ტორპედო VS ჩიხურა - დავიწყოთ სუპერთასით!

AutoSharing Option
ტრადიციულად, ახალი სეზონი სუპერთასით იწყება: 24 თებერვალს, თბილისის დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე 15:00 საათზე ერთმანეთის პირისპირ წარდგებიან "ტორპედო" და "ჩიხურა".

აღსანიშნავია, რომ "ჩიხურას" ერთხელ უკვე აქვს მოგებული სუპერთასი, აი, "ტორპედო" კი მესამე ცდაზე შეეცდება ამ პრიზის დაუფლებას...

საქართველოს სუპერთასის ისტორიაში ეს მეხუთე შემთხვევაა, როცა საფეხბურთო წელიწადი სწორედ ამ მატჩით იწყება, ოღონდ ისიც უნდა ვთქვათ, რომ სუპერთასის მატჩით სეზონის დაწყება პირველ სამ გათამაშებაში ხდებოდა. თან არც ის დაგვავიწყდეს, რომ იმ პერიოდში ჩვენთან საფეხბურთო სეზონი "შემოდგომა-გაზაფხულის" სისტემით ტარდებოდა; შარშანდლიდან მოყოლებული კი, როგორც
მოგეხსენებათ, საქართველოს ჩემპიონატი "გაზაფხული-შემოდგომის" სისტემაზე გადავიდა და 2017 წლის პირველ ოფიციალურ მატჩში სწორედაც საქართველოს სუპერთასი გათამაშდა.

საქართველოს სუპერთასის გათამაშებაში მატჩის ჩატარების თარიღიც ხშირად იცვლებოდა და პაუზებიც არაერთხელ ყოფილა.

ყველაზე ხანგრძლივი პაუზა კი XXI საუკუნის დასაწყისში გვქონდა, როცა ზედიზედ ხუთი სეზონი არ ჩატარებულა საქართველოს სუპერთასის გათამაშება და აი, 2005 წლის შემოდგომაზე, საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგის იმდროინდელ ხელმძღვანელთა (დიმიტრი რამიშვილი, პაატა ბურჯალიანი) დიდი ძალისხმევით, ეს ტრადიცია აღდგა, როცა იმდროინდელმა ჩემპიონმა (თბილისის "დინამომ") თასის მფლობელს ("ლოკომოტივს") მოუგო.

ის მატჩი ბათუმში გაიმართა (ისე, როგორც სულ პირველი გათამაშება) და თარიღის მსგავსად, სუპერთასის ჩატარების ადგილიც ხშირად იცვლებოდა (ამაზე ოდნავ ქვემოთ); ისიც უნდა ვთქვათ, რომ ერთ წელიწადში სულაც... ორჯერ ჩავატარეთ სუპერთასი: 2013 წლის დასაწყისში წინა წლის ჩემპიონი ("ზესტაფონი") და თასის მფლობელი ("დილა) არკვევდნენ ურთიერთობას, იმავე წლის მიწურულს კი, 2012/13 წლების სეზონის გამარჯვებული (თბილისის "დინამო") და იმავე სეზონის თასის ფინალისტი ("ჩიხურა").

ისე, მსგავსი შემთხვევები ხშირად მომხდარა, როცა "დუბლის" შემსრულებელი გუნდი სუპერთასის მატჩში თასის ფინალისტს ეპაექრებოდა. თუმცა, შარშან სუპერთასის რეგლამენტი შეიცვალა: ანუ, თუ ერთი და იგივე გუნდი გახდება ჩემპიონიც და თასის მფლობელიც, მაშინ სუპერთასის მატჩში ერთმანეთს ჩემპიონი და II-ადგილოსანი დაუპირისპირდებიან.

საქართველოს სუპერთასის სულ პირველი გათამაშებაც აუცილებლად უნდა ვახსენოთ; ისე, როგორც ამ ტურნირის ინიციატორი - გაზეთ "რეზონანსის" რედაქცია. სულ პირველი გათამაშება, 1996 წლის 28 ივლისს რომ გაიმართა ბათუმში, იმითაც იყო გამორჩეულ-განსაკუთრებული, რომ მსოფლიოს საფეხბურთო სამყაროს მართლაც უცნაური ექსპერიმენტი შევთავაზეთ: მატჩის დაწყებამდე... პენალტების სერია შესრულდა.

ჩანაფიქრი ასეთი იყო: თუ მატჩის ძირითადი დრო ფრედ დასრულდებოდა, დამატებითი დრო აღარ დაინიშნებოდა და გამარჯვებულადაც ის გუნდი გამოცხადდებოდა, პენალტების სერიაში რომელიც იმარჯვებდა. არადა, მატჩისწინა(!) პენალტების სერია ბათუმის "დინამომ" კი მოიგო, მაგრამ ძირითად დროში თბილისის "დინამომ" დიდი ანგარიშით (4:0) დაამარცხა იმ დროისათვის თავისი მარადიული სათასო მეტოქე და, შესაბამისად, ეს პრიზიც მოიგო. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სუპერთასის ისტორიაში პირველი გოლი იმ დროისათვის 18 წლის ალექსანდრე იაშვილმა გაიტანა, რომელიც საქართველოს სუპერთასის სამგზის მფლობელია!..

შეგირდები ოსტატის წინააღმდეგ
საქართველოს ოთხგზის ჩემპიონსა და თასის სამგზის მფლობელს, "ტორპედოს" საქართველოს სუპერთასი არასდროს მოუგია და ქუთაისელთა საყვარელი გუნდი მესამე ცდაზე შეეცდება ამ ტიტულის მოპოვებას. ისე, როგორც "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი კახა ჩხეტიანი შეეცდება, ასევე მესამე ცდაზე დაეუფლოს საქართველოს სუპერთასს!

საქმე კი ის არის, რომ 2000 წლის სუპერთასის მატჩში, როცა "ტორპედო" მინიმალური სხვაობით დამარცხდა თავის მარადიულ მეტოქე თბილისის "დინამოსთან", კახა ჩხეტიანი ქუთაისელთა გუნდის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გახლდათ; აი, შარშან კი, კახა ჩხეტიანი ამჯერად უკვე მწვრთნელის რანგში შეეცადა საქართველოს სუპერთასის დაუფლებას, მაგრამ მისი დამოძღვრილი "ტორპედო" ამჯერადაც მინიმალური სხვაობით დამარცხდა "სამტრედიასთან"...

დამოუკიდებელი ქართული საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში ჩხეტიანი ერთადერთია, რომელსაც საქართველოს ჩემპიონატიც და თასიც ფეხბურთელის რანგშიც მოუგია და როგორც მწვრთნელსაც.

აი, ახლა კი, მშვენიერი შანსი ეძლევა, კიდევ ერთი გამორჩეული ტიტული მოიპოვოს და "ტორპედოს" გამარჯვების შემთხვევაში კახა ჩხეტიანი დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში გახდება მეოთხე მწვრთნელი, რომელსაც საკლუბო დონეზე სამივე არსებული ტიტული ექნება მოგებული! ბარემ იმასაც ვიტყვით, რომ დღემდე ეს სამივე ტიტული (საქართველოს ჩემპიონატი, თასი, სუპერთასი) მხოლოდ სამ მწვრთნელს აქვს მოპოვებული: დავით ყიფიანს, თემურ მახარაძესა და გია გეგუჩაძეს.

24 თებერვალი კახა ჩხეტიანისათვის სხვა მხრივაც განსაკუთრებული თარიღია: "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი მორიგი ტიტულის მოპოვებას ხომ საკუთარ დაბადების დღეზე შეეცდება!

ცალკე საუბრის თემაა მეტოქის ფაქტორიც, უფრო ზუსტად, მისი ოპონენტისა და უფროსი კოლეგის: "ჩიხურას" 60 წლის თავკაცი სოსო ფრუიძე ამ სეზონშიც ყველაზე ხანდაზმული და ყველაზე გამოცდილი მწვრთნელი იქნება ეროვნულ ლიგაში.

ფრუიძისთვის ეს მესამე სუპერთასის მატჩი იქნება და ამ მაჩვენებლით, სარეკორდო მაჩვენებელს გაიმეორებს. შეგახსენებთ, რომ მწვრთნელებს შორის ყველაზე მეტი მატჩი საქართველოს სუპერთასზე კიდევ ერთ გამორჩეულ სპეციალისტს, შოთა ჭეიშვილს ჰქონდა ჩატარებული, რომელმაც სამჯერ უხელმძღვანელა ბათუმის "დინამოს".

შარშან, 2 დეკემბერს, "ჩიხურამ" პენალტების სერიაში აჯობა "ტორპედოს" და პირველად მოიპოვა საქართველოს თასი. იმ ფინალურ მატჩს დამატებით ინტრიგას სძენდა სხვადასხვა თაობის მწვრთნელთა დაპირისპირებაც, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ფაქტზე, რომ ფეხბურთელობის დროს კახა ჩხეტიანს საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში დებიუტი სწორედ... სოსო ფრუიძის დამოძღვრილ "სამგურალში" ჰქონდა.

ეს ყველაფერი კი 1994/95 წლების სეზონში მოხდა და სხვათა შორის, სწორედ მაშინ გაიცნო ქართულმა საფეხბურთო სამყარომ "სამგურალის" კიდევ ერთი ახალწვეული, 17 წლის ნიჭიერი შემტევი მიხეილ აშვეთია, მოგვიანებით საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ბომბარდირი რომ გახდა.

აშვეთია უკვე მესამე სეზონია "ტორპედოს" სამწვრთნელო შტაბშია, ისე, როგორც წარსულში ქუთაისელთა გუნდის კიდევ ერთი გამორჩეული შემტევი ვასილ გიგიაძე - სოსო ფრუიძის კიდევ ერთი ყოფილი შეგირდი!..

ფაქტები
  • საქართველოს სუპერთასის გათამაშება ყველაზე მეტჯერ (6) თბილისის მიხეილ მესხის სტადიონზე ჩატარდა; "დინამო არენაზე" და ბათუმში - სამ-სამჯერ, ხოლო მარტვილში, ქუთაისში, რუსთავსა და გორში - თითოჯერ;
  • სუპერთასის წინა 16 გათამაშებაში 13 გუნდი მონაწილეობდა და დიდი დრო უნდა გავიდეს, თბილისის "დინამოს" რეკორდი რომელიმე სხვა გუნდმა რომ გააუმჯობესოს: 10 მატჩი და 7 გამარჯვება. ამის შემდეგ თანამიმდევრობა ასეთია: "ზესტაფონი" - 3 (2), ბათუმის "დინამო" - 3 (1), "ამერი" - 2 (2), რუსთავის "მეტალურგი" (იგივე - "ოლიმპი") - 2 (1), "ვიტ ჯორჯია" - 2 (1), "ჩიხურა" - 2 (1), "ტორპედო" - 2 (0), "დილა" - 2(0), "სიონი" - 1 (0), "ლოკომოტივი" - 1 (0), "გაგრა" - 1 (0).
  • მწვრთნელებს შორის სუპერთასზე ყველაზე მეტი მატჩი შოთა ჭეიშვილმა (ბათუმის "დინამო") ჩაატარა - 3 (1 გამარჯვება); ორ-ორჯერ მონაწილეობდნენ: გიორგი ჩიხრაძე ("ამერი") - 2 (2), სოსო ფრუიძე - 2 (1), გია გეგუჩაძე ("ზესტაფონი"/თბილისის "დინამო") - 2 (1), დავით ყიფიანი (თბილისის "დინამო"/"ტორპედო") - 2 (1), კახა ცხადაძე (თბილისის "დინამო"/"სიონი") - 2 (1), კახა კაჭარავა (თბილისის "დინამო"/"ზესტაფონი") - 2 (1), ნოდარ აკობია (თბილისის "დინამო"/"ლოკომოტივი") - 2 (1), მურთაზ ხურცილავა (თბილისის "დინამო") - 1 (1), ოთარ კორღალიძე (თბილისის "დინამო") - 1 (1), რაინერ ცობელი (თბილისის "დინამო") - 1 (1), გელა გომელაური ("ვიტ ჯორჯია") - 1 (1), გიორგი ჭიაბრიშვილი ("ზესტაფონი") - 1 (1), თემურ მახარაძე ("ოლიმპი") - 1 (1), კახა გოგიჩაიშვილი (თბილისის "დინამო") - 1 (1), გია ცეცაძე ("სამტრედია") - 1 (1), ანატოლი პისკოვეცი ("ოლიმპი") - 1 (0), ვალდას ივანაუსკასი ("დილა") - 1 (0), მერაბ კოჭლაშვილი ("ვიტ ჯორჯია") - 1 (0), ზვიად ჯელაძე ("გაგრა") - 1 (0), მალხაზ ჟვანია (თბილისის "დინამო") - 1 (0), უჩა სოსიაშვილი ("დილა") - 1 (0), კახა ჩხეტიანი ("ტორპედო") - 1 (0). საუკეთესო შედეგი გიორგი ჩიხრაძეს აქვს: "ამერის" მთავარი მწვრთნელის რანგში მან ორჯერ გაიყვანა გუნდი სუპერთასზე და ორივეჯერ გაიმარჯვა! კახა გოგიჩაიშვილი კი ერთადერთია, საქართველოს სუპერთასი ფეხბურთელის რანგშიც რომ მოუგია და მწვრთნელისაც;
  • საქართველოს სუპერთასის წინა 16 გათამაშებაში 27-მა ლეგიონერმა იასპარეზა: რამონი, ლეონარდო, ნათან ჟუნიორი, რენე ფერეირა (ყველა - ბრაზილია), ჩასემი, ევოჩე, ჯუისი (სამივე - კამერუნი), ოვონო, აკირემი, აკუასაგა (სამივე - გაბონი), ჩისკო, ორიოლ ლოსანო (ორივე - ესპანეთი), ოვონიკოკო, ჯერემია (ორივე - ნიგერია), ბოტი გოა, ვუო (ორივე - კოტ დ'ივუარი), ედნილსონი (პორტუგალია/გვინეა ბისაუ), კრშკო (სლოვაკეთი), სპასოევიჩი (ჩერნოგორია), ინომოვი (უზბეკეთი), პეტკოვი (ბულგარეთი), იელიჩი (სერბეთი), გოგა (რუმინეთი), გლიშიჩი (მაკედონია), სუხომლინოვი, შევჩენკო (ორივე - უკრაინა), მაშუკოვი (რუსეთი). ამათგან საუკეთესო შედეგი ჩისკოს აქვს: ქართული საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო ლეგიონერმა ორჯერ ითამაშა საქართველოს სუპერთასზე და 2014 წელს თბილისის "დინამომ" სწორედ ამ გამორჩეული ესპანელი შემტევის ერთადერთი გოლით მოიპოვა ეს ტიტული. ჩისკოს გარდა, სუპერთასზე გოლი გაუტანიათ სხვა ლეგიონერებსაც: ჯონი ჯერემიას ("გაგრა") და აბაიომი ოვონიკოკოს ("ზესტაფონი");
  • არბიტრებს შორის ყველაზე მეტჯერ (3) სუპერთასის მატჩი ლაშა სილაგავამ და გიორგი ვადაჭკორიამ იმსაჯეს; ორჯერ იმსაჯა ლევან ფანიაშვილმა, თითოჯერ - ელგუჯა სილაგავამ, თამაზ ლაცაბიძემ, კახა მესხმა, პაატა დოგრაშვილმა, დავით ხარიტონაშვილმა, ალექსანდრე კრიჭაშვილმა, გიორგი კიკაჩეიშვილმა, არსენ ნონიკაშვილმა;
  • საქართველოს სუპერთასის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გრიგოლ დოლიძე გახლავთ. ამ გამოცდილმა მარჯვენა გარემარბმა სულ სამჯერ ითამაშა სუპერთასზე. აქედან ორჯერ "ამერის" შემადგენლობაში, ორივეჯერ გაიმარჯვა და ამ ორ თამაშში 4 გოლი გაიტანა!
  • გრიგოლ დოლიძეს კიდევ ერთი გამორჩეული მაჩვენებლით შეუძლია იამაყოს: ერთადერთი ფეხბურთელია, სუპერთასზე ჰეთ-თრიკი რომ აქვს შესრულებული! 2007 წლის 9 დეკემბერს, გორში გამართულ სუპერთასის მატჩში "ამერის" მარჯვენა გარემარბმა ერთმანეთზე უკეთესი 3 გოლი გაიტანა "ოლიმპის" კარში;
  • საქართველოს სუპერთასზე ასევე ერთადერთ ფეხბურთელს აქვს დუბლი შესრულებული: სულ პირველ გათამაშებაში (1996 წლის 28 ივლისს რომ ჩატარდა), თბილისის "დინამოს" ცენტრფორვარდმა დავით ყიზილაშვილმა 2 გოლი გაიტანა ბათუმის "დინამოს" კარში; საქართველოს სუპერთასის აბსოლუტური რეკორდსმენი გივი დიდავაა, რომელმაც ხუთჯერ მოიპოვა ეს ტიტული (სამჯერ - თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში, ორჯერ - "ამერის"). სამ-სამჯერ გაუმარჯვიათ სუპერთასზე: ალექსანდრე იაშვილს (თბილისის "დინამო"), დავით ოდიკაძეს (თბილისის "დინამო" - 2/"ჩიხურა" - 1), დავით ბოლქვაძეს ("ამერი" - 2/"ოლიმპი" - 1), გიორგი დავითნიძეს (თბილისის "დინამო" - 1, "ამერი" - 2), შოთა ბაბუნაშვილს ("ზესტაფონი" - 2/"თბილისის "დინამო"). ასევე სამჯერ აქვს მოგებული სუპერთასი გიორგი დათუნაიშვილს და სამივეჯერ... სხვადასხვა გუნდის შემადგენლობაში: 2009 წელს - "ვიტ ჯორჯია", 2013 წელს - "ჩიხურა", 2017 წელს - "სამტრედია".
სუპერთასის ყველა მატჩი
28.07.1996 დინამო (თბ)-დინამო (ბთ) 4:0
04.08.1997 დინამო (თბ)-დინამო (ბთ) 4:1
02.08.1998 დინამო (თბ)-დინამო (ბთ) 1:2
29.02.2000 დინამო (თბ)-ტორპედო 1:0
17.09.2005 დინამო (თბ)-ლოკომოტივი 1:0
01.12.2006 ამერი-სიონი 1:0
09.12.2007 ოლიმპი-ამერი 1:4
03.12.2008 დინამო (თბ)-ზესტაფონი 1:0
17.12.2009 დინამო (თბ)-ვიტ ჯორჯია 1:2, დ.დ
21.12.2010 ოლიმპი-ვიტ ჯორჯია 2:0
29.05.2012 ზესტაფონი-გაგრა 3:1
22.02.2013 ზესტაფონი-დილა 0:0, პენ. 4:2
22.12.2013 დინამო (თბ)-ჩიხურა 0:1
11.12.2014 დინამო (თბ)-ჩიხურა 1:0
25.08.2015 დინამო (თბ)-დილა 1:0
26.02.2017 სამტრედია-ტორპედო 2:1

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
არ იცით რომელ საათზე იწყება თუ ვერ ხვდებით რომ მიაწეროთ დაწყების დრო?
ნ.
12:43 24-02-2018
0
ველოდები ძალიან მაგარ მატჩს!
Giorgi
17:52 23-02-2018
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული