამ საფეხბურთო კლუბ "გორში" არ მიიწვიეს. კლუბის დირექტორად დანიშვნის შემდეგ გია ისიანმა საფეხბურთო სკოლის ჩამოყალიბება გადაწყვიტა და სკოლის ჩამოყალიბებაში თანადგომა სწორედ თენგიზ კაციას სთხოვა.

წლებია, ის ქართულ ფეხბურთშია, ასაკობრივ ნაკრებებში მუშაობდა, ფეხბურთის ფედერაციაში მწვრთნელთა ლიცენზირებას კი დღემდე ემსახურება. მაგრამ სადაც ყოველდღიური სამუშაოა,
იქ აღარ ჩანდა. არადა, ბევრი მოთამაშე გაუზრდია და ახლა იმავე საქმეს საფეხბურთო კლუბ "გორში" შეუდგა.

"მიხარია, რომ გორის ბავშვთა საფეხბურთო სკოლაში, ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარებაზე ამიერიდან თენგიზ კაცია იმუშავებს. მისნაირი ხალხი ჩვენს ბავშვთა ფეხბურთს ძალიან სჭირდება", - ამბობს ისიანი.

"ლელო" კაციას არა მხოლოდ გორის საფეხბურთო სკოლასა და მის პერსპექტივაზე, არამედ, ქართულ ფეხბურთში არსებულ უმძიმეს პრობლემებზე ელაპარაკა:

- 2016 წელს "ცხინვალის" დუბლებიდან წამოვედი და ერთი წელი უმუშევარი ვიყავი, თუ არ ჩავთვლით მწვრთნელთა ლიცენზირებას. გია ისიანის შეთავაზება სასიხარულო იყო, რადგან მოსკოვის მწვრთნელთა უმაღლესი სკოლის დასრულების შემდეგ, ბავშვთა ფეხბურთში წლების განმავლობაში ვსაქმიანობდი და ტრაბახით არ ვიტყვი - მგონი, ამ საქმის რაღაც გამეგება.

- გორში ძლიერი სკოლის ჩამოყალიბება შესაძლებელია?
- ამისთვის მცდელობას არ დავაკლებთ. რაც მთავარია, ბუნებრივად ძლიერი და ნიჭიერი ბავშვები არიან.

- ზოგადად, დღეს ბავშვთა ფეხბურთში არსებული ვითარება მძიმეა. ორიოდე სკოლას თუ არ ჩავთვლით, უმრავლესობა თვითდინებაზეა მიშვებული...
- ეს იმიტომ, რომ დამოუკიდებლობის შემდეგ სისტემის შენარჩუნება ვერ მოხერხდა. საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა, ჩვენ ძველი სისტემიდან გამოვედით, რაც გარდაუვალი იყო, თუმცა ის ახლით ვერ ჩავანაცვლეთ.

- კონკრეტულად რა იყო საჭირო?
- ადრე საბჭოთა სპორტკომიტეტი მეთოდოლოგიურ სახელმძღვანელოებს გზავნიდა, ანუ პროგრამას, თუ როგორ უნდა გაგვეზარდა ფეხბურთელები ეტაპობრივად, როგორ გვემუშავა მწვრთნელებს, რა სტანდარტები უნდა დაეკმაყოფილებინათ ბავშვებს, როგორ უნდა დავკვირვებოდით მათ ზრდას და განვითარებას... ეს ხომ პოლიტიკა არ იყო, საქმე წმინდა საფეხბურთო სისტემას ეხებოდა, რომელიც თავად უნდა შეგვენარჩუნებინა და საკუთარიც შეგვექმნა.

ეს მეთოდოლოგია ევროპელებს უფრო განვითარებული აქვთ. აიღეთ გერმანელების, ფრანგების, ბელგიელების პროგრამები, იმავე სამხრეთ ამერიკაში - თვითდინებაზე არ მიუშვიათ საქმე. სხვადასხვა ფორმით, მაგრამ ყველგან ერთი და იგივე წერია - იციან, წლიდან წლამდე ბავშვები როგორ გაზარდონ და შედეგი როგორ მიიღონ.

- ჩვენთან ამ პროგრამის შემუშავება რატომ ვერ მოხერხდა?
- უეფა წარმატებული ქვეყნების მაგალითზე შედგენილ მეთოდებს გვიგზავნის, თუმცა სისტემა თავად უნდა შევქმნათ. ნოდარ ახალკაცი სწორედ ამას ცდილობდა, მაგრამ არ დასცალდა. მცდელობა ფედერაციას ახლაც აქვს და იმედია, წარმატებით მიიყვანს ბოლომდე, რადგან ეს აუცილებელია...

მაგრამ ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, აქამდე რა დაგვემართა და სწორედ ამ პროგრამის არქონამ მიგვიყვანა იქამდე, რომ საქართველოში ფეხბურთელებს ვერ ვზრდით. ახლა მთელ მსოფლიოში ფეხბურთი მეცნიერების დონეზეა აყვანილი, სპორტული დეტალების გარდა, ფსიქოლოგიურ, კვების და ათასგვარ ასპექტს ითვალისწინებენ.

ადრე, საფეხბურთო სკოლები გუნდებისა და სპორტსაზოგადოებების ეგიდით მოქმედებდა. ისინი უზრუნველყოფილნი იყვნენ ეკიპირებით, ბურთებით, ტრანსპორტით, მშობლებს ფულის გადახდა არ უწევდათ და გაჭირვებული ოჯახები არ ფიქრობდნენ, სად ეშოვათ ფორმის ფული და ბავშვი სხვა ქვეყანაში რომ გაეშვათ, ფული ვისგან ესესხათ. ამიტომ იყო ფეხბურთი მასობრივი და ხალხს უფულობა არ აბრკოლებდა.

- უცხოეთში გუნდები ხშირად დადიოდნენ?
- წამყვანი სკოლების გუნდები წელიწადში სამ-ოთხჯერ მაინც დადიოდნენ. ეს ფეხბურთელის გასაზრდელად უმნიშვნელოვანესი მომენტია - ნახოს და შეაფასოს საკუთარი პლუს-მინუსი, სხვებთან რა უპირატესობა აქვს, რაში ჩამორჩება და გამოცდილება შეიძინოს. ახლა ჩვენი ბავშვები უცხოეთში ხშირად ვერ დადიან, ამიტომაც არ იციან, რა დონეზე არიან და რა უნდა გამოასწორონ. მათ არც ფიზიკური ტესტები უტარდებათ, რომ გაიგონ, წინა წელთან შედარებით გაიზარდნენ თუ არა.

- ახლა საქართველოში ბევრს ფეხბურთის პერსპექტივის არათუ არ სჯერა, დარწმუნებულებიც არიან, რომ ეს საჩვენო სპორტი არ არის...
- არ დაიჯეროთ! ჩვენთან ნიჭიერი ბავშვები ახლაც მოდიან და თან იმდენი, ბევრად დიდ ქვეყნებს შეშურდებათ. მაგრამ ჩვენი უბედურება ის არის, რომ დიდი ფეხბურთისთვის საჭირო კონდიციებამდე ვეღარ მიგვყავს. იცით, როგორი ვითარებაა? ბავშვმა "აი ია" თუ არ ისწავლა, წიგნსაც ხომ ვერ წაიკითხავს? ჩვენთან საფეხბურთო "აი იას" ბევრგან არ ასწავლიან.

არ გახსოვთ, თავის დროზე ექტორ კუპერი ნაკრების წევრებს სამშაბათობებზე რომ იბარებდა და პატარა ბავშვებივით, ელემენტარულ რაღაცებს ასწავლიდა? არადა, ეს მათ ფეხბურთზე სიარულის პირველ წლებში უნდა ესწავლათ, ზრდის გეგმაზომიერი ეტაპები გაევლოთ და ნიჭსაც გამოავლენდნენ.

- სისტემა რომ ამოქმედდეს, ხუთ წელიწადში შედეგი იქნება?
- მინიმუმ, საგრძნობ პროგრესს მაინც დავინახავთ. ვიმეორებ, ამაზე წამყვან ქვეყნებში მეცნიერები მუშაობენ, ჩვენთან კი სისტემა დაანგრიეს და დღეს სწორედ ამ ბოლო 20 წლის დამღუპველ შედეგებს ვიმკით. არადა, პატარა ქვეყანა ვართ და აქ სისტემის ამუშავება შედარებით ადვილია.

- სწორი მუშაობით წინსვლა მუხიანსა და გლდანზე ნაკლები მოსახლეობის მქონე 50-ათასიან ფარერის კუნძულებსაც აქვს...
- მეც ამ აზრზე ვარ. მაგრამ ფარერებზე და იმავე ისლანდიაში ზამთარ-ზაფხულ შეუსვენებლივ ვარჯიშობენ. საქართველოში კი გეგულებათ დარბაზი, სადაც სიცივის დროს ბავშვები ივარჯიშებენ?

ქართული ფეხბურთი ვერ განვითარდა, მენტალურადაც სიახლისთვის მზად არ ვიყავით, ჩავარდნა ამიტომ გვაქვს და ძველი შეცდომების ნანგრევებში მოვყევით. მაგრამ ვითარების გამოსწორება შეუძლებელი არ არის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
სირცხვილია ამ კაცს ინტერვიუს რომ ართმევთ ფეხბურთი რაგბში ერევა
giorgi
17:12 15-10-2017
3
და მაინც რა ხდება ასეთი გორში რამე სტადიონი გააკეთეს თუ სტადიონები? გავიგე ბუნებრივი საფარიანი მინდორი აღადგინესო სხვა ?
ლევანი
22:12 14-10-2017
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული