გადახალისებულმა "სამტრედიამ" თავიდანვე შეუზღუდა სამოქმედო არეალი მეტოქეს, გასაქანი არ მისცა და მომენტები თითქმის არ იქმნებოდა. ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა დებიუტში მასპინძლებს ჰქონდათ, მაგრამ ვერ გამოიყენეს. პირველი დარტყმა კი სტუმრებმა 34-ე წუთზე განახორციელეს - კანკავას გოლის გატანა პოგორილიმ არ დაანება.
გაუსაძლის სიცხეში მიმდინარე მატჩში, რამაც თამაშს დაღი დაასვა, მეორე ტაიმშიც არ შეცვლილა თამაშის სურათი. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, "სამტრედიისგან" მეტის მოლოდინი არც არსებობდა. რაც შეეხება ყაზახურ გუნდს, მართალი გითხრათ, მისგან მეტს ველოდით, რადგან წინასასეზონო შეკრებაც გაიარა, ჩემპიონატის 17 ტურიც ჩაატარა, სტაბილური შემადგენლობით ასპარეზობს და "მიხეილ მესხზე" ერთობ უსახურად გამოიყურებოდა.
შესვენების შემდეგ "ტობოლი" უკეთესი ფიზიკური მომზადების ხარჯზე დაეუფლა ინიციატივას და 52-ე წუთზე ტურისბეკმა, რომელიც მეკარის პირისპირ აღმოჩნდა და ხელსაც არავინ უშლიდა, მოახერხა და ბურთი კარს ააცილა. მერე მისი უხეიროდ დარტყმული ბურთი გოლკიპერმა აიღო. ამის შემდეგ სტუმრებმა ორჯერ უშედეგოდ სცადეს შორიდან საჯარიმოდან პოგორილის კარის დალაშქვრა, ბოლოს "სამტრედიამ" შეუტია კიდეც და ბოლოს სრულიად ალოგიკური გოლი გაუშვა და წააგო.
"ტობოლის" მწვრთნელი: ასეთ დაძაბულ მატჩს არ ველოდით
გია ცეცაძე: ჩვენი მეტოქე ფიზიკურად ძალიან კარგად იყო მომზადებული
თბილისი. "მიხეილ მესხი"
სამტრედია - ტობოლი 0:1
გოლი: ფედინი (90+4)
სამტრედია: პოგორილი, გურული, მამასახლისი, გი, მაქაცარაია, ბაჩიაშვილი, ფანცულაია (კუჭუხიძე 72), ჩაჩუა (კერძევაძე 85),
ტობოლი: ნეპოგოდოვი, კასაი, ზულპა, დმიტრიენკო, მიროშნიჩენკო, კანკავა, კვეკვესკირი, ფედინი, ნუსერბაიევი (ზარინბეტოვი 87), ტურისბეკი (მოლდაკარაევი 79), ნურგალიევი