ნიჭით, შრომით და ბავშვური შეცდომებით "ტორპედო" ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპისკენ მიიწევს

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/FCTorpedoKutaisi1946/

ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ მატჩში "ტორპედოს" "კუკეშთან" გამარჯვებამ გაორებული შთაბეჭდილება მოახდინა. ერთი მხრივ, სამბურთიანი ფორით მოგება კარგია, მაგრამ იმდენი შეცდომა იქნა დაშვებული, რომ ოდნავ უფრო ძლიერი გუნდი ქუთაისელებს ამას არ აპატიებდა და მკაცრად დასჯიდა.

რა თქმა უნდა, ასეთი ფინანსური შესაძლებლობებით ქართული გუნდები ევროტურნირებზე სერიოზულ წარმატებებს ვერ მიაღწევენ, მაგრამ ფეხბურთელების ბუნებრივი ნიჭით, რაც გენეტიკური გახლავთ, შეუძლიათ უფრო უკეთ იასპარეზონ. თანაც, გაცილებით უკეთ, მაგრამ ამას კლუბების პატრონთა უფრო სწორი მენეჯმენტი სჭირდება.

ვერ გავიგე, რა უბედურებაა გაგანია შუა სეზონში,
ზედ ევროტურნირების დაწყების წინ გუნდების ლამის სრულად გადახალისება? გუნდის მშენებლობას ხომ დრო სჭირდება, ფეხბურთელებს შეთამაშება, კომბინაციებს დამუშავება და ა.შ. მერე მწვრთნელები ჩივიან, რომ ეს ახალი გუნდია და მისი მშენებლობა ახლაღა იწყება. თქვე დალოცვილებო, დაგეწყოთ ეს პროცესი  სეზონის დასაწყისში და არ აღმოჩნდებოდით ასეთ ფორსმაჟორულ ვითარებაში.

მაპატიეთ, მაგრამ აქ რაღაც დილეტანტიზმის ნიშნები შეინიშნება და ისმის სრულიად ლოგიკური კითხვა - თუ თქვენი თავი არ გეცოდებათ, გულშემატკივარს რას ერჩით? ან საკუთარ თავს რატომ ვნებთ და ან საკუთარ ჯიბეს რატომ არ უფრთხილდებით? ფეხბურთი ხომ დიდი ბიზნესია და ლამაზად საქმის კეთებაც შეიძლება და ფულის შოვნაც. თუმცა, ამას შნო უნდა და მარიფათი, ყველაფრის სწორად განსაზღვრა და განხორციელება. ეს "ტორპედოს" კი არა, არამედ საერთოდ, ქართულ ფეხბურთს ეხება, თორემ ქუთაისურმა გუნდმა შემადგენლობაც შეინარჩუნა და გაძლიერდა კიდეც. თუმცა, სჯობდა სეზონის დაწყებისას გაძლიერებულიყო.

ან ამ ზოგიერთი არაფრის მაქნისი ლეგიონერის ჩამოყვანა რას ჰგავს - ეს სნობიზმია თუ სხვა რამ?.. გასაგებია, კარგი ფეხბურთელი სატრანსფერო ბაზარზე ოთუს ბირი ღირს, მაგრამ თუ შენი სჯობს სხვისას, რაღა ის გადამთიელი მოგყავს, შენსას მიეცი თავის გამოჩენის შესაძლებლობა.

altლამაზად, ტექნიკურად, დამაჯერებლად - "ტორპედომ" ჭირვეული "კუკეში" გაანადგურა [VIDEO]

ახლა უშუალოდ გუშინდელ მატჩს დავუბრუნდეთ. თამაშიდან თამაშამდე უმატებს "ტორპედო". ეს თვალნათელია და მართალი გითხრათ, ამას არ ველოდი. კახა ჩხეტიანს ხელი დაუტყვია გუნდისთვის და უდავოდ ქების ღირსია. გუნდი იბრძვის, თამაშობს ლამაზად, კომბინაციურად, თავსაც უნარიანად იცავს და ბავშვურ შეცდომებსაც უშვებს. უპატიებელ შეცდომებს. ეს ასეთ გუნდს არ ეკადრება. თუმცა, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ჩხეტიანს ცაიტნოტში უწევს მუშაობა (ოჰ, ისევ ეს ცაიტნოტი!).

მოიგერიეს რა ქუთათურებმა სტუმართა სასტარტო შეტევა, იერიშები მიიტანეს მეტოქის კარზე და ორი ჩინებული გოლი გაიტანეს. გამოჩნდა მოწინააღმდეგესთან მათი უპირატესობა კლასში. ვერაფერს იტყვი, დიდებულად გაისარჯა გიორგი კუხიანიძე, მაგრამ რად გინდა, საპასუხო გოლი გავუშვით და ალბანელთა ლეგიონერი ფორვარდი რეჯინალდო ოდნავ მაღალი დონის ფეხბურთელი რომ იყოს, მეორე გოლსაც გაიტანდა და ანგარიშს გაათანაბრებდა. მოკლედ, მთელი ნაშრომი და მოპოვებული უპირატესობა წყალში გადაიყრებოდა.

შემდეგ ისევ კუხიანიძემ ივარგა, ლაზარ მარინს თქვენი მოწონებული პასი გაუკეთა და ანგარიში 3:1 გახდა. ცოტა ხანში კი გიორგი ქიმაძემ ყუმბარისებური, იშვიათი სილამაზის დარტყმით მეოთხედ დაამწუხრა "კუკეში".

მეორე ტაიმში ჩხეტიანმა სტრატეგია შეცვალა და აბსოლუტურად სწორადაც მოიქცა. მისმა ამ სვლამაც სასიამოვნოდ გამაკვირვა. ეს არ იყო მოპოვებული ჰანდიკაპის შენარჩუნება, არამედ იყო სწორად გათვლილი პრაქტიკული ნაბიჯი. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მეტოქე იძულებული იყო, შეეტია და აი, აქ უნდა დაეჭირა და საბოლოოდ მოეთავებინა მისთვის საქმე "ტორპედოს". მიეცა კიდეც ამის შანსი, მაგრამ მილოშ ლაჩნიმ ვერ გამოიყენა - ბურთი ხარიხას გაარტყა.

სამაგიეროდ, გამოიყენა ლაჩნის ნაცვლად შეცვლაზე შესულმა თორნიკე კაპანაძემ. ეს მომენტი მას არ შექმნია, მან თავად შექმნა და სხვა რომ არაფერი, მხოლოდ ამისათვის ღირდა ამ თამაშის ყურება. მან დაინახა, რომ ალბანელი მცველები ერთ ხაზზე იდგნენ, ვითარება სწრაფად შეაფასა, გადაწყვეტილება მიიღო, ბურთი წინ გაიგდო, მეკარესთან პირისპირ გაიჭრა და ბრწყინვალე გოლი გაიტანა. აი, ესაა ფეხბურთი, აი, ესაა თამაში, აი, ესაა ქართველი ფეხბურთელის ტექნიკური უპირატესობა მეტოქესთან.

Sportall.Ge

და რაც ბოლოს "ტორპედომ" ჩაიდინა, ამას არავითარი გამართლება არა აქვს - საქმე მოთავებულად ჩათვალა და მოეშვა. მერე მსაჯმა "კუკეშს" პენალტი აჩუქა, ბოლოს როინ კვასხვაძემ შესანიშნავ ნახტომში მოიგერია ალბანელი თავდამსხმელის ლამაზი მაკრატელა, ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წიმ ამავე ფორვარდის დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს და მოკლედ, გადავრჩით.

შეხვედრის ბოლოს თამაში ქუჩის ფეხბურთს დაემსგავსა, ასე ვთქვათ, აიჭრა და კიდევ კარგი, საფინალო სასტვენმაც სულზე მოგვისწრო. საქმისადმი ასეთი მიდგომა არ ეკადრება "ტორპედოს" და როგორც ზემოთ აღვნიშნე, ოდნავ უკეთესი გუნდი ამას არ გაპატიებს.

ალბანეთში ჩხეტიანის კრებული სამბურთიანი ფორით მიემგზავრება. დარწმუნებული ვარ, იქ სულ სხვანაირად ითამაშებს და შემდეგ ეტაპზე გავა, სადაც უფრო ძლიერ მოწინააღმდეგეს შეხვდება. იქამდე კიდევ დროა, გუნდი კიდევ უფრო შეთამაშდება და რაც გუშინ პოზიტიური დაგვანახეს, ეს პროგრესია, კიდევ პერსპექტივა და ტექნიკური, გენეტიკური უპირატესობა (იმედია, ამას გადაჭარბებაში არ ჩამითვლით, რადგან ფაქტია) და ცოტა მეტი დრო რომ ჰქონოდათ ახალ ლეგიონერებს გუნდთან შესათამაშებლად, "შერიფთანაც" არ დამარცხდებოდა.

რაც მთავარია, გუნდი შრომობს, თავს არ ზოგავს, ლამაზად თამაშობს, გააზრებულად. ეს უდავოდ დასაფასებელია. იმედია, წუნსაც აღმოფხვრის და წარმატებასაც მიაღწევს. ეს ნიჭიერი ბიჭები და მათი დამრიგებელი ამას იმსახურებენ.


alt5 და მეტი - ქართული გუნდების დიდი ანგარიშით გამარჯვებები ევროთასებზე


alt"კუკეშის" ფანები "ბარსელონა"-პსჟ-ის შეხვედრას იხსენებენ და შემდეგ ეტაპზე გასვლის იმედი აქვთ


მკითხველის კომენტარები / 23 /
ავტორს ვეთანხმები ყველაფერში გარდა იმისა რითიც დაიწყო. ყველა ქართული გუნდი ფეხბურთელებს ევროტურნირების წინ იმატებს, რადგან მანამდე რომ დაიმატოს, ამას ფინანსები ჭირდება. ტორპედოს ვფიქრობ კარგი და პოტენციური ლეგიონერები ყავს შერჩეული და ისინი მოუმატებენ. რაც მთავარია მონდომება ეტყობათ. ძალიან მომწონს დაფე, სწრაფი და ტექნიკური ჩანს. წინ ტორპედო! 5 თამაშიდან 4 მოიგეთ, ყოჩაღ. იქნებ მე-5 მოგებითაც გაგვახაროთ, მაგრამ არამც და არამც არ ჩათვალოთ თავი მომდევნო ეტაპზე. ბრძოლაა საჭირო ალბანეთშიც.
dato
00:45 12-08-2018
1
პირველ ტაიმში კარგები იყვნენ მარა მეორე ტაიმში დაეწყოთ ფიზიკური მოუმზადებლობა ერთი ტაიმში გუნდი ევროპაზე ვერაფერს გახდება დაცვაზე არავინ ფიქრობდა კიდევ კარგი ალბანელებით სიზუსტე აკლდათ თორემ უფრო სხვანაირი ანგარიშით დამთავრდებოდა მსაჯმა ერთი გოლი აჩუქა ეს რომ ყოფილიყო მსოფლიო ჩემპიონატზე პენალტი არდაინიშნებოდს და რაც შეიძლება მაყურებლების უკმარისობა ქუთაისი ერთი მოღუნული სტადიონი რატომ არ უნდა ჰქონდეს რა გახდა კობიაშვილი პირდებოდა ყველას ათი ახალი სტადიონის და რუსები მაინც მოაწესრიგეთ რომელიც არის თოარა მალე მეზობელ ქვეყანაში მოგიწევთ თამაში
ამირანი
10:52 11-08-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული