მოლდოვის ჩემპიონი და ევროპა ლიგის გუნდი - რას წარმოადგენს "ტორპედოს" მეტოქე

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის "ტორპედოს" მეტოქედ მოლდოვური "შერიფი" ერგო.

პირველი მატჩები 10/11 ივლისს გაიმართება, ხოლო საპასუხოები - 17/18 ივლისს. "ტორპედო" პირველ შეხვედრას შინ გამართავს.

altქუთაისის "ტორპედოს" მეტოქე ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოზე ცნობილია


რას წარმოადგენს მეტოქე?
"შერიფი" მოლდოვური საფეხბურთო კლუბია ქალაქ ტირასპოლიდან. ასპარეზობს მოლდოვის ნაციონალურ ჩემპიონატში.

"შერიფმა", 2001 წლიდან მოყოლებული, მოლდოვის ეროვნული ჩემპიონატის მოგება 16-ჯერ შეძლო. ის არის პირველი მოლდოვური კლუბი, რომელიც ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა.

გასულ სეზონში "შერიფმა" ასპარეზობა ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო, სადაც თავიდან ალბანური "კუკეში"
შეხვდა, რომელიც  საკვალიფიკაციოდან სტუმრად გატანილი გოლის წყალობით გამოთიშა (1:0, 1:2). მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე მეტოქედ აზერბაიჯანული "ყარაბაღი" ერგო, რომელთანაც ვერაფერი გააწყო და ევროპა ლიგაზე გადაერთო (0:0, 1:2).

ევროპა ლიგის პლეი-ოფში "შერიფს" ვარშავის "ლეგია" შეხვდა, რომელიც ასევე სტუმრად გატანილი გოლის წყალობით დატოვა ევროთასების მიღმა (0:0, 1:1).

ევროპა ლიგის ჯგუფში მოლდოველები "ჟლინთან", მოსკოვის "ლოკომოტივთან" და "კოპენჰაგენთან" ერთად მოხვდნენ.

მოლდოვის ჩემპიონმა "ჟლინთან" ერთი შეხვედრა ფრედ, 0:0 დაასრულა, მეორე 1:0 მოიგო. მოსკოვის "ლოკომოტივს" შინ ფრე, 1:1 ეთამაშა და სტუმრად 2:1 სძლია. "კოპენჰაგენთან" კი ფრე, 0:0 ითამაშა და მეორე შეხვედრაში 0:2 დამარცხდა. საბოლოოდ მესამე ადგილი დაიკავა და ევროპა ლიგას დაემშვიდობა.

კლუბი 1997 წელს ყოფილი პოლიციელის და კომპანია "შერიფის" თანამშრომლის, ვიქტორ გუშანის მიერ დაფუძნდა. "შერიფმა" ასპარეზობა მოლდოვის რანგით მეორე ჩემპიონატში დაიწყო, პირველსავე წელს პირველ ადგილზე გავიდა და უმაღლეს ლიგაში აღზევდა.

1999 წელს კლუბმა მოლდოვის თასის მოგება მოახერხა, ორი წლის შემდეგ კი უკვე ქვეყნის ჩემპიონობა დაისაკუთრა და ჩემპიონის სტატუსი 10 წლის მანძილზე შეინარჩუნა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ტირასპოლის "შერიფი" გახდა პირველი მოლდოვური კლუბი, რომელმაც შემადგენლობაში ბრაზილიელი და აფრიკელი ლეგიონერები აიყვანა.

კლუბმა არსებობის მანძილზე ოთხჯერ შეძლო ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა. პირველად მოლდოვური კლუბი 2009-10 წლების სეზონში ჯგუფში საკმაოდ რთულ მეტოქეებთან, ბუქარესტის "სტიაუასთან", "ტვენტესა" და "ფენერბაჰჩესთან" მოხვდა. მაშინ "შერიფმა" 5 ქულით მე-3 ადგილი დაიკავა და ასპარეზობას გამოეთიშა.

მომდევნო წელს "შერიფი" კვლავ გავიდა ჯგუფურ ეტაპზე და ამჯერადაც ძლიერი მეტოქეები შეხვდა - კიევის "დინამო", ბორისოვის ბატე და "ალკმაარი". მოლდოველებმა 5 ქულით ბოლო ადგილი დაიკავეს.

მესამედ ევროპის ლიგის ჯგუფში მოხვდა 2013-14 წლების გათამაშებაში. მისი მეტოქეები იყვნენ "ტრომსე", "ანჟი" და "ტოტენჰემი". მოლდოვური კლუბი კვლავ პლეი-ოფის გარეშე დარჩა და 6 ქულით მე-3 ადგილი დაიკავა.

მეოთხედ კი - წინა წელს, რომლის შესახებ ზემოთ მოგახსენეთ.

კლუბის სტადიონი
კლუბი ამავე სახელწოდების არენაზე თამაშობს - "შერიფის" სტადიონი. აღნიშნული არენა 12.746 ადამიანს იტევს. ქალაქ ტირასპოლში კი 133 000 ადამიანი ცხოვრობს.

Sportall.Ge

რა ძალას წარმოადგენს დღეს "შერიფი"?

კლუბის ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულების ჯამი "ტრანსფერმარკეტზე" 10.40 მილიონია, რაც "ტორპედოსთან" შედარებით თითქმის ორჯერ მეტია - ქართული კლუბის ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულების ჯამი 4.90 მილიონი ევროა. "შერიფი" ძირითადად ლეგიონერებით არის დაკომპლექტებული, ადგილობრივი ფეხბურთელებიდან საშუალოდ 3-4-ს უწევს ძირითადში თამაში.

"შერიფს" ძირითადი შევსება ზამთარში ჰქონდა, როცა დაახლოებით რვა ფეხბურთელი დაიმატეს. 

გუნდს დიდი შემტევი პოტენციალი აქვს. ფლანგებზე ბელგიელი ლეგიონერი ზიგუი ბადიბანგა და ბრაზილიელი ჯაირო და სილვა (იჯარით "პაოკიდან") თამაშობენ. მიმდინარე სეზონში გუნდის მთავარი ბომბარდირი სიერალიონელი ფორვარდი ალჰაჯი კამარაა (10 შეხვედრაში 6 გოლი). გამოსარჩევია ვიტალიე დამასჩანი (იჯარით "ტორინოდან").

"შერიფს" არც დაცვა დაეწუნება, რომელიც ასევე ლეგიონერებით არის დაკომპლექტებული. გამოსარჩევია კაპიტანი ბოსნიელი მატეო სუსიჩი, რომელიც ამავდროულად, ბოსნიის ნაკრების წევრია. კარგია ბრაზილიელი კრისტიანოც და ადგილობრივი ანტე კულუსიჩიც.

შედარებით სუსტი რგოლი მეკარეა, ზამთარში დამატებული ზვონომირ მიკულიჩი ვერ ბრწყინავს და არც 35 წლის მოლდოველი პასჩენჩოასი არის სტაბილური.

“შერიფის” დირექტორი ქართველი ვაჟა თარხნიშვილია, რომელიც ამავე კლუბის ლეგენდად ითვლება. თარხნიშვილმა 1999 წლიდან 2012 წლის ჩათვლით ითამაშა “შერიფში” და ამ კლუბს კაპიტნობდა კიდეც.

საერთო ჯამში, მეტოქე ურიგო შთაბეჭდილებას არ ტოვებს და იმერლებს ძალიან  გაუჭირდებათ, თუმცა ბურთი მრგვალია, ყველაფერი კახა ჩხეტიანის და მისი გუნდის ტაქტიკურ ანალიზზე, მომზადებასა და სიძლიერეზე იქნება დამოკიდებული.

altკახა ჩხეტიანი: ერთი სიტყვით, "შერიფი" რთული მეტოქეა!

altვის შეხვდებიან ქართველი ლეგიონერების კლუბები ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე

მკითხველის კომენტარები / 5 /
აი საქმეც ეგ არის, რომ მოლდავეთის ჩემპიონატში გამოდის სეპარატისტული რეგიონიდან. ეს იმას ნიშნავს, სოხუმის "დინამო" საქართველოს ჩემპიონატში გამოდიოდეს და ჩემპიონი ხდებოდეს. ე.ი. მაგაშიც წინ არიან ჩვენზე.
ღუტუნა
12:02 20-06-2018
0
ფიფიას რომ აჩვენოთ ვინმემ ეს სტატია, მგონი შესაძლებელი ყოფილა ხომ თუ ფულს დახარჯავ მოხვდე ევროპის ლიგაზე მიუხედავად იმისა რომელ ჩემპიონატში თამაშობ!
დინამო
11:27 20-06-2018
0

სიახლეები პოპულარული