მას Playstation-ის შეძენა სურდა, ამ ოცნების ასრულებაში კი მას საქართველოს ნაკრების და "ემპოლის" ფორვარდი ლევან მჭედლიძე დაეხმარა.
გიორგი საჩუქრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და მეგობრებს საკუთარ ემოციებს უზიარებს.
"არც კი ვიცი, როგორ დავიწყო...
ალბათ, ყველას გსმენიათ ჩემი პოსტის შესახებ, რომელიც დაახლოებით 10 დღის წინ დავწერე "ფეისბუქზე", სადაც Playstation 4-სთვის ვაგროვებდი თანხას და დახმარებას გთხოვდით.
სიმართლე გითხრათ, დიდ გამოხმაურებას არ ველოდი, რადგან ისეთი შინაარსის პოსტი იყო,
პირველი დონაციის ავტორებიც ჩემი "ფეისბუქმეგობრები იყვნენ", როგორც უცნობი, ისე ნაცნობი. შემდეგ იყო სრულიად უცხო ადამიანების მიერ განხორციელებული დონაციები. ერთი სიტყვით, იქამდე მივედი, რომ თანხის 30% შეგროვებული მქონდა, კეთილი ადამიანების დახმარებით.
არ ვფიქრობდი, რომ "ინსტაგრამზეც" განმეთავსებინა იგივე შინაარსის პოსტი, რადგან მცირე რაოდენობის გამომწერი მყავდა, თუმცა მაინც დავდე. ვიფიქრე: ცდა ბედის მონახევრეა-მეთქი და ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები მოვნიშნე პოსტზე.
პოსტის დადებიდან რამდენიმე წუთში ასეთი შინაარსის pop-up-ს ვხედავ ტელეფონში: "შეგიძლია წაშალო პოს..." ბოლო სიტყვის დასასრული აღარ ჩანდა. არც პირველადი წერილი ჩანდა. წერილის ავტორი, არც მეტი, არც ნაკლები, ლევან მჭედლიძე იყო. დიახ, მეგობრებო, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების და იტალიური "ემპოლის" თავდამსხმელი, ლევან მჭედლიძე.
თავდაპირველად, ცოტა შოკში ჩავვარდი, რადგან ასეთი პიროვნებისგან მივიღე მსგავსი შემცველობის წერილი და ვიფიქრე, რომ უბრალოდ არ სურდა, ამ პოსტზე ყოფილიყო მონიშნული, მაგრამ 180 გრადუსით შემომიტრიალდა გონებაში ყველაფერი, როდესაც მთლიანად გავხსენი მისი წერილი.
"მე გაჩუქებ, თბილისში მაქვს. დავურეკავ და მოგაწვდიან. შეგიძლია წაშალო პოსტი." - @mchedlidze_l9
პირველი, რაც მომივიდა თავში, იყო ის, რომ ვიღაც ძალიან მწარედ მეხუმრებოდა და ეს ყველაფერი არარეალური იყო. არ ვუჯერებდი ოფიციალურ badge-ს, რომელიც მხოლოდ ოფიციალურ პირებს ენიჭებათ სოციალურ ქსელებში. რამდენჯერმე შევამოწმე მისი პროფაილი და გამომწერთა რაოდენობა.
როდესაც მიკროინფარქტი გადავიტანე, მაგიდას სამჯერ დავარტყი თავი, ბალიში ძაღლივით გავიგდე წიხლქვეშ და ოთახში დებილივით სიარულს მოვრჩი. ვეცადე, ადეკვატურად გამეცა პასუხი და ყველაფერზე შევთანხმდით.
იმ ღამეს ძლივს დავიძინე. ყველაფერზე ვფიქრობდი. პირველ რიგში, ჩემს შეყვარებულს, მარიამს ვახარე, რომელსაც ეძინა და გამთენიისას ნახავდა. შემდეგ 10 წლის წინანდელი ამბავიც გამახსენდა, როდესაც მისი "პალერმოში" ნათამაშები მაისური ვთხოვე მეგობარს, არ მაჩუქა და ვიტირე. შემდეგ, როგორ ვგულშემატკივრობდი მუდამ, ნებისმიერ მატჩში და განვიცდიდი ტრავმებს, რომელიც დღემდე ხელს უშლის მისი ნიჭის რეალიზებაში, რომელსაც ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ მოედანზე, ნებისმიერი ოპონენტის წინააღმდეგ ამტკიცებს, ეს იქნება "იუვენტუსი" და ბუფონი თუ "მილანი" და ბუფონის მემკვიდრე - დონარუმა.
ბოლომდე არ მჯეროდა, ამ დონის ფეხბურთელს და სულ რომ არაფერს, სრულიად უცხო ადამიანს, გაეკეთებინა ასეთი საჩუქარი. როგორ შეეძლო გაემეტებინა პირადი ნივთი, რომელიც ასეთი ფუფუნების საგანია, ისეთი პიროვნებისთვის, როგორიც ვარ - მე.
მეორე დღეს ვიდეოს ვიღებ მისგან. სამწუხაროდ, მხოლოდ ერთხელ შეიძლება გახსნა და ვერ ვტვირთავ. ასეთია "ინსტაგრამის" წესი და ამით დასრულდა იმაზე ფიქრი, რომ ვიღაც მწარედ მეხუმრებოდა. ვიდეოში მითხრა, რომ მისი ოჯახის წევრები ქალაქში არ იმყოფებოდნენ და მომდევნო დღეებში დამიკავშირდებოდნენ.
ის დღეებიც გავიდა. არავის დაურეკავს და როგორც მეოცნებე ადამიანს, რომელსაც ჰპირდებიან ოცნების ასრულებას, შიშებმა ამიტანა. ყველაფერი ვიფიქრე, შეშლილი საკონტაქტო ნომრიდან, რომელიც ასჯერ მაინც შევამოწმე, გონებიდან ამოვარდნით დასრულებული. როგორი ადამიანიც უნდა ვიყოთ, ყველას გვაქვს საფიქრალი და ბევრად დიდი ამბებიც გვავიწყდება, მაგრამ ტყუილი არც ერთ წამს მიფიქრია.
გონებაში სულ ვამბობდი, რომ შეუძლებელია ასეთი დაპირების აუსრულებლობა და ტყუილი ისეთი ადამიანისგან, როგორიც ლევან მჭედლიძეა, რადგან არაერთხელ მქონდა მოსმენილი მასზე კარგი ისტორიები და მიუხედავად იმისა, რომ პირადად არ ვიცნობდი, კარგი წარმოდგენა მქონდა მის პიროვნულ თვისებებზე.
ეროვნული ნაკრების მატჩის დღე იყო. ლატვიასთან, პირველი ტაიმის დამაჯერებლად გამარჯვების შემდეგ, თავს უფლება მივეცი და წარმატებაც მივულოცე.
იქამდე ბრძოლა მქონდა საკუთარ თავთან. მეკითხა თუ არა რაიმე მასზე. ვაჯობე საკუთარ თავს და ვკითხე, ხომ სწორად ჩაიწერეს ნომერი და სხვას ხომ არ დაუკავშირდნენ (არ მესმის, რატომ გამიჩნდა ეს კითხვა :D )
მისგან პირობა მივიღე, რომ კვირას, ანუ დღეს, მისიანები ქალაქში იქნებოდნენ და აუცილებლად დამიკავშირდებოდნენ. ეს დღეებიც ციხეში დატყვევებული პატიმარივით ვიყავი, რომელიც წუთებს ითვლის თავისუფლების ლოდინში.
საბოლოოდ, დღეს მისგან მივიღე ახალი წერილი, სადაც მისი მეგობრის ნომერი გამომიგზავნა, რომელსაც შევხვდი და მივიღე ნანატრი, მრავალჯერ ნაფიქრი საჩუქარი, რომელზეც ბავშვობიდან ვოცნებობდი.
Playstation 4 PRO, 1TB მოცულობის, საყვარელი თამაშის, FIFA 18-ის დისკით.
როდესაც დავდე და ჩავრთე, დავფიქრდი, რამდენად კეთილთვისებიანად არის მოწყობილი ეს სამყარო, მიუხედავად ათასი უბედურებისა, რომელიც ბავშვობიდან არ მაკლდა, რომ ბავშვობის ოცნებას მისრულებს, ბავშვობის ერთ-ერთი საყვარელი ქართველი ფეხბურთელი, რომლისთვისაც სრულიად უცხო პიროვნება ვარ.
ლევანზე კი, რა შემიძლია გითხრათ. უბრალოდ შეუძლებელია აღვწერო მისი ლოიალურობა, მისი კეთილსინდისიერება, დამოკიდებულება ადამიანებთან და რაც მთავარია, პატივისცემის ჩვენება. დანარჩენი მის ქმედებაში ითქმის.
ამ ამბის დაწერის წინაც დავაპირე შეთანხმება, რომ დამედო პოსტი, რომელზეც უარი მივიღე, რასაც ნამდვილად ველოდი. ლოგიკურია, ისეთ პიროვნებას, ადამიანს, როგორიც ლევანია, არ ენდომებოდა ამ ამბის საჯაროდ გავრცელება, მაგრამ სინდისი არ მომასვენებდა და საკუთარ თავთან დაუნახაობის გრძნობა, რომ ასეთ ამბავს არ დავწერდი და არ გავაგებინებდი ყველას!
მე კი, ჩემი მხრივ, რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ოცნებები სრულდება და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ოცნებაზე ფიქრს არ წყვეტ!
ლევან, კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა იმ ბედნიერებისთვის, რომელიც მე მომანიჭე და იცოდე, რომ ჩემი სახით, ამ ამბამდეც და ამ ამბის შემდეგაც, გეყოლება ადამიანი, რომელიც თავს გაწირავს შენთვის!" - წერს გიორგი ქოქიაშვილი Facebook-ზე.
Playstation-ის მსგავსი მოდელის ყიდვა თქვენც შეგიძლიათ. თუ მთლიანი თანხა არ გაქვთ ამ ბმულზე განვადებითაც ისარგებლეთ.
ლევან, შენს კაცობას გაუმარჯოს!!!