ქართული საკლუბო ფეხბურთის ახალი შანსი თუ მორიგი ილუზია?

AutoSharing Option
2017 წელს ჩამოყალიბდა არაკომერციული ორგანიზაცია - Mega League Foundation. ამ ორგანიზაციაზე საქართველოში ახლა გახდა ცნობილი. ვფიქრობთ, ეს უმნიშვნელოვანესი ამბავია...

"მეგა ლიგა" არის საფეხბურთო ლიგის კონცეფცია, რომელიც სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საუკეთესო კლუბებს გააერთიანებს და დასავლეთ ევროპის გრანდებთან კონკურენტუნარიანობას გაუადვილებს.

ეს გახდება ათვლის წერტილი მძაფრი საფეხბურთო კონკურენციის პირობებში და ევროპულ ლიგებს შორის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო იქნება.

"მეგა ლიგის" ფონდის მიზანია, შექმნას, ხელი შეუწყოს და გამოიყენოს პოტენციური მონაწილე ქვეყნების ფეხბურთის მილიონობით თაყვანისმცემლის მხარდაჭერა და დაინტერესებული მხარეები ამ მასშტაბურ პროექტში ჩართოს.

ჩვენ
მტკიცედ გვჯერა, რომ "მეგა ლიგა" 2019/2020 წლების სეზონამდე შეიძლება ჩამოყალიბდეს", - წერია ორგანიზაციის მოწოდებაში.

ახალი საფეხბურთო ტურნირი, სახელწოდებით - "მეგა ლიგა", გათამაშებაში მონაწილეობას სთავაზობს 17 ეროვნულ ასოციაციაში გაწევრიანებულ 42 კლუბს. ეს კლუბები 2-დონიან ტურნირში ითამაშებენ. ამ ქვეყნების მოსახლეობის საერთო რაოდენობა 90 მილიონია.

ისიც დაითვალეს, რომ სატელევიზიო უფლებებით მიღებული შემოსავლის შესაძლო ოდენობა 200 მილიონ ევროს გადააჭარბებს.

რაც შეეხება ტურნირის ფორმატს, რეიტინგების მიხედვით შეიქმნება 2 ლიგა. სეზონის დასრულების შემდეგ პირველი ლიგის აუტსაიდერი 3 გუნდი მეორე ლიგაში დაქვეითდება, მათ ადგილს კი მეორე ლიგის 3 საუკეთესო კლუბი დაიკავებს.

პირველ ლიგაში 22 კლუბი მიიწვიეს: რუმინეთის 3, საბერძნეთის, ისრაელის, სერბეთის, ბულგარეთის, ხორვატიის, ბოსნიის, სლოვენიის, კვიპროსის - 2-2, და ერთიც - მაკედონიის.

22 გუნდია რანგით მეორე ლიგაშიც: რუმინეთის 4 კლუბი, საბერძნეთის, ისრაელის, სერბეთის, ბულგარეთის, აზერბაიჯანის, ალბანეთის - 2-2, ერთიც - ხორვატიის.

და მთავარიც: პროექტის ავტორთა თქმით, ასევე თითო გუნდი უნდა წარმოადგინონ საქართველომ, სომხეთმა, მოლდოვამ, კოსოვომ და ჩერნოგორიამ. ყველაზე საინტერესო სწორედ ესაა - ლაპარაკია ტურნირში ყველაზე ტიტულოვანი ქართული კლუბის, თბილისის "დინამოს" მონაწილეობაზე.

უცნობია, რას ფიქრობენ ამ პროექტზე ფიფასა და უეფაში, საინტერესოა ასევე ამ 17 ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციისა და მიწვეული კლუბების მესვეურთა აზრი. მაგრამ უეფამ რეგიონული ტურნირები წაახალისა და ევროინტეგრაციის პოლიტიკური პროცესის სპორტულ მხარეს თუ გავითვალისწინებთ, შესაძლოა, არც ისე შორეულ მომავალში ეს "მეგა ლიგა" რეალობად იქცეს.

თუმცა, ცალსახად ამის თქმა მაინც ძნელია. მეორე ასპექტია - შესაძლოა, მისი მხარდამჭერები ევროპული გრანდებიც იყვნენ. განა არ აწყობთ, მეორეხარისხოვანი ქვეყნები საბოლოოდ მოიშორონ?..

ამ პროექტს ბევრი დადებითი მომენტი აქვს. მაგალითად, ერთი ქართული კლუბი საკუთარ წვენში ხარშვას დაასრულებს, დიდი სარბიელი კი კლასის გაზრდის და ნაკრების უკეთესი მოთამაშეებით მომარაგების წინაპირობა გახდება.

მაგრამ მეორე მხარეა, თუ რამდენად რეალურია ამ ტურნირის ჩატარება? ეს ხომ პირველი შემთხვევა არ არის, როცა მსგავსი ტურნირის ორგანიზება სურთ. არაფერს ვამბობთ კავკასიის თასზე, რომელიც მკვდრად შობილი იდეაა, რადგან სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი მის ჩატარებას ძირშივე გამორიცხავს, ისევე, როგორც სერბეთ-კოსოვოს დაპირისპირება იქნება ხელისშემშლელი ფაქტორი ამ ეგრეთ წოდებული "მეგა ლიგისთვის".

ასევე არაეალური აღმოჩნდა ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის, ზვიად სიჭინავას იდეა, რომ საქართველოს, აზერბაიჯანსა და ყაზახეთს ერთობლივი ლიგა ჩამოეყალიბებინათ.

იდეა დიდად არც ჩვენთან მოიწონეს და ყაზახეთ-აზერბაიჯანშიც ხელები გაასავსავეს - ღარიბებთან თამაში არ გვეკადრებაო. სხვათა შორის, საინტერესოა, რომ "მეგა ლიგის" ინიციატორთა მიერ ჩამოთვლილ კლუბებში ყაზახეთის წარმომადგენელი არ მოიაზრება...

უფრო კონკრეტული და არსებითი მოლაპარაკება 2007 წელს მიმდინარეობდა: საქართველოს პროფესიული საფეხბურთო ლიგის პრეზიდენტი დიმიტრი რამიშვილი საბერძნეთში იმყოფებოდა, სადაც შავი ზღვის აუზის ქვეყნების პროფესიული ფეხბურთის ლიგების ხელმძღვანელები მიიწვიეს და რეგიონული საკლუბო ტურნირის ჩატარებაზე ილაპარაკეს. მაშინ რამიშვილი ამ ქვეყნების პროფლიგების ვიცე-პრეზიდენტადაც აირჩიეს და ნახევარი წლის შემდეგ შეხვედრაც დაითქვა, სადაც საკითხები კონკრეტულად უნდა გადაწყვეტილიყო...

მაგრამ საბოლოოდ, სხვადასხვა პრობლემის გამო ამ ტურნირის ორგანიზება ვერ მოხერხდა.

ერთი-ერთი მთავარი დაბრკოლება იყო კალენდარი, ისევე, როგორც მნიშვნელოვანი ორგანიზაციული მხარეების მოგვარება. პრობლემური და სადავო გახდა ქვეყნებზე გადასანაწილებელი კვოტები. თავისი როლი ქვეყნებს შორის კონფლიქტებმაც ითამაშა - თურქეთსა და საბერძნეთს ერთმანეთთან თამაში არ სურდათ, ისევე, როგორც თურქეთს და სომხეთს, აზერბაიჯანსა და სომხეთს და ასე შემდეგ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 5 /
ჩვენთვის ძალიან კარგი იქნება ესეთი ლიგის შექმნა...ხალხიც ივლის სტადონზე და მთელი სეზონი თბილისში ფეხბურთი იქნება..:)
ოთო
17:35 27-10-2017
2
დღეს რეალურად 5 ქვეყანას აქვს მონოპოლირებული ფეხბურთი და მხოლოდ ის ქვეყნები და მათი კლუბები აღწევენ წარმატებას დანარჩენი ქვეყნები მე-2-3 პლანზე არიან გადაწეულები ეს პროექტი რომ გაკეთდეს ფეხბურთი გაცოცხლდება საქართველოში ხალხი ივლის სტადიონზე ფეხბურთელებიც უფრო განვითარდებიან მოუმატებენ მონდომებით ითამაშებენ სავსე ტრიბუნების ქვეშ დონეც აიწევს და ეს ყველაფერი ნაკრებზეც აისახება არამარტო საქართველოსთვის იმ ქვეყნებისთვისაც ძალიან კარგია განვითარებისთვის.
0

სიახლეები პოპულარული