"დინამოს" გარდა, მინაშვილი თბილისის "ლოკომოტივის" აკადემიაშიც მუშაობდა. საინტერესოა, რა ხდება ფეხბურთის განვითარების მხრივ ჩინეთში, რა სხვაობაა ქართველ და ჩინელ ახალგაზრდა ფეხბურთელებს შორის...
Sportall.ge მინაშვილს დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა.
- როგორ მოხვდით ჩინეთში და რას საქმიანობთ ამჟამად ამ ქვეყანაში? თუ შეიძლება მოგვიყვეთ თქვენი ისტორია...
- ჩინეთში ჰოლანდიელი სპეციალისტის, ლუკ ნილჰოტის რეკომენდაციით მოვხვდი. მან შემომთავაზა ასისტენტობა დალიანის
ზაფხულში აკადემიას დაემატება კიდევ ორი ასაკობრივი გუნდი. საერთოდ, დალიანის საფეხბურთო აკადემიას გააჩნია გრძელვადიანი პროექტი, რაც ითვალისწინებს, ჩინეთის მასშტაბით იყოს კონკურენტუნარიანი აკადემია.
ამ აკადემიის მოვალეობაა, მიაწოდოს ფეხბურთელები როგორც ჩინეთის სუპერლიგას, ისე ეროვნულ ნაკრებს. ზუსტად ამ პროექტს ვახორციელებ ჰოლანდიელ სამწვრთნელო შტაბთან ერთად.
- თქვენ საქართველოში თბილისის "დინამოსა" და "ლოკომოტივის" აკადემიის დირექტორი იყავით... რა შეგიძლიათ გვითხრათ ამის შესახებ და რატომ გადაწყვიტეთ ჩინეთში წასვლა?
- ინგლისში 7-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ ჩამოვედი თბილისის "დინამოში", სადაც 4 წლის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი "დინამოს" აკადემიას ლუკ ნილჰოტთან ერთად.
დედაქალაქურ კლუბში ჩემი მუშაობის პერიოდი ძალიან საინტერესო იყო, რადგანაც მუშაობა მიწევდა ძალიან საინტერესო და ნიჭიერ ახალგაზრდა ფეხბურთელებთან.
დღეს უკვე "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელები ჩნდებიან ეროვნულ ლიგაში და დარწმუნებული ვარ, გიორგი ჩაკვეტაძის მსგავსად, ბევრი გაიბრწყინებს ევროპულ ასპარეზზე.
"დინამოში" 4-წლიანი მუშაობის შემდეგ შემოთავაზება მივიღე "ლოკომოტივის" აკადემიიდან, სადაც გიორგი და დავით ყიფიანთან ერთად შევუდექით აკადემიის განვითარებას. ჩვენ შევქმენით ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარების პროგრამა და სავარჯიშო მეთოდიკა.
აკადემია დაკომპლექტდა ნიჭიერი და გამოცდილი სპეციალისტებით. ამიტომ დღეს "ლოკომოტივის" აკადემია არის ერთ-ერთი კონკურენტუნარიანი საქართველოში.
"ლოკომოტივთან" დასრულების შემდეგ გადავწყვიტე, ჩემი კარიერა ჩინეთისთვის დამეკავშირებინა. აქ ახალ გამოცდილებას ვიღებ, როგორც სპეციალისტი.
- როგორც ცნობილია, ჩინეთის ფეხბურთში დიდი ფული იდება. მათ ძალიან ბევრი ვარსკვლავი ჩაჰყავთ ადგილობრივ ჩემპიონატში. რა მდგომარეობაა ამ მხრივ ბავშვთა ფეხბურთში?
- ყველამ კარგად იცის, რომ ჩინეთის სუპერლიგაში ბოლო 10 წლის განმავლობაში ძალიან დიდი თანხები ჩაიდო. ჩამოჰყავდათ ვარსკვლავები და ამით ცდილობდნენ საფეხბურთო დონის აწევას, მაგრამ ბოლო წლებში მიხვდნენ, რომ ეს არ იყო გამოსავალი...
ამიტომ CFA-ს ლიდერებმა შეცვალეს იდეა და ინვესტიციის ჩადება დაიწყეს ბავშვთა ფეხბურთში და საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განვითარებაში. ასევე, საფეხბურთო აკადემიებში ჩამოჰყავთ უცხოელი სპეციალისტები - ესპანეთიდან, პორტუგალიიდან, ჰოლანდიიდან, ინგლისიდან და გერმანიიდან, რომლებიც ნერგავენ ევროპულ საფეხბურთო ფილოსოფიას.
- რა განსხვავება შენიშნეთ ქართველ და ჩინელ ახალგაზრდა ფეხბურთელებს შორის?
- ჩემი აზრით, განსხვავება მაინც საქმისადმი დამოკიდებულებაშია... ჩინელი ფეხბურთელებიდან ყველაზე მეტად რამაც გამაოცა, ეს არის - დისციპლინა და შრომისმოყვარეობა. ნიჭით კი, აბა, რა გითხრათ... ქართველი მოზარდები უფრო ნიჭიერები არიან.
- ფინანსური სხვაობა საქართველოსა და ჩინურ კლუბებს შორის ალბათ ძალიან დიდია...
- ჩინეთში ყველანაირი პირობა არის სამუშაოდ. მაგალითისთვის დალიანის 13-წლამდელთა გუნდს მოვიყვან, დანარჩენი დასკვნები კი თავად გააკეთეთ.
გუნდში 22 ფეხბურთელია და ყველა მათგანი ფანტასტიკურ პირობებში, ბაზაზე ცხოვრობს. კლუბი ასწავლის ამ ფეხბურთელებს დალიანის ერთ-ერთ საუკეთესო სკოლაში. მინდა აღვნიშნო, რომ სწავლას მოზარდებში ძალიან დიდი ყურადღება ექცევა.
ეს ფეხბურთელები ვარჯიშობენ ფანტასტიკურ მოედნებზე. წელიწადში 2-ჯერ აქვთ მოსამზადებელი შეკრება და წელიწადში 3-ჯერ დადიან საერთაშორისო ტურნირზე. გააჩნიათ სრული სამედიცინო კონტროლი და დაზღვევა. ალბათ ხვდებით, რომ ამ ყველაფერს ფინანსები სჭირდება...
საერთოდ, ჩინელები მუშაობისთვის ყველანაირ პირობას ქმნიან, მაგრამ ასევე ითხოვენ შედეგსაც.
- თქვენს გარდა, თუ არიან ჩინეთში ქართველები დასაქმებულნი სპორტში?
- სიმართლე გითხრათ, არ მაქვს ინფორმაცია მაგ თემაზე.
- რა იციან ჩინეთში საქართველოსა და ზოგადად, ქართული ფეხბურთის შესახებ?
- იციან - არველაძე, ქინქლაძე, კობიაშვილი, კალაძე, იაშვილი...
- აპირებთ თუ არა ქართველი ფეხბურთელების მიწვევას ჩინეთში?
- ჯერჯერობით, კონკრეტული გეგმები არ მაქვს... მაგრამ თუ ჩინური გუნდებიდან დაინტერესება იქნება, ფეხბურთელი იქნება თუ მწვრთნელი, დიდი სიამოვნებით დავუდგები გვერდით და დავეხმარები.
- როგორია ჩინეთში მიდგომა ფეხბურთისადმი ბავშვების მხრიდან და როგორი იყო საქართველოში?
- ჩინეთში ფეხბურთი ძალიან პოპულარულია. როდესაც ფეხბურთელს ეკითხები, სად უნდა ითამაშოს, ის უპირველეს ყოვლისა, გპასუხობს - ჩინეთის სუპერლიგასა და ეროვნულ ნაკრებში.
ჩინეთში ფეხბურთელის მოწონების შემთხვევაში იგი მოგყავს და აცხოვრებ ბაზაზე. კლუბი ვალდებულებას იღებს, რომ ფეხბურთის სწავლასთან ერთად, მისცეს ასევე განათლებაც. ჩინელ ფეხბურთელს გაცნობიერებული აქვს, რომ ძალიან ბევრი კონკურენტი ჰყავს და თავდაუზოგავად ვარჯიშობს.
მე ჯერ არ გამიგია, ფეხბურთელს მწვრთნელის მიმართ ეთქვას - დავიღალე, მეტკინა, თამაში აღარ შემიძლია და მსგავსი ფრაზები. აქ ახალგაზრდა ფეხბურთელს არ გააჩნია პირადი ცხოვრება, მისი ერთადერთი ცხოვრება ფეხბურთია.
სპორტსმენის ცხოვრება ჩინეთში დილის 6:00 საათზე იწყება. აქ არის რეჟიმისა და გამარჯვებისკენ ორიენტირებული ხალხი. ვისურვებდი, რომ ქართველ ფეხბურთელს ეს თვისებები და მენტალიტეტი ჩამოუყალიბდეს. მერწმუნეთ, ჩვენი ნიჭით და თვისებებით ძალიან ბევრს მივაღწევდით.
- თქვენ უშუალო შეხება გქონდათ ბავშვთა ფეხბურთთან. რას იტყოდით ქართულ ბავშვთა ფეხბურთზე, რა არის გამოსასწორებელი?
-მე ამას 4 კომპონენტად დავყოფდი:
1) ინფრასტრუქტურა.
2) ყველა სკოლას თუ აკადემიას უნდა გააჩნდეს ფეხბურთელის განვითარების პროგრამა, ასაკების და ეტაპების გათვალისწინებით.
3) ბავშვთა ფეხბურთი კვალიფიციური მწვრთნელებით უნდა დაკომპლექტდეს, მაგრამ ამისთვის მწვრთნელი ფინანსურად უნდა იყოს უზრუნველყოფილი კლუბის მხრიდან.
4) სამედიცინო კონტროლი და სწორი კვება.
ამ 4 პუნქტიდან პირველი და მეორე სავალდებულო უნდა იყოს, აკადემიებისთვის და ლიცენზიის ასაღებად.