- "ფეხბურთის სიყვარულმა გადაალახინა ტრავმით გამოწვეული ბარიერები. ფეხბურთის გარეშე ვერ იარსებებს"
თორნიკე ოქრიაშვილი საქართველოს ნაკრების გამორჩეული ფეხბურთელია. ის მუდმივად ბოლომდე იხარჯება ნაკრების მაისურით და ამის გამო გულშემატკივრის მხრიდან სიმპათიითაც არის დაჯილდოებული.
ის ამჟამად "კრასნოდარის" ღირსებას იცავს, თუმცა მოედანზე გასვლას ჯერ ვერ ახერხებს, რადგან ტრავმა აქვს, მაგრამ არც ისეთი სერიოზული. სავარაუდოდ, თორნიკე მოედანს 2-3 კვირაში დაუბრუნდება.
საფეხბურთო კლუბ "კრასნოდარისა" და საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი ორი ვაჟის, 6 წლის ალექსანდრეს და 4 წლის დადის მამაა.
გვინდა, თორნიკე სხვა კუთხით გაგაცნოთ,
როგორც ჩვენთან საუბარში თორნიკეს მეუღლე ლიკა მუზაშვილი აღნიშნავს, ბიჭებს პატარა ასაკიდანვე შეეტყოთ ფეხბურთის მიმართ ინტერესი.
- ალექსანდრე წელს წავიდა სკოლაში. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთი ძალიან უყვარს, ჯერ დანამდვილებით ვერ ვიტყვით, საბოლოოდ ამ პროფესიაზე შეაჩერებს თუ არა არჩევანს, რადგან სხვა ინტერესებიც აქვს.
- თუ უყურებს მამის თამაშებს, თუნდაც ეკრანიდან?
- იმდენად ცელქია, რომ ერთ ადგილას ვერ დასვამ. ისე ძალიან ამაყობს, რომ მამა ფეხბურთელი ჰყავს. სკოლაში ყოველ დილით ბურთით მიდის და აღმოჩნდა, რომ მისი საუკეთესო მეგობარი ერთ-ერთი ფეხბურთელის შვილია.
- ლიკა, შენი გადმოსახედიდან რამდენად რთულია ფეხბურთელის ცოლობა?
- ჩემთვის პირადად არ არის რთული. სიმართლე გითხრათ, არ მესმის, რატომ მიაჩნიათ ფეხბურთელების ცოლობა სიძნელედ. ალბათ, იმიტომ, რომ წყვილებს ცალ-ცალკე ყოფნა უწევთ, ერთმანეთისგან შორს. თუმცა ჩვენ ხშირად ვართ ერთად.
- მის ყველა მატჩს ესწრებით?
- როცა კრასნოდარში ვარ, რა თქმა უნდა. თუ საქართველოშია თამაში, მით უმეტეს, მისი არცერთი თამაში არ გამომიტოვებია.
- აღნიშნე, რომ შენთვის არ არის ფეხბურთელის ცოლობა რთული. როგორ ფიქრობ, რამდენად მნიშვნელოვანია სპორტსმენის კარიერისთვის მეუღლის მხარდაჭერა?
- ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს მეუღლის თანადგომას. ჩემთვის პირველ ადგილზე თორნიკეს მხარდაჭერა დგას.
- ფეხბურთელებისთვის და ზოგადად, სპორტსმენებისთვის მთავარ პრობლემად ტრავმები მიიჩნევა. თავად თორნიკესაც არაერთხელ შეეხო ეს პრობლება. თუნდაც რომ გავიხსენოთ რუსეთის პრემიერლიგის მე-12 ტურის შეხვედრაში ჯვარედინი მყესების დაზიანება, რის გამოც რამდენიმე თვე ვერ შეძლო მოედანზე გამოსვლა. მსგავს სტრესულ შემოტევებს როგორ უმკლავდება?
- ჩვენ ამის შესახებ ბევრს ვსაუბრობთ. მართლაც რთული ეტაპის გავლა მოუწია, ძალიან შემაწუხებელი აღმოჩნდა მისთვის ტრავმები, თუმცა ეს ყველაფერი გადალახა და ახლა კარგ ფორმაშია.
- ხომ არ ჰქონია დაღლილობის განცდა, რის გამოც შესაძლოა ხელი ჩაექნია, თუნდაც ტრავმებით გამოწვეული დაბრკოლებების გამო?
- როგორც უკვე აღვნიშნე, ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა ტრავმების გამო. თითქოს ამ ყველაფრით გადაიღალა კიდეც, თუმცა სულ ამბობდა, რომ მე შევძლებ, ყველაფერს გავუმკლავდეო. ფეხბურთის სიყვარულმა გადაალახინა ტრავმით გამოწვეული ბარიერები. ფეხბურთის გარეშე ვერ იარსებებს.
- როგორი მეუღლე და მამაა, ხშირად განებივრებს სიურპრიზებით?
- ძალიან მზრუნველი ადამიანია. არასდროს არაფერი ავიწყდება. ძალიან მიყვარს ყვავილები და იმდენად ხშირად მჩუქნის, რომ ერთი კონკრეტული გამორჩეული შემთხვევის გახსენება მიძნელდება. მეც მიყვარს მისთვის სიურპრიზების გაკეთება, მაგრამ მასავით აქტიური არ ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ჩვენთან არ არის, მუდმივად ინტერესდება ალექსანდრეს სკოლის დღის წესრიგით. ძალიან განიცდის იმას, რომ ჩვენგან შორს არის და ამიტომ სულ ცდილობს, მაქსიმალური ინფორმაცია მიიღოს ჩვენგან.
- თქვენს ცხოვრებაშიც იყო რთული პერიოდი, დაშორებულები იყავით. შემდეგ შერიგდით და ახლა, როგორც ვხედავთ, შეხმატკბილებული წყვილი ხართ. გაბუტვის შემთხვევაში, რომელი დგამთ შერიგებისთვის პირველ ნაბიჯს?
- ერთხელ მოხდა, როცა დავშორდით. მას შემდეგ სერიოზული კამათი არ გვქონია. ვფიქრობ, რომ მაშინ მართალი ვიყავი და შერიგების ინიციატივა თორნიკესგან წამოვიდა. ზოგადად, ვფიქრობ, რომ მე ვარ სულ მართალი(იცინის). ჩემი აზრით, პატარ-პატარა გაბუტვები ნებისმიერი წყვილის ცხოვრებაში ნორმალური პროცესია.
- რა რეაქცია გაქვთ, როცა თორნიკეს გულშემატკივრებს შორის ახალგაზრდა გოგონებს ხედავთ?
- ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. უგულშემატკივრონ, ძალიან გამიხარდება. უკვე შევეჩვიე ამ ამბავს (იცინის).
- თავად რას საქმიანობთ?
- ამ ეტაპზე ბავშვებზე ვანაწილებ დროს. ალექსანდრე პირველკლასელია და ძალიან სჭირდება ყურადღება. მუდმივად მიწევს შეხსენება, რომ ბაღში აღარ არის და უფრო მეტი მოეთხოვება.
რუსკა კილასონია სპეციალურად Sportall.ge-სთვის
sports.ru: ოქრიაშვილმა "სევილიას" მაკრატელათი გაურჭო - რით არ არის ბეილი ან რონალდო?
ესპანური პრესა ოქრიაშვილის გოლით აღფრთოვანებულია - გამაოგნებელი და გენიალური იყო
sport-express: ოქრიაშვილი ჯადოქარია - ის მთელს ევროპას გააოცებს!