ირაკლი ძარიას "კუკეში" - რას წარმოადგენს "ტორპედოს" მეტოქე? [VIDEO]

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედომ" ორი შეხვედრის ჯამში "ვიკინგურის" დამარცხებით ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლა გაინაღდა.

მას მეტოქედ ალბანური კლუბი "კუკეში" ერგო, რომელსაც 9 აგვისტოს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდება, საპასუხო შეხვედრას კი 16 აგვისტოს ალბანეთში გამართავს. 

altქუთაისის "ტორპედომ" "ვიკინგური" ფარერების კუნძულებზეც გაანადგურა [VIDEO]

ცოტა რამ "კუკეშის" შესახებ
ალბანური კლუბი 1930 წელს დაარსდა, თუმცა 2012 წლამდე უმაღლეს დივიზიონში არასდროს უასპარეზია. "კუკეშმა" უმაღლეს დივიზიონში გადასვლიდან მალევე შეძლო სამჯერ ვერცხლის მედლების მოპოვება.

წინა წელს ისინი ჩემპიონები გახდნენ, ხოლო წელს მეორე ადგილზე გავიდნენ. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩემპიონი "შკენდერბეუ"

ევროთასებიდან 10 წლით მოკვეთეს, ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება "კუკეშს" მისცეს. 

2017 წელი "კუკეშისთვის" სადებიუტო იყო ჩემპიონთა ლიგის შესარჩევში, სადაც პირველ ეტაპზე "ტორპედოსთვის" კარგად ნაცნობი "შერიფი" შეხვდა. პირველი მატჩში შინ 2:1 იმარჯვეს, თუმცა გასვლაზე 0:1 დამარცხდნენ და ევროტურნირებს გამოეთიშნენ.

წელს მათი პირველი მეტოქე ჩემპიონთა ლიგის შესარჩევში მალტის "ვალეტა" იყო, რომელსაც შინ ფრედ, 0:0 ეთამაშნენ და გასვლაზე შედეგიანი ფრის (1:1) წყალობით გავიდნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ გადამწყვეტი გოლის ავტორი ირაკლი ძარია გახდა.



altირაკლი ძარიამ "კუკეში" ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპზე გაიყვანა

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე აზერბაიჯანულ "ყარაბაღს" შეხვდნენ, შინ 0:0 ითამაშეს და სტუმრად 0:3 დამარცხდნენ. გთავაზობთ შეხვედრის ვიდეომიმოხილვას.




კლუბის მაქსიმუმი ევროტურნირებზე ასპარეზობის პერიოდში ევროპა ლიგის პლეი-ოფი იყო, ისიც 2014 წელს - "ტრაბზონსპორის" ბარიერი ვერ გადალახეს.

"კუკეში" უეფას საკლუბო რეიტინგში 217-ე ადგილს იკავებს, ერთი საფეხურით წინ იმყოფება თბილისის "დინამოსთან" შედარებით. ქუთაისის "ტორპედო" რეიტინგში ამ ეტაპზე 404-ე გუნდია.

ალბანეთის ჩემპიონატს "კუკეში" 19 აგვისტოს "ლაჩთან" დაპირისპირებით ხსნის.

ქალაქი, სტადიონი
კლუბი ამავე სახელწოდების ქალაქს ეკუთვნის. ბოლო მონაცემებით, კუკეშის მოსახლეობა 16 719 ადამიანს შეადგენს. ისინი ალბანეთის სუპერლიგაში ზექირ იემერის სტადიონზე თამაშობენ, რომელიც 5500 ადამიანს იტევს. თუმცა სტადიონი უეფას მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და ევროტურნირებზე კლუბი სხვა ქალაქში თამაშობს.

Sportall.Ge

"კუკეში" "ყარაბაღს" შკოდარში დაუპირისპირდა. ამ ქალაქში საკმაოდ კარგი, 4-ვარსკვლავიანი სტადიონი აქვთ, რომელსაც "ლორო ბორიჩის არენა" ეწოდება და 16 000 ადამიანს იტევს. მიუხედავად ამისა, 135 000-იან ქალაქში "კუკეშის" შეხვედრას მხოლოდ 700 ადამიანი დაესწრო.

Sportall.Ge

რა ძალას წარმოადგენს "კუკეში"?
დავიწყოთ იმით, რომ ალბანურ კლუბში 29 წლის ქართველი ნახევარმცველი ირაკლი ძარია თამაშობს, რომელიც წელს, ზამთარში გორის "დილადან" შეუერთდა.

კლუბში 13 ლეგიონერია და 3 მათგანი ნაკრებში თამაშობს (რეჯინალდო - მოზამბიკი, ბესარ მუსოლი და ფატონ მალოკუ - კოსოვო).

კლუბის ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულება "ტრანსფერმარკეტზე" 6,38 მილიონ ევროს შეადგენს, "ტორპედოს" ღირებულება 5.33 მილიონი ევროა. კლუბის ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი 600 000 ევროდ შეფასებული ბრაზილიელი მარჯვენა მცველი ვილიამ კორდეიროა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კლუბმა ამ ზაფხულს ერთბაშად 13 ფეხბურთელი დაიმატა და შეთამაშების სერიოზული პრობლემა აქვთ. მათ სატრანსფერო პერიოდში წინა სეზონის მთავარი ბომბარდირებიც დაკარგეს და რამდენიმე გამორჩეულმა ფეხბურთელმაც დატოვა გუნდი.

ამავდროულად, გუნდს გარკვეული პრობლემები ძირითად შემადგენლობაში აქვს. "ყარაბაღთან" შეხვედრაში წითელი მიიღო ალბანელმა მცველმა ალბი ალამ და "ტორპედოსთან" შეხვედრას გამოტოვებს.

რაც შეეხება მეკარეს, "კუკეშის" კარს 27 წლის ალბანელი სტივი ფრაშერი იცავს, რომელიც წინა წელს მხოლოდ 9-ჯერ მოხვდა ძირითად შემადგენლობაში. კლუბმა ახალი მეკარეც დაიმატა, 27 წლის კოსოვოელი ფატონ მალოკუ, რომელსაც დებიუტი ჯერ არ ჰქონია.

ალბანურ გუნდს 34 წლის ადგილობრივი მცველი ილი შამეტი კაპიტნობს.

მოლოდინი

პირდაპირ უნდა ითქვას, ქუთაისის "ტორპედომ" ეს ბარიერი უნდა გადალახოს! "კუკეში" არ არის ის გუნდი, რომლის დამარცხება ჩვენს ჩემპიონს არ შეუძლია. ქუთაისელებს გაცილებით უკეთესი შემადგენლობა ჰყავთ და მეტოქესთან შედარებით ბევრად დაბალანსებულია. ამიტომ "ტორპედოსგან" მხოლოდ გამარჯვებას ველით.
მკითხველის კომენტარები / 10 /
მოსახლეობა კიარ გაიზარდა ბათუმის საზღვრები შეიცვალა ქალაქის ხელვაჩაურის ხარჯზედა აქედან გამომდინარეა რაოდენობის მატება თორე ისე პირიქით შემცირებულია მოსახლეობა საერთო ჯამში სადღაც ორმოცი ათასით საერთოდ აჭარაში 333 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს აქედან 182 ათასი ქრისტიანია ხოლო 132 ათასი მუსლიმი ბათუმის მოსახლეობა 154 ათასია მიახლოებით.თორე მთლიანად მოსახლეობა აჭარის პირიქით შემცირებულია. ეგ 2014 წლის მონაცემევბია და არამგონია ძალიან შეცვლილიყო ეს მონაცემები.რაც შეეხება სტადიონს ბათუმს და თბილის კიარა ყველა ქალაქს უნდა ქონდეს ნორმალური სტადიონი მომთაბარეებივით როარ იტორღიალონ აქეთ იქეთ.
qutaiseli
14:51 06-08-2018
0
და ბათუმის დინამოს სტადიონს რას უწუნებს? საქართველოში პირველი თანამედროვე სტადიონი იქნება მსოფლიო კლასის.ეს ამ ქალაქმა და ბათუმელებმა დავიმსახურეთ. მე2 ქალაქი ვართ ბოლოსდაბოლოს
მართალი
23:34 04-08-2018
0

სიახლეები პოპულარული