სფფ დასავლეთ საქართველოს სტუმრობს და ფეხბურთის განვითარებაზე ზრუნავს

AutoSharing Option
საქართველოა ფეხბურთის ფედერაციის დელეგაცია, პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის ხელმძღვანელობით, 21 აგვისტოს იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმს ესტუმრა. ვიზიტი ქვედა სიმონეთში დაიწყო, სადაც ფედერაციის პროექტის - სოფლის მოედნების რეაბილიტაციის ფარგლებში პირველი საჯარო სკოლის ფეხბურთის მოედანი განახლდა. ლევან კობიაშვილი და კახა ჭუმბურიძე ადგილობრივ ახალგაზრდა ფეხბურთელებს და მოყვარულებს შეხვდნენ და საჩუქრად ბურთები, მაისურები და სხვა სპორტული ეკიპირება გადასცეს.

ფეხბურთი ყველას - სწორედ ამ მიდგომით, იმერეთის შემდეგ, შეხვედრა ცაგერის ბავშვთა საფეხბურთო გუნდებთან შედგა.
ლეჩხუმელმა პატარა ფეხბურთელებმა საჩუქრების მიღების შემდეგ ლევან კობიაშვილს სხვადასხვა შეკითხვა დაუსვეს და სამახსოვრო ავტოგრაფები
მიიღეს.

ვიზიტი ამბროლაურში გაგრძელდა, სადაც ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დაფინანაებით ორგანიზებული მოყვარულთა ადგილობრივი ჩემპიონატის ფინალი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს ამბროლაურისა და სოფელ მუხლის გუნდები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა საუცხოო გულშემატკივრობის ფონზე წარიმართა და ამბროლაურის გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ფინალის გოლის ავტორს გიორგი ფანჩულიძეს საკუთარი მაისური გადასცა, გამოვლინდა ფინალის გამორჩეული მოთამაშეც - ეროვნული ნაკრების მაისური სოფელი მუხლის გუნდის მოთამაშემ - თორნიკე კირკიტაძემ დაიმსახურა.

დღის ბოლოს, ხვანჭკარაში ადგილობრივი თასის ფინალი გაიმართა, რომელსაც უკვე რამდენიმე წელია, ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით, რაჭველები აორგანიზებენ. ხვანჭკარას თასის ფინალი რაჭაში გარდაცვლილ ახალგაზრდებს მიეძღვნათ. რეგიონში ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის თასის ორგანიზატორები - ძმები სარდანაშვილები საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურებით დაჯილდოვდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, 22 აგვისტოს ფეხბურთის ფედერაციის დელეგაცია ამბროლაურის მშენებარე მოედნებს მოინახულებს.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული